"მიჩნდება აზრი, რომ სააკაშვილს მელია დიდად გულზე არ ეხატება... არველაძეების მიმართ პოზიტიურად ვარ განწყობილი, მაგრამ..."
26-07-2021
"მიჩნდება აზრი, რომ სააკაშვილს მელია დიდად გულზე არ ეხატება... არველაძეების მიმართ პოზიტიურად ვარ განწყობილი, მაგრამ..."
"მიჩნდება აზრი, რომ სააკაშვილს ნიკა მელია დიდად გულზე არ ეხატება. მეტიც, როგორც ძალზე დამოუკიდებელ ფიგურას არ ენდობა. შესაბამისად, მისი დამარცხება შესაძლოა დიდად არც ეწყინოს. არ არის გამორიცხული, ეს გამოიყენოს სწორედ მის ჩასაჩოჩებლად"

როგორც მოსალოდნელი იყო, მმართველმა გუნდმა თბილისის მერობის კანდიდატად კახა კალაძე დაასახელა. ექსპერტთა აზრით, ეს სწორი გადაწყვეტილებაა, რადგან მოქმედი მერის დამარცხება რთული იქნება, მით უფრო იმის გათვალისწინებით, რომ ის მმართველ გუნდში, ალბათ, ყველაზე მძიმეწონიანი ფიგურაა. მალევე ცნობილი გახდა ისიც,
რომ ოპოზიციის დიდი ნაწილი, როგორც ჩანს, არ დაუჭერს ნიკა მელიას კანდიდატურას მხარს და რიგი პოლიტიკური ძალები დედაქალაქის მერობისთვის ინდივიდუალური კანდიდატებით იბრძოლებენ. "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელიას ჯერჯერობით ზურგს თავისი პარტია, ელენე ხოშტარია, რომელიც მელიამ საკრებულოს თავმჯდომარეობს კანდიდატად წარადგინა, და ორგანიზაცია "გირჩი" - მეტი თავისუფლებისთვის"
უმაგრებენ, რომლის თავმჯდომარე ზურაბ ჯაფარიძე ვიცე-მერობის კანდიდატად დასახელდა. როგორც ნიკა მელიამ განაცხადა, "ნაციონალური მოძრაობა" თბილისში არც ერთ რაიონში არ დაასახელებს მაჟორიტარ კანდიდატებს და მხარს დაუჭერს ოპოზიციის საერთო კანდიდატებს.

სწორედ თბილისის მერობისთვის მოსალოდნელ ბრძოლაზე საუბრით დავიწყეთ ინტერვიუ ექსპერტ მამუკა არეშიძესთან.


- გასაკვირი არავისთვის იქნებოდა კახა კალაძის დასახელება, რადგან ერთ-ერთი ყველაზე რეიტინგული ფიგურაა "ქართულ ოცნებაში". შესაძლოა მერობის პერიოდში კახა კალაძეს ქალაქის იერის ცვლილებაში მნიშვნელოვანი გარღვევა არ მოუხდენია, დაუშვა შეცდომებიც, მაგრამ მოახერხა მუდმივად აქტიური ყოფილიყო, ეკეთებინა დიდი თუ პატარა საქმეები და თან ისე, რომ ამის თაობაზე დედაქალაქელებს ყოველდღიურად ჰქონოდათ ინფორმაცია. მან საზოგადოებასთან ურთიერთობის თვალსაზრისით ძალიან სწორი და მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა. მოკლედ, რეიტინგული პოლიტიკოსია. უპირველესად ვგულისხმობ მის პირად რეიტინგს და არა საზოგადოდ მმართველი ძალისას. ამ ყველაფერს თუ გავითვალისწინებით, მისი დამარცხება ძალიან ძნელი იქნება...

რაც შეეხება ოპოზიციას, მისი ნაწილი მიხვდა, როგორც ჩანს, რომ აქცენტის გაკეთება "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელზე მარცხით დასრულდება. შესაბამისად, ჩვენ ნიკა მელიას წარდგენისას მასთან ერთად სხვა ოპოზიციური ძალები, ფაქტობრივად, ვერ ვნახეთ. ისინი, როგორც ჩანს, საკუთარ კანდიდატებს დაასახელებენ. თვითონ "ნაციონალურმა მოძრაობამ" სცადა, რომ მელია თითქოს კოალიციურ კანდიდატად წარმოედგინა, რადგან საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატად ელენე ხოშტარია დასახელდა. მათთან ერთად არის ზურაბ ჯაფარიძეც, მაგრამ ეს ხალხი თავის დროზე სწორედ "ნაციონალურ მოძრაობას" წარმოადგენდნენ და მაინცდამაინც შორს არც წასულან.

ჩემი აზრით, ჯობდა ოპოზიციის დიდი ნაწილი თბილისში მაინც წარმოდგენილი ყოფილიყო საერთო კანდიდატით. ასეთ შემთხვევაში წარმატების მეტი შანსი ექნებოდათ, მაგრამ ეს არავითარ შემთხვევაში არ უნდა ყოფილიყო "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელი. ნიკა მელია რომ არ იყოს ამ პარტიის თავმჯდომარე, შეიძლებოდა ამ გეგმას გაემართლებინა კიდეც, მაგრამ ის, როგორც "ნაცმოძრაობის" ლიდერი, ჩვენი საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილისთვის მიუღებელია. თუმცა ოპოზიციის დაქსაქსვაც ამცირებს მათი წარმატების შანსს.
ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, ოპოზიცია წინასწარ შეეგუა იმ აზრს, რომ კახა კალაძეს თბილისის მერობის თანამდებობაზე ვერ შეეცილებიან, თუმცა ბრძოლა ძალიან მძიმე იქნება.


საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ქვეყანას, პრაქტიკულად, ერთი დღე არ უცხოვრია მშვიდად. ჩვენ ვცხოვრობთ თითქმის ფსიქოლოგიურ ტერორში, რომელიც ცუდად მოქმედებს საზოგადოებაზე, ზრდის პოლიტიკისადმი ნიჰილიზმის ხარისხს.
ვფიქრობ, 5 ივლისის შემდეგ კიდევ უფრო მძიმე პროცესები დაიწყო საზოგადოებაში. განსაკუთრებით გაიზარდა პოლარიზაციისა და რადიკალური დაპირისპირების ხარისხი. კლასიკური ენტროპიის რეჟიმში ვცხოვრობთ, როდესაც საზოგადოების გახლეჩა და დაპირისპირება ხელოვნურად ხდება. ეს ჩვენ უკვე გავიარეთ 90-იანი წლების დასაწყისში და აღარ მეგონა, თუ ისევ ასეთ გზას დავადგებოდით.
აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, მომავალ არჩევნებზე სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლის მოწმეები გავხდებით, რაც ქვეყნის წინაშე არსებულ უსერიოზულეს გამოწვევებს უფრო მეტად გაართულებს.

როგორც შორიდან დამკვირვებელს, მიჩნდება აზრი, რომ სააკაშვილს ნიკა მელია დიდად გულზე არ ეხატება. მეტიც, როგორც ძალზე დამოუკიდებელ ფიგურას არ ენდობა. შესაბამისად, მისი დამარცხება შესაძლოა დიდად არც ეწყინოს. არ არის გამორიცხული, ეს გამოიყენოს სწორედ მის ჩასაჩოჩებლად. მელიას ახასიათებს პრინციპულობა, რაც პარტიის ახალი სახეების შერჩევის მისეულ პოლიტიკაშიც ჩანს. თუ გაიმარჯვა, რა თქმა უნდა, სააკაშვილი შეეცდება ეს თავის გამარჯვებად გააფორმოს, თუ, რა თქმა უნდა, ამის საშუალება მისცა მელიამ.

მოკლედ, სააკაშვილი მელიას პარტიაში კონკურენტად აღიქვამს. ნიკა მელიას სააკაშვილისა და ზოგი სხვა ლიდერისგან განსხვავებით, მხრებზე არ აწევს "ნაციონალური მოძრაობის" მართვის ტვირთი. ის წარმოადგენდა იმ ხელისუფლებას, იყო საშუალოზე მაღალი რანგის ჩინოსანი, მაგრამ არ შედიოდა გადაწყვეტილების მიმღებთა რიგებში. შესაბამისად, არ ასოცირდება ე.წ. სისხლიან 9 წელთან, რასაც სააკაშვილი კარგად ხვდება. არაერთხელ მითქვამს და კიდევ გავიმეორებ - სააკაშვილი უაღრესად ნიჭიერი ადამიანია. ვითარებაში ძალიან სწრაფად ერკვევა, თუმცა რამდენად სწორ დასკვნებს აკეთებს, ეს სხვა თემაა...
დღეს ოპოზიციაში მიიჩნევენ, რომ მათთვის უმნიშვნელოვანესია მიაღწიონ ისეთ შედეგს, რომ "ქართულმა ოცნებამ" 43% ვერ აიღოს. ამიტომ ამისთვის ყველაფერს გააკეთებენ, ისევე როგორც "ქართული ოცნება" შეეცდება 43%-იანი მხარდაჭერა ნებისმიერ ფასად მიიღოს.

- როგორც ჩანს, ოპოზიციური ძალების ნაწილი თავის კანდიდატებს დაასახელებს თბილისში. არსებობს მოსაზრება, რომ როგორც არჩევნებში "ქართული ოცნების" შედეგს, ასევე თბილისში მმართველი პარტიის წარმატებას შეიძლება ძალიან შეუშალოს ხელი გახარიას პარტიამ და მისმა კანდიდატურამ დედაქალაქში. პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა კახა ქემოკლიძემ არც უარყო და არც დაადასტურა ინფორმაცია, რომ მათი თბილისის მერობის კანდიდატი შესაძლოა არჩილ არველაძე იყოს.
- მეც ნაწილობრივ ვიზიარებ მოსაზრებას, რომ დღეს გიორგი გახარიას პოლიტიკური აქტიურობა შესაძლოა მნიშვნელოვანი აღმოჩნდეს არჩევნების შედეგისთვის.
პარადოქსია, მაგრამ ფაქტი, რომ ადმინისტრაციული რესურსის ნაწილი კვლავ გახარიას ხელშია, მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლებაში აღარ არის და თითქოს მისი მხარდამჭერებიც გადადგნენ თანამდებობებიდან. მაგრამ დარჩა საჯარო სექტორში ხალხი, რომელიც თანაუგრძნობს­ ყოფილ პრემიერსა და მის პარტიას.


რაც შეეხება მის დღევანდელ რეიტინგს, მას გადადგომის შემდეგ უფრო მაღალი რეიტინგი ჰქონდა. ამ ვარდნას ექსპერტთა ჯგუფი ვარაუდობდა კიდეც. საქმე ის არის, რომ გახარიამ გადადგომის შემდეგ აშკარად დააგვიანა პოლიტიკური აქტიურობა.
გიორგი გახარია დღევანდელ პოლიტიკაში ნამდვილად არის ფაქტორი, თუმცა მაინც არა მგონია, რომ მომავალ არჩევნებზე გადამწყვეტ როლს ითამაშებს.
რაც შეეხება არველაძის შესაძლო კანდიდატობას, მე სამივე ძმის მიმართ უაღრესად პოზიტიურად ვარ განწყობილი, მაგრამ მიმაჩნია, რომ არჩილ არველაძეს პოლიტიკური ბრძოლის გამოცდილება არა აქვს, მით უფრო ჩვენს ქვეყანაში გამეფებული ბინძური პოლიტიკური თამაშების. შესაბამისად, მეეჭვება ამ ბრძოლაში მან წარმატებას მიაღწიოს. ძალიან გაუჭირდება ბრძოლა კალაძესთანაც და მელიასთანაც.

- 5 ივლისის მოვლენების შემდეგ არ წყდება ჩვენი დასავლელი პარტნიორების საქართველოს ხელისუფლების კრიტიკული შეფასებები. რამდენიმე დღის წინ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა 170-ზე მეტ ქვეყანაში 2021 წლის საინვესტიციო კლიმატის ანალიზი გამოაქვეყნა. სახელმწიფო დეპარტამენტის შეფასებით, საქართველოში ბიზნესისა და ინვესტიციის პირობები საიმედოა, თუმცა მზარდია უნდობლობა სასამართლო სექტორის შესაძლებლობების მიმართ, რაც საფრთხეა საინვესტიციო გარემოსთვის.
- ორი აზრი არ არსებობს იმაზე, რომ ქართულ მართლმსაჯულებაში სისტემური პრობლემებია. თუმცა უშუალოდ შარლ მიშელის შეთანხმებაში კონკრეტულად სასამართლოს თაობაზე ჩანაწერი, ვფიქრობ, ბუნდოვანია. შესაბამისად, ყველა მხარე ისე კითხულობს, როგორც სურს.
ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ხელისუფლებაც და ოპოზიციაც ამ თემას კონიუნქტურიდან გამომდინარე უდგებიან და მნიშვნელოვან ძირეულ ცვლილებებზე არავინ ფიქრობს. საზოგადოებას ძალიან ზედაპირული შეფასებებით ელაპარაკებიან. ნაწილობრივ ეს ჩვენს დასავლელ პარტნიორებზეც ითქმის. სიღრმისეული პრობლემა რაში მდგომარეობს, საზოგადოების დიდი ნაწილისთვის გაუგებარია. შესაბამისად, საზოგადოებაც თვლის, რომ ეს თემა ვიწროპოლიტიკური ინტერესებისთვისაა გააქტიურებული და არა რეალური საქმისთვის. ეს კიდევ ერთი მაგალითია იმისა, ჩვენი პოლიტელიტა საზოგადოებისგან როგორ არის დაშორებული. პოლიტიკური ძალები თვეებია ერთმანეთთან ბრძოლით არიან დაკავებული, საზოგადოებას კი ქვეყანაში მიმდინარე პროცესების მონაწილედ კი არა, მოწმედ მიიჩნევენ. მეტიც, ჩვენ ვნახეთ ვითარება, როდესაც საქართველოს პოლიტიკურმა ისტებლიშმენტმა არა მარტო მედიატორობა გადააბარა ჩვენს დასავლელ პარტნიორებს, არამედ ლამის პროცესების მართვაც.

ხდება კიდევ ერთი უბედურება - დელეგაცია დელეგაციაზე იგზავნება სხვადასხვა ქვეყნის დედაქალაქებში ერთმანეთზე ამბების ჩასატანად. ეს ძალიან ცუდი პროცესია. ისტორია მეორდება. ადრეც, როდესაც საქართველო სუსტდებოდა ხოლმე, სწორედ ასე იქცეოდნენ იმჟამინდელი პოლიტიკური ფიგურები - ხან სტამბოლში დარბოდნენ, ხან ისპაჰანში, ხან მოსკოვში და ა.შ. ახლაც იგივე მეორდება...
ძალიან ცუდია, რომ პოლიტიკური ძალები ვერ ახერხებენ საერთო ენის გამონახვასა და ელემენტარულ საკითხებზე მაინც შეთანხმებას.
ერთიც უნდა გავითვალისწინოთ - რა კრიტიკული შეფასებებიც უნდა მოვისმინოთ დასავლეთისგან, ერთი რამეა მნიშვნელოვანი - საქართველოს, ისევე როგორც უკრაინას, დღეს დასავლეთისთვის დიდი გეოპოლიტიკური მნიშვნელობა აქვს.

შარლ მიშელის საქართველოში ლამის თვეში ერთხელ ჩამოსვლას სწორედ ეს განაპირობებს. საქართველო, ერთი მხრივ, შავი ზღვის სანაპიროზე მდებარეობს, რაც ნატოსთვის უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული სივრცეა, მეორე მხრივ, ახლო აღმოსავლეთის სიახლოვეს. დღეს საქართველო საჭიროა დასავლეთის სამხრეთკავკასიურ პოლიტიკაში დასაბრუნებლად და კონტროლის არეალის გასაზრდელად.

ახლო აღმოსავლეთში დღეს ისეთი გეოპოლიტიკური ვითარება იქმნება, რომ შესაძლოა სირიის ამბები მონაგონი გახდეს. ვგულისხმობ ავღანეთში მიმდინარე პროცესებს, მით უფრო, რომ ამ ქვეყნის მოსაზღვრედ არიან ცენტრალური აზიის თითქმის დაუცველი ქვეყნები, რომლებიც არა მარტო დაუცველები არიან ავღანეთიდან მომდინარე საფრთხეების წინაშე, არამედ გარკვეულწილად ჩართულიც არიან იმ არასწორ სამართლებრივ პროცესებში, როგორიც არის პოლიტიკური ისლამი, ნარკოტრაფიკი და ა.შ. ეს უზარმაზარი თავსატეხია უპირველესად რუსეთისთვის და მერე მთელი ევროპისთვის.
დღეს ავღანეთში პოლიტიკური ისლამის ზეობაა. ეს არ არის ტრადიციული ისლამი. ეს უფრო მძიმე მოვლენაა, ვიდრე "ისლამური სახელმწიფო". ნუ დაგვავიწყდება, რომ კავკასიაში ფუნდამენტალისტების არაერთი უჯრედია მიძინებული, მათ შორის საქართველოშიც, რომლებიც მაშინვე გამოიღვიძებენ, როგორც კი "თალიბანი" ძალის მოკრებას მასშტაბურად დაიწყებს.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნის წინაშე არსებული რისკები კიდევ უფრო მასშტაბური ხდება. პროვოკაციები, სავარაუდოდ, კვლავაც იქნება.

ჩემი აზრით, რაც 5 ივლისს მოხდა, სწორედ სახელმწიფოს წინააღმდეგ დაგეგმილი პროვოკაცია იყო. ძალადობას არავითარი გამართლება არა აქვს, მით უფრო, როდესაც ქვეყნის ინტერესებს შეეხება საქმე. ყველა უნდა დაისაჯოს სათანადოდ - არა მარტო ის, ვინც დაგეგმა და შეასრულა ეს პროვოკაცია, არამედ ისიც, ვინც ვერ აღკვეთა. ვგულისხმობ სამართლებრივ სტრუქტურებს.

ამ დიდი პროვოკაციის ორგანიზატორიც რამდენიმე მხარე გახლდათ. ფსევდოპატრიოტულ ჯგუფებზე აღარაფერს ვიტყვი - ვინ არიან, რას აკეთებენ და რა უნდათ საერთოდ?! ამგვარი ულტრამემარცხენე, პატრიოტიზმის მანტიაში გახვეული ჯგუფების აქტიურობა არაერთხელ გავიარეთ, თან ძალიან მძიმედ.
ბოლო დროს პროვოკაციების რეჟიმში ვცხოვრობთ, რომლის ნაწილიც არის, მაგალითად, ამ ცოტა ხნის წინ აღმაშენებლის პროსპექტზე გაჩენილი ანტისომხური წარწერები. მოგეხსენებათ, ბოლო წლებში ამ ტერიტორიაზე ბევრი თურქული და არაბული დაწესებულება გაჩნდა და აქ ამგვარი წარწერები, ჩემი აზრით, კლასიკური ორმაგი პროვოკაციის ნიმუშია, რომლის მიზანიც სახელმწიფოს დაზიანებაა. ამას ახლა აიტაცებს რუსული პრესა, როგორც სჩვევია, გააზვიადებს, სავარაუდოდ, სომხურიც აჰყვება და ატყდება ამბავი საქართველოს წინააღმდეგ. ვინ შეიძლება იდგეს ამის უკან, დაბეჯითებით თქმა რთულია, მაგრამ ვარაუდი და ეჭვი ადვილად ჩნდება. ჩვენი დათითოკაცება, საზოგადოების მარტივ მამრავლებად დაშლა ვის აწყობს, არ არის ძნელად მისახვედრი. ყველას დიდი სიფრთხილე გვმართებს.

ხშირად მითქვამს აქამდეც და გავიმეორებ - ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ჩვენი სახელმწიფო პოლიტიკური ერთეულიდან გეოგრაფიული ერთეულის რანგში დავაქვეითოთ. ჩვენ ვცხოვრობთ პოლიტიკურად სეისმოაქტიურ რეგიონში. ვდგავართ დიდი გამოწვევების წინაშე, რასაც ხშირად პოლიტიკური ელიტა ვერ აცნობიერებს, ან აცნობიერებს, მაგრამ ვიწრო ინტერესებს გადაყოლილი მალევე ივიწყებს.


რედაქტორის რჩევით
როგორ შეიცვალა თქვენი ოჯახის ფინანსური მდგომარეობა ბოლო ერთი წლის განმავლობაში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეიცვალა თქვენი ოჯახის ფინანსური მდგომარეობა ბოლო ერთი წლის განმავლობაში?
თვის კითხვადი სტატიები