"ეს არის ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება, რომელიც შეიძლებოდა მმართველ გუნდს მიეღო, თუმცა..."
"ეს არის ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება, რომელიც შეიძლებოდა მმართველ გუნდს მიეღო, თუმცა..."
"როგორც ქართულ ფეხბურთში დავტოვე რაღაც ჩემი კვალი, ასევე, მინდა, ქართულ პოლიტიკაშიც შევიტანო ჩემი წვლილი ქვეყნის, ჩვენი შვილების და მათი შვილების საკეთილდღეოდ" , - ამის შესახებ "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" კანდიდატმა კახა კალაძემ თბილისის მერის არჩევნებზე მისი კანდიდატურის წარდგენისას განაცხადა.

"რამდენიმე წლის წინ, თვისობრივად ახალი ეტაპი დაიწყო ჩემს პოლიტიკურ კარიერაში, როცა გუნდმა ქალაქის მერად კენჭისყრა შემომთავაზა... არცერთი წუთით არ შევჩერდები, მუშაობით და თავდაუზოგავი შრომით განვაგრძობ ამ მიზნისკენ სწრაფვას", - აღნიშნა
კალაძემ.

ოპოზიციონერი ლიდერების ნაწილი მიიჩნევს, რომ კალაძეს მოგების შანსი აქვს, ნაწილის აზრით კი - 5-6 ივლისის მოვლენებმა მმართველი გუნდი ისე დააზარალა, რომ ვინც უნდა იყოს, მისი კანდიდატი არჩევნებს ვერ მოიგებს. როგორც ოპოზიციონერი ლიდერები ამბობენ, მერობის საერთო კანდიდატზე ოპოზიციას კონსულტაციები დაწყებული აქვს და კვირის ბოლოს მათი
კანდიდატურის ვინაობაც გახდება ცნობილი. ვის რა უპირატესობა აქვს საარჩევნო მარათონში, ამ კითხვით ანალიტიკოსებს მივმართეთ.

გია ხუხაშვილი:
- "ქართულ ოცნებას" კახა კალაძის გარდა არც ჰყავს სხვა პოლიტიკურა ფიგურა, რომელსაც ნეგატიური რეიტინგი არ აქვს. კალაძეს საკუთარი პოლიტიკური წონაც აქვს, რასაც პარტიული რესურსიც ემატება. შესაბამისად, ეს არის ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება, რომელიც შეიძლებოდა მმართველ გუნდს მიეღო. თუ ოპოზიციაში არსებულ ვითარებას გავითვალისიწინებთ, მისი შანსები ცუდად არ გამოიყურება. თუმცა, ამ ამბავში მთავარი ინტრიგა მეორე ტურია. დიახ, ვფიქრობ, რომ მეორე ტური შედგება, ვინაიდან ადმინისტრაციული რესურსი პლიუს კალაძის პოლიტიკური წონა, საერთო ჯამში 30% იქნება. მეორე ტურში, როდესაც შუა გაიკრიფება, ბევრი რამ იქნება დამოკიდებული იმაზე, თუ ვის დაუჭერს მხარს პირველ ტურში გავარდნილი კანდიდატები და მათი ელექტორატი. კი, ვადასტურებ, რომ კალაძეს უპირატესობა აქვს, მაგრამ გარანტიებზე საუბარი არასწორად მიმაჩნია ქვეყანაში, სადაც ძალიან მარტივად იცვლება სიტუაციები. ახლა სრულიად ახალი ფაქტორი შემოდის, რომელიც კოვიდთან არის დაკავშირებული. ყველაფერი მეტყველებს იმაზე, რომ ოქტომბრისთვის ქვეყანაში ძალიან მძიმე სიტუაცია იქნება, რაზეც პასუხისმგებლობა, რა თქმა უნდა, "ქართულ ოცნებას" დაეკისრება. ხელისუფლება კი შეეცდება, ხალხი დაარწმუნოს, რომ კოვიდის გაგრძელებაც სააკაშვილის ბრალია, მაგრამ არა მგონია, ხალხი ასეთი ბრიყვი აღმოჩნდეს.

- "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა ნიკა მელიამ, თავის დროზე თქვა, რომ ის მერობის კანდიდატი არ იქნებოდა, თუმცა ახლა ვრცელდება მოსაზრება, რომ ოპოზიციური ერთობის კანდიდატი სწორედ მელია იქნება.
- დიახ და არ მიმაჩნია სწორ პოლიტიკურ გადაწყვეტილებად. ნიკა მელია ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარეა და, წესით, პრემიერობაზე უნდა ჰქონდეს პრეტენზია. არ ვიცი, შესაძლოა, არის რამე გარემოება, რის გამოც ის ამ პოზიციას დათანხმდება. რაც უნდა ვილაპარაკოთ მესამე ძალაზე, ჯერჯერობით მაინც ორი ძლიერი პოლიტიკური ცენტრი რჩება. თუმცა, უახლოეს მომავალში, შესაძლოა, გახარიას პოლიტიკური გუნდი გახდეს მესამე პოლიტიკური ცენტრი. გახარიამ რადიკალურად შეცვალა ის მავნე მატრიცა, რაშიც ჩვენ დღემდე ვცხოვრობდით, - ყოველ არჩევნებზე ხდებოდა შუას გაკრეფა. ამჯერად გახარიას ფაქტორი ხელს შეუშლის ამ პოლიტტექნოლოგიურ ვირეშმაკობას. ეს კარგი იქნება პოლიტიკური პროცესის გახსნისთვის.

თორნიკე შარაშენიძე:
- კალაძესთან დაკავშირებით უამრავი მითქმა-მოთქმა ვრცელდებოდა, სინამდვილე არც ერთი არ აღმოჩნდა. "ქართულმა ოცნებამ" მერობის კანდიდატად დაასახელა კალაძე. ეს მოსალოდნელიც იყო, მოდი, სიმართლე ვთქვათ: მმართველი გუნდი არ არის განებივრებული ძლიერი პოლიტიკური ფიგურებით, კალაძე ყველაზე კარგი არჩევანი იყო. რაც შეეხება მის შანსებს, ოპოზიცია, სავარაუდოდ, მერობის ერთიან კანდიდატს ვერ დაასახელებს, ამასთან, კალაძის მხარეს იქნება ადმინისტრაციული რესურსი. ასე რომ, მშვენიერი შანსები აქვს.

- როგორ გგონიათ, მელია ვერ გაუწევს კალაძეს ღირსეულ კონკურენციას?
- მელია საკმაოდ ძლიერი კანდიდატია, მაგრამ ნუ დაგვავიწყდება, რომ მას აქვს "ჩამკეტი" "ნაციონალური მოძრაობის" სახით. შესაბამისად, ოპოზიცია ერთიან კანდიდატზე ვერ შეთანხმდება. რა თქმა უნდა, ოპოზიციონერ კანიდატებს შორის მელია ყველაზე მეტ პროცენტს აიღებს, მაგრამ ცოტა უფრო მეტს აიღებს მმართველი გუნდის კანდიდატი, გაიმარჯვებს ისევ "ქართული ოცნება" და წავალთ ისევ ძველ წრეზე.

- ფიქრობთ, რომ 5-6 ივლისის მოვლენები თვითმართველობის არჩევნების შედეგებზე გავლენას ვერ მოახდენს?
- კახა კალაძე ყველაზე ნაკლებად არის დაკავშირებული 5-6 ივლისის მოვლენებთან, ამიტომ მგონია, რომ ეს არანაირად არ იმოქმედებს არჩევნების შედეგებზე.

ხათუნა ბახტურიძე (სპეციალურად საიტისთვის)

ადამიანი
23 ივლისი 2021 21:08
ესე არც ბოკერია და მელია არის დაკავშირებული წინა ხელისუფლების შეცდომებზე და დანაშაულზე. პრინციპში სწორი შეფასებაა. პოლოტიკოსის შეცდომით ან დანაშაულით არ შეიძლება მუდამ აკრიტიკო პოლიტიკური პარტია. ანუ, წარმოდგენა არ გვაქვს და არც გამოცდილება დამოუკიდ.ცხოვრების
პატრიოტი 2
22 ივლისი 2021 10:43
კალაძე-მერი რომელმაც ცოცხი ნაძვის ხედ გაასაღა, კალაძე- რომლის დოსაც თბილისის ჩაბეტონებამ არნახულ მაშტაბებს მიაღწია, კალაძე- მერი რომელმაც ნაგავშიც კი ფული აკეთა, კალაძე-გაუზრდელობის და ნარცისიზმის გამორჩეული ნიმუში, გამოქანების სპეციალისტი. კალაძე -წინა ხელისუფლების გამორჩეული მეხოტბე და მერე გამორჩეული მაგინებელი, კალაძე-პანდემიის დროს ქუჩების მრეცხავი( უაზრობა),კალაძე- ბიუჯეტის ფულის არნახული მხარჯველი. არ არის საკმარისი? შემიძლია კიდევ გავაგრძელო, მაგრამ მეზარება კლაძეზე ამდენი დროის დახარჯვა!!!
ნანა
22 ივლისი 2021 07:39
ხუხა შენ ხომ არ გეცადა ბედი აა

რუბრიკის სხვა სიახლეები
თვის კითხვადი სტატიები