"თუ კალაძე ძალიან გაერთო სხვა კონკურენტების შეურაცხყოფით, შეიძლება იმდენად გააბრაზოს სხვა პარტიების ელექტორატი, რომ მელიასკენ გადაიხარონ" - კვირის პალიტრა

"თუ კალაძე ძალიან გაერთო სხვა კონკურენტების შეურაცხყოფით, შეიძლება იმდენად გააბრაზოს სხვა პარტიების ელექტორატი, რომ მელიასკენ გადაიხარონ"

მეორე ტურის ალბათობა მაღალია, თუ კახა კალაძე ძალიან გაერთო სხვა კონკურენტების შეურაცხყოფით, შეიძლება იმდენად გააბრაზოს სხვა პარტიების ელექტორატი, რომ მელიასკენ გადაიხარონ, - ასე გამოეხმაურა პოლიტიკური ექსპერტი, გია ხუხაშვილი "ინტერპრესნიუსთან" ოპოზიციის ერთი ნაწილის გადაწყვეტილებას, რომ მერობის კანდიდატი თბილისში ნიკა მელია იქნება, საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი ელენე ხოშტარია, ხოლო ზურაბ ჯაფარიძე ვიცე მერად განიხილება.

როგორც ხუხაშვილი აღნიშნავს, აღნიშნული კანდიდატები 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებში, ფინალში გავლენ, თუმცა ძნელი სათქმელია, როგორი იქნება ეს ფინალი.

"ამ არჩევნების ამოცანა იმდენად არ უკავშირდება მერის პოზიციას, რამდენადაც სავარაუდო რიგგარეშე არჩევნების დანიშვნას. რაც შეეხება მათ შანსებს, ისინი ფინალში არიან, მაღალი ალბათობით ფინალში გავლენ. ეს ფინალი როგორ დასრულდება ძნელი სათქმელია. თავს შევიკავებდი პროგნოზებისგან, დინამიკაში უნდა განვიხილოთ ყველაფერი, ბევრი ფაქტორია შემოსული, იგივე კოვიდთან დაკავშირებული ვითარების ზემოქმედება ამ ყველაფერზე, ჩვენ არ ვიცით, ოქტომბრისთვის რა ვითარება გვექნება. გარდა ამისა, ვხედავთ, რომ ძალიან სერიოზული ლოკალური დაპირისპირებაა. გასაგებია, რომ კალაძე ერთი შეხედვით ფავორიტად გამოიყურება. იქიდან გამომდინარე, რომ ხელისუფლების პოზიციები დეგრადირებს ყველა მიმართულებით, სერიოზული სახელმწიფოებრივი პრობლემებია, ამან შეიძლება თავისი როლი ითამაშოს. გარდა ამისა, ძალიან მნიშვნელოვანია, რას იზამს გიორგი გახარია. თუ გახარიამ, თავისი ფალავანი შემოიყვანა ამ თამაშში, ეს კონიექტურას სერიოზულად შეცვლის. მეორე ტური გარდაუვალი იქნება, მეორე ტურთან დაკავშირებული პერიპეტიებიც უფრო ნაკლებად პროგნოზირებადი გახდება.

ალბათ, ბევრი კანდიდატი იქნება. "ლელო" და "სტრატეგია აღმაშენებელი" არ შეუერთდა ამ ოპოზიციურ ერთობას. ისინიც ალბათ, წარადგენენ კანდიდატებს. ეს იმუშავებს ხელისუფლების წინააღმდეგ. ისინი ძირითადად მაინც კალაძეს წაართმევენ ხმებს, შესაბამისად, მეორე ტურის ალბათობა მაღალია, მხარეების მთავარი საფიქრალია პირველი ტურის შემდეგ, თამაშგარეთ დარჩენილი კანდიდატების ელექტორატის მოზიდვას რომელი მხარე შეძლებს. კამპანიაც როგორც ერთი, ისე მხრიდან უნდა იყოს უფრო მეორე ტურზე ორიენტირებული, ვიდრე პირველზე.

თუ კახა კალაძე ძალიან გაერთო სხვა კონკურენტების ნეგატიური შეურაცხყოფით, ვხედავთ, რომ ხელისუფლებას არ უჭირს თავისი კონკურენტების შეურაცხყოფა და სიძულვილის ენით ელაპარაკება, შეიძლება იმდენად გააბრაზოს სხვა პარტიების ელექტორატი, რომ მელიასკენ გადაიხარონ, ან პირიქით მოხდეს. ბევრი ფაქტორია გასათვალისწინებელი.

ალბათ, გარკვეული უპირატესობა აქვს კახა კალაძეს, რაც ადმინისტრაციულ რესურს, გარკვეულ ტექნოლოგიებს და მატრიცას, "ანტიმიშას" გულისხმობს", - აღნიშნავს ხუხაშვილი.

ცნობისთვის, თბილისში ოპოზიციის ერთი ნაწილის მერობის კანდიდატი ნიკა მელია, საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი ელენე ხოშტარია იქნება, ზურაბ ჯაფარიძე კი ვიცე-მერად განიხილება.