"ვისაც არ მოსწონს თაკო ჩარკვიანის ეს პოზიცია, ცივი წყალი დალიოს. მე ვიცი, რომ ჩემს ქვეყანას ვკარგავ"
"ვისაც არ მოსწონს თაკო ჩარკვიანის ეს პოზიცია, ცივი წყალი დალიოს. მე ვიცი, რომ ჩემს ქვეყანას ვკარგავ"
"კანონი და სამართლის" ლიდერი, დეპუტატი თაკო ჩარკვიანი არ ადასტურებს საზოგადოებაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ შესაძლოა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მან მერობისთვის იბრძოლოს. ამბობს, რომ თვითმმართველობის არჩევნებზე მონაწილეობის მიღებას არ აპირებს, რადგან მერობის სურვილი არც არასდროს ჰქონია. თუმცა ადასტურებს, რომ მისი კანდიდატურა განიხილებოდა.

- ქალბატონო თაკო, უკვე ცნობილია, რომ "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატი ისევ კახა კალაძე იქნება, მის წარდგენას ელოდით?
- მე ველოდი რომ კალაძეს წარადგენდნენ, იმიტომ, რომ ოლიგარქიული მმართველობის დროს რამის შეცვლა და
რამეზე უკან დახევა არ ხდება. ისტორიას გადახედონ ადამიანებმა და ამას ნახავენ. ოლიგარქია ყოველთვის გამოირჩევა სტაბილური აღვირახსნილობით. ეს არის ოლიგარქიული მმართველობა, ის არაფერს შეცვლის. არ ჩაატარებენ სასამართლო რეფორმას, რადგან ქვეყანაში არის კორუფცია და კორუფციულ სისტემას ყველა ქვეყანაში კლანური სასამართლო და ჯიბის პროკურატურა იცავს. ეს ამ სისტემის
თანმდევი ნაწილია. შესაბამისად, კორუფციულ სქემებში გასული ველის შეცვლა არაფერში არ სჭირდება ოლიგარქიულ მმართველობას. ეს იყო ძალიან მარტივი ლოგიკა და ვამბობდი კიდეც, რომ აუცილებლად ისევ კახა კალაძის კანდიდატურას დააყენებდნენ. ეს არ სჯეროდა ოპოზიციური სპექტრის უმეტესობას, მაგრამ, აგერ, ბატონო, ფაქტი სახეზეა.

- ვრცელდება ინფორმაცია, რომ თქვენი კანდიდატურა განიხილებოდა ამ თანამდებობაზე, ხომ არ აპირებთ მერობისთვის ბრძოლას?
- არარსებულია. ირმას გეფიცებით და ჯანსუღის სულს გეფიცებით, არც განიხილება და არც მე განვიხილავ. არასდროს მიფიქრია, არც ერთი წუთით, არც ახლა ვფიქრობ. თუ ვიღაცამ რაღაც სურვილი დაინახა, ეს მხოლოდ თუ გაგახარებს ადამიანს. ვიცი, რომ განიხილებოდა, ვიცი ამის შესახებ, რადგან ჩემთან მოსულები იყვნენ, მაგრამ გულწრფელად გეუბნებით, მე არ მიფიქრია ამაზე არასდროს. მე დავუჭერ მხარს იმ ადამიანს, იმ კანდიდატს, ვისაც დასავლური ვექტორი გადაწყვეტს, რომ იყოს გაერთიანებული ოპოზიციიდან. სულ განვიხილავ, საერთო კანდიდატზე შევთანხმდეთ და ვჩხუბობ კიდეც ამაზე, რომ შევჯერდეთ საერთო კანდიდატზე-მეთქი. თუ გინდათ დავარქვათ სახელი ოპოზიციას და შედეგი დადგეს, საერთო კანდიდატი უნდა წარვადგინოთ. ეს არის გამოსავალი. ლუსტრაცია უკვე მომხდარია, ალეკო ელისაშვილს ოპოზიციას ნუ დავარქმევთ. ვნახეთ კვორუმი შეუქმნა იმ დღეს უმრავლესობას, დამთავრდა, ყველაფერი სახეზეა. ვიგონებ სისულელეს? ან ვინ თქვა, რომ მაინცდამაინც 15 ლიდერი სჭირდება, ბევრი უნდა იყოს, ეს სტატისტიკა საიდან არის? რუსეთთან ბრძოლაში დასავლეთისკენ ორიენტირებული ღირებულებებით სავსე 6 ლიდერი თუ გვეყოლება სახელმწიფოებრიობისთვის რუსეთ-საქართველოს ბრძოლაში, ეს ქვეყანას ყელში გადაუვა. რაში გჭირდება ბიძინა ივანიშვილის მოგონილი ოპოზიცია, რომელიც ხონჩით მიუტანს ბიძინას ხმებს. ეს გააკეთა ელისაშვილმა, შეუქმნა "ოცნებას" ქვორუმი.

- ოპოზიიცის ლიდერებს საბოლოოდ შერჩეული გყავთ კანდიდატი?
- მიდის საქმე კონსენსუსისკენ. ერთ კანდიდატზე აუცილებლად უნდა შევჯერდეთ. პატარა ამბიციებს რომ გადავაყოლოთ ქვეყანა, ეს არ შეიძლება. მე ვთქვი, არავის ფეხებში არ გავედები ამ ბრძოლაში, ოღონდ მიზანი იყოს მიღწეული. საქართველოს სახელმწიფოებრიობის გადარჩენაზეა აქ საუბარი. დღეს რუსეთ-საქართველოს ომია, ამას რამდენი ხანია, ვიძახი კიდეც ტელევიზიით. ახლა ყველა დარწმუნდა, რომ მართალი ვიყავი.
ნიკა მელიაზე არის დიდი ხანია საუბარი და სიამოვნებით მივემხრობი ნიკა მელიას. ერთ-ერთმა პოლიტიკოსმა თქვა, ვერ ვხედავ კანდიდატურას, რომ კონკურენცია გაუწიოსო. მე რომ ვამბობ, არ არიან ოპოზიცია და გაიგეთ-მეთქი, და არავის სჯერა, ახლა ხომ კარგად დაიჯერეს! ნიკა მელიას კანდიდატურა განიხილება და, სავარაუდოდ, ის იქნება, სხვა კონკრეტული არ ვიცი. თუ "ნაციონალური მოძრაობის" მომხრეობაზეა საუბარი, იმაზე დიდი მომხრე, ვიდრე კალაძე იყო "ნაციონალური მოძრაობის", 5-იანს, რომ გვიჩვენებდა, კარგად გვახსოვს. გირგვლიანის ტრაგედია მომხდარი იყო უკვე, ნიკა მელია ჩემ გვერდით მახსოვს 7 ნოემბრის დროს, როცა მე გირგვლიანის ამბავს ვაპროტესტებდი, მაგრამ კახა კალაძე იქ არ მახსოვს. ვერაფრით მოხდება ნიკა მელიას ასოცირება სისხლიან 9 წელთან. კახა კალაძე კი მახსოვს, რომ ზუსტად იმ დროს იყო მომხრე "ნაციონალური მოძრაობის".

- ძალიან ცოტა დრო დარჩა თვითმმართველობის არჩევნებამდე, ეს დრო რამდენად ეყოფა ოპოზიციას საარჩევნო კამპანიისთვის და თქვენ თუ დაიწყეთ უკვე მუშაობა არჩევნებისთვის?
- უკვე დავიწყეთ მუშაობა. არ მინდა პესიმისტი ვიყო. თუ პრინციპულად წავა ყველაფერი და ეყოფათ დროც და იქნება გამარჯვებაც. თუ ასე, არარსებულ საბანს იყოფენ და აპირებენ, ვუთხარი კიდეც მათ, მაშინ შიშვლები დარჩებით-მეთქი. ვისაც არ მოსწონს თაკო ჩარკვიანის ეს პოზიცია, ცივი წყალი დალიოს. მე ვიცი, რომ ჩემს ქვეყანას ვკარგავ, ვკარგავ საქართველოს სახელმწიფოებრიობას. სახელმწიფო არის ფული, ხალხი და ჯარი. ფული დევალვირებულია, ხალხი აუცრელია და სასიკვდილოდ განწირული, მშიერია, ჯარი კი - განადგურებული. სახელმწიფო აღარ გვაქვს.

- ამ დღეებში პარლამენტში დიდი აურზაური იყო, გომელაურის მოსმენა ჩაიშალა და ვნახეთ, რაც ხდებოდა, ამაზე რას იტყვით?
- ამჯერად სწორად გამოვიყენეთ ბლოკირება. ევროპამ გაიგო ჩვენი პროტესტი. 5-6 ივლისის ამბები იყო მზაკვრული გეგმა. თქვენ ნახეთ კიდეც, ალბათ, ის კადრები, პოლიცია როგორ უკეთებს მოძალადეებს კორიდორს, იმ კადრებიდან ჩანს, რომ სახელმწიფო მანქანა ჩართულია. კონსტანტინე მორგოშია როგორ შედის და პოლიცია როგორ დგას, ესეც ვნახეთ. ამაზე თვალის დახუჭვა არ შეიძლება. ამჯერად სწორად გამოვიყენეთ ტრიბუნა ოპოზიციამ. როდესავ გომელაური მოდის, შენ არაფერი გააპროტესტო, ეს წარმოუდგენელია. მეც მივიჩნიე სწორად, რომ უნდა შევსულიყავით და მოგვეწყო ის, რაც მოვაწყვეთ, ეს სწორი იყო. 53 ჟურნალისტია ნაცემი და რა კითხვა უნდა დაუსვა გომელაურს და რა უნდა მიპასუხოს მან. ვთქვათ, არ მოგეწონა "ნაციონალური მოძრაობის" პროტესტი და "კანონი და სამართლის" პროტესტი, სხვა დეპუტატები ხომ იყვნენ იქ, იქ ხომ რჩებოდა ოპოზიცია, მათ ხომ ჰქონდათ კითხვები და ეპასუხათ მათთვის, მაგრამ თავად უმრავლესობას სურდა ამ კრების ჩაგდება. ვაშაძის ფრაქცია და "ლელოს" ფრაქცია დარბაზში იჯდა და მათ კითხვებზე გაეცათ პასუხი. ჩვენ გვქონდა პროტესტი და გამოვედით. ელისაშვილი და "გირჩის" ნაწილი მათ კვორუმს უქმნის. კი არ ვერჩი იმათ არაფერს, ვამბობ, რომ ესენი არ არიან ოპოზიცია.
რაც შეეხება უმრავლესობის დეპუტატების - პაპუაშვილის და ზარქუას ქცევებს, რაც ვნახეთ, ეს საზიზღრობა იყო. ისინი ქალებზე ძალადობდნენ. რომელ ტრადიციაზე ვლაპარაკობთ. სამარცხვინოდ გამოიყურებოდა უმრავლესობის დელეგაცია, რაც მაგათმა ბოკუჩავას გაუკეთეს, ამაზე დიდი საშინელება არ მინახავს.

- ჟურნალისტების პროტესტი ისევ გრძელდება ხელისუფლების გადადგომის მოთხოვნით, თუმცა ვხედავთ, რომ ხელისუფლება ამას არ აპირებს, როგორ განვითარდება მოვლენები?
- არ გადადგამს ხელისუფლება ამ ნაბიჯს. ეს არ არის ვინმესთვის ნიშნის მოგება და ამოჩემება, ამას ვამბობ გამოცდილებით, იმით, რაც მისწავლია და მაქვს პოლიტიკური ინფორმაცია. დღეს სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლაა რუსეთ-საქართველოში. რუსეთი ვიყავი და რუსეთი აღარ ვარ, ასე არ გამოვა. ჩახედეთ მათ პროგრამას და თუ იმ პროგრამაში წერია დასავლური შეიარაღების ძალების გაყვანა იმ საქართველოდან, რომელიც არც ნატოს და არც ევროკავშირის წევრი არ არის, რუსეთზე მუშაობ, აბა, ვისზე მუშაობ?!

- შარლ მიშელი კიდევ ერთხელ ჩამოვიდა საქართველოში და მისი განცხადებებიც მოვისმინეთ, რა შეფასებას გაუკეთებთ?
- შარლ მიშელი დიპლომატია, თუმცა ძალიან შემაშფოთა მისმა ერთმა ფრაზამ. თქვა, თაობა გაშორებთ ევროკავშირსო. ეს იყო იმ გეგმის ნაწილის შესრულება, რაც ივანიშვილის ხელისუფლებამ მიზნად დაისახა, რომ დაენახვებინა, საქართველოში ცხოვრობენ ველურები და ამ აზროვნების ქვეყანა არ უნდა მიიღონ ევროკავშირში. ეს იყო მისი გეგმის ნაწილი, ახლა ვნახოთ, როგორ ვივაჟკაცებთ და როგორ შევებრძოლებით ამას და როგორ დავუმტკიცებთ ევროპას, რომ ჩვენ მხოლოდ დასავლური კურსი გვჭირდება.

(სპეციალურად საიტისთვის)

ინა ორჩხიძე
25 ივლისი 2021 10:24
ქ.თამარ ნუ გვაყვედრით პატრიოტიზმს და სამშობლოს სიყვარულს.
ყველას
23 ივლისი 2021 12:49
ზუსტად თაკო ჩარკვიანის ნაირი ვაი პოლიტიკოსი რომ დაინახა მაგიტომ თქვა მიშელმა რაც თქვა. რა ჰგონია ამ ქალს რომ მართლა ჭკვიანია/, ასეთი სულელი ნამდვილად არავინა მაგ ოპოზიციაში. არ დაბლოკოთ ეს აზრია და მაქვს უფლება იგი მქონდეს.

რუბრიკის სხვა სიახლეები