"ღარიბაშვილის განცხადება ნიშნავს, რომ საერთოდ არავის აღარ დააკავებენ" - კვირის პალიტრა

"ღარიბაშვილის განცხადება ნიშნავს, რომ საერთოდ არავის აღარ დააკავებენ"

ჩვენ გვექნება შიდაფრაქციული კონსულტაციები საგამოძიებო კომისიასთან დაკავშირებით, თუმცა, ნამდვილად ვფიქრობ, რომ უნდა დადგინდეს, რა მოხდა რეალურად, ხელისუფლების წარმომადგენლებმა პასუხი გასცენ იმ მწვავე კითხვებს, რომელსაც თავი აარიდა შს მინისტრმა,- ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ხატია დეკანოიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც გამოეხმაურა "შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფის" ინიციატივას, შეიქმნას საგამოძიებო კომისია, რომელიც 5-6 ივლისის მოვლენებს გამოიძიებს.

დეკანოიძე ფიქრობს, რომ გამოძიება ობიექტური არ არის და მნიშვნელოვანია, დადგინდეს ხელისუფლებასა და ძალადობრივ ჯგუფებს შორის კავშირი.

"კონსულტაციების შემდეგ ნამდვილად მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იქნება. გამოძიება რომ არ მიდის ობიექტურად, ჩვენ ამის ძალიან ბევრი მაგალითი ვნახეთ, მათ შორის ეს იყო შს მინისტრი, რომელიც გაექცა კითხვებს მედიის პროტესტის გამო, მაგრამ დღეს ძალიან ნიშანდობლივი განცხადება გააკეთა პრემიერ - მინისტრმა ღარიბაშვილმა, რომელმაც თქვა, რომ ყველა დააკავეს უკვე, ვინც დანაშაულში ეჭვმიტანილი იყო. ეს ასე არ არის, 27 ადამიანის დაკავება მაშინ, როცა 53 ჟურნალისტია დაშავებული, მაშინ, როცა მხოლოდ ერთ ეპიზოდში ლექსო ლაშქარავას ცემის ეპიზოდში, რომელსაც მერე შეუწყდა სიცოცხლის უფლება, მონაწილეობდა 20 -ზე მეტი ადამიანი. ღარიბაშვილის განცხადება ნიშნავს იმას, რომ საერთოდ არავის აღარ დააკავებენ, მე ვფიქრობ, მნიშვნელოვანია კავშირების დადგენა ხელისუფლებას და ძალადობრივ ჯგუფებს შორის", - განაცხადა დეკანოიძემ.

"ინტერპრესნიუსი"