"თუ დღეს ოპოზიცია კოალიციური მთავრობის კონტურების გამოკვეთას ვერ შეძლებს, ეს არჩევნებზე ოპოზიციურ დღის წესრიგს დააზიანებს" - კვირის პალიტრა

"თუ დღეს ოპოზიცია კოალიციური მთავრობის კონტურების გამოკვეთას ვერ შეძლებს, ეს არჩევნებზე ოპოზიციურ დღის წესრიგს დააზიანებს"

ფრაქცია "ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის" წევრის, სალომე სამადაშვილის განცხადებით, თუ დღეს ოპოზიცია ვერ შეძლებს კოალიციური მთავრობის კონტურების გამოკვეთას, ეს არჩევნებზე ოპოზიციურ დღის წესრიგს დააზიანებს.

როგორც სამადაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ოპოზიციამ საზოგადოებას უნდა აჩვენოს პოტენციალი, რომ არჩევნების შემდეგ კოალიციური მთავრობის ფორმირებას შეძლებს.

"ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ოპიზიციამ, როგორც ჩვენს დასავლელ პარტნიორებს, ასევე საზოგადოებას აჩვენოს, რომ აქვს პოტენციალი, არჩევნების შემდეგ ფორმირება გაუკეთოს კოალიციურ მთავრობას. თუ ჩვენ დღეს ვერ შევძლებთ ოპოზიციური კოალიციური ერთობის კონტიურების გამოკვეთას შემდეგ საპარლამენტო არჩევნებამდე, ვფიქრობ, ეს მხოლოდ დააზიანებს ოპოზიციურ დღის წესრიგს არჩევნებში. ამ მიმართულებით გადადგმული ყველა ნაბიჯი დაგვეხმარება ოპოზიციური ხმების მობილიზებაში", - განაცხადა სამადაშვილმა.

ამასთან, სალომე სამადაშვილმა კიდევ ერთხელ შეაფასა ის, რომ "ნაციონალური მოძრაობა" შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელს არ აწერს და განაცხადა, რომ მისთვის ეს გაუგებარია.

"ნაციონალური მოძრაობის" პოზიცია არის სრულიად გაუგებარი. ისინი საქმიანობენ პარლამენტში, მაგრამ არ უერთდებიან მიშელის დოკუმენტს. ჩვენ ვნახეთ მოწოდებები როგორც ამერიკის შეერთებული შტატების სენატში, ასევე ევროპელი კოლეგებისგან, მათ შორის პრეზიდენტ მიშელისგან, რომ ამ ძალამ უნდა მოაწეროს ხელი შეთანხმებას.

მიმაჩნია, რომ ხალხი, ვინც დღეს შეთანხმებას ხელს არ აწერს, პირდაპირ ეწინააღმდგეება ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების მიერ გატარებულ პოლიტიკას ჩვენს ქვეყანაში. ასე რომ ჩემთვის გაუგებარია, რატომ არ აწერს "ნაციონალური მოძრაობა" ამ დოკუმენტს ხელს",- განაცხადა სამადაშვილმა.