"ინტელექტუალური რესურსი, რომელიც სჭირდება მმართველობით სისტემას, ოპოზიციას არ გააჩნია" - კვირის პალიტრა

"ინტელექტუალური რესურსი, რომელიც სჭირდება მმართველობით სისტემას, ოპოზიციას არ გააჩნია"

პოლიტიკური სუბიექტები, რომლებიც გუშინ "ნაციონალური მოძრაობის" სატელიტად მოიაზრებოდნენ, ხვდებიან, რომ პოლიტიკური გადარჩენისთვის საკუთარი პროგრამის წარმოჩენაა საჭირო - არ შეიძლება "ნაცმოძრაობის" კანდიდატს დაუდგნენ მაშინ, როცა იციან, რომ სისხლიანი დანაშაულები აქვთ ჩადენილი,- ასე პასუხობს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი კითხვას, რამდენად შეძლებს ოპოზიცია საერთო კანდიდატის წარმოდგენას და რამდენად გაუწევს ოპოზიციის კანდიდატი კონკურენციას კახა კალაძეს.

ვოლსკი მიიჩნევს, რომ ოპოზიცია თვითმმართველობის არჩევნებისთვისაც დესტრუქციის გზას აირჩევს.

"მე არ ვფიქრობ, რომ ჯანსაღი კონკურენციის გზით წავა ოპოზიცია, მითუმეტეს, ინტელექტუალური რესურსი, რომელიც სჭირდება მმართველობით სისტემას, ოპოზიციას არ გააჩნია. ასე რომ, მე ვფიქრობ, კვლავ დესტრუქცია და დეზინფორმაციის გავრცელება იქნება მათი მთავარი იარაღი. მნიშვნელოვანია, რომ მედიამ იმუშაოს ინტენსიურად სწორი ინფორმაციის მოპოვებასა და გავრცელებაზე, თუმცა ამის დიდ სურვილს ვერ ვხედავ.

რესურსი ყოველთვის მოიძებნება, როცა დესტრუქციაზე, აგრესიაზე და დაპირისპირებაზეა საუბარი, ამის რესურსი ნამდვილად გააჩნია ჩვენს ოპონენტებს, მათ შორის მელიას. პოლიტიკური სუბიექტები, რომლებიც გუშინ "ნაციონალური მოძრაობის" სატელიტად მოიაზრებოდნენ, ხვდებიან, რომ ასეთი სადისტური მმართველობის გამეორება და ამ თემის ჩხრდილში მოქცევა შეუძლებელი იქნება, საზოგადოებას ეს ახსოვს, აქედან გამომდინარე, პოლიტიკური გადარჩენისთვის საკუთარი პროგრამის წარმოჩენაა საჭირო და ეს ეხება კონკრეტულ ადამიანებს, არ შეიძლება "ნაცმოძრაობის" კანდიდატს დაუდგე მაშინ, როცა ზუსტად იციან, რომ სისხლიანი დანაშაულები აქვთ ჩადენილი", - განაცხადა ვოლსკიმ.

იგი გამოეხმაურა "ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან ეთიკის საბჭოში ქალი დეპუტატების მიმართ განხორციელებულ ქმედებებზე საჩივრის წარდგენას:

"მე არ მგონია, რომ დიდად ეთიკურია სამუშაო მაგიდაზე შეხტომა და საერთოდ ის ატმოსფერო, რომლის დამკვიდრებას ზოგიერთი დეპუტატი ცდილობს".

ვოლსკი მიიჩნევს, რომ სწორედ ის პერფორმანსებია აგრესიული, რომელსაც ოპოზიცია წარმოადგენს და საზოგადოება ამით დაიღალა.

"თუკი, ვინმეს რაიმე პრეტენზია გააჩნია, ეს არის ქართული საზოგადოება, რომელიც დაიღალა ამდენი აგრესიის ყურებით. აგრესია ზღვარგადასული მათ შორის, ასეთი კონკრეტული მოქმედებებით, რომელსაც რატომღაც პერფორმანსი ეწოდება, არის ის, რაც პარლამენტს ახასიათებს დღეს და არავინ ყურადღებას არ აქცევს, რამდენად მნიშვნელოვანია ეს თუ ის კანონი თუ კანონის პროექტი,"- განაცხადა ვოლსკიმ.

გია ვოლსკი ჟურნალისტებთან ამერიკელი სენატორის ჯიმ რიშის განცხადებებსაც ეხმაურება:

"სენატორ ჯიმ რიშს ინფორმაციის დაუზუსტებლობა კარგი მხრიდან არ წარმოაჩენს"

მისი თქმით, 5 ივლისს ჟურნალისტების წინააღმდეგ მომხდარი ძალადობა ემსახურება იმას, რომ საქართველოს შესახებ არასწორი წარმოდგენა შექმნილიყო.

"რასაკვირველია, უკან გადადგმული ნაბიჯია, როცა ოპოზიციური სპექტრი გადაწყვეტს, რომ თავის პოლიტიკურ მიზანს დესტრუქციით მიაღწიოს. რიშს ინფორმაციის დაუზუსტებლობა კარგი მხრიდან არ წარმოაჩენს, მხედველობაში მაქვს ის, რომ ოპოზიციური განწყობის მქონე მედიის მიერ დაქირავებული ექსპერტიც მიუთითებს, რომ კონკრეტული ოპერატორის გარდაცვალება არ არის კავშირში იმ ძალადობასთან, რაც სამწუხაროდ მოხდა. რაც შეეხება ჟურნალისტების მიმართ ძალადობას, ესეც მგონია, გარკვეული კონსპირაციის ნაწილი, რაც მიმართული იყო იმისკენ, რომ საზოგადოებას არასწორი წარმოდგენა შექმნოდა საქართველოში მიმდინარე პროცესებზე" - განაცხადა ვოლსკიმ.

"ინტერპრესნიუსი"