"ოპოზიციაში არ არის მელიას ტოლფასი ფიგურა, რომელიც შეძლებდა კალაძის დამარცხებას"
28-07-2021
"ოპოზიციაში არ არის მელიას ტოლფასი ფიგურა, რომელიც შეძლებდა კალაძის დამარცხებას"
"ოპოზიციის მთავარ კანდიდატს, ალბათ, ანა დოლიძე წაართმევს ხმებს, კალაძეს - გიორგი გახარია.­ შესაბამისად, მეორე ტური გარდაუვალია, მეორე ტურში კი მთელი ოპოზიციური სპექტრის კონსოლიდაცია მოხდება ნიკა მელიას ირგვლივ"

"ჩვენს კანდიდატს მხოლოდ ფეხბურთის თამაშში აჯობებს კახა კალაძე, თუმცა ჩვენი კანდიდატი ფეხბურთსაც კარგად თამაშობს, რაც შეეხება პოლიტიკურ თამაშს, კახა კალაძე დამარცხებულია", - განუცხადა ჟურნალისტებს­ "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა რომან გოცირიძემ. მისი თქმით, კახა კალაძეს თბილისისთვის არაფერი გაუკეთებია. "ნახატებს აჩვენებდა კომპიუტერული გრაფიკით, თუ რამდენი ხიდი
აშენდებოდა, როგორ ააყვავებდა "ლაგუნა ვერესთან" გარემოს, როგორ გააკეთებდა კარგ გზებს... ნახატები ნახატებად დარჩა, სად არის ხიდი? - 30 წელია არ აშენებულა. მხოლოდ "მშვიდობის ხიდი" აშენდა, ისიც ჩვენი ხელისუფლების დროს. 99%, რაც კალაძემ საარჩევნო პროგრამის სახით მოქალაქეებს აჩვენა, არაფერი შესრულებულა. თუ
ოთხი წელი არაფერი გაუკეთებია, მომავალი ოთხი წელი ამომრჩეველს რატომ უნდა ჰქონდეს მოლოდინი, რომ გააკეთებს", - ამბობს რომან გოცირიძე. რას ელის "ნაციონალური მოძრაობა" თვითმმართველობის არჩევნებისგან, ამის შესახებ პარტიის ერთ-ერთი ლიდერი რომან გოცირიძე გვესაუბრება:

- ოპოზიციის ერ­თი ნაწილი გაერთია­ნდა, დანარჩენებთან კონსულტაციები­ გაგრძელდება, თუმცა ჩვენ დასაკარგავი დრო არა გვაქვს. არჩევნებამდე ძალიან მცირე­ დრო დარჩა, საარჩევნო კამპანია უნდა დავიწყოთ. ვფიქრობ, ბევრი ოპოზიციური­ პარტია, მათ შორის არასაპარლამენტო პარტიაც შემოუერთდება ამ ერთობას. ვნახოთ, როგორ წარიმართება პროცესები.

- გიორგი ვაშაძე ამბობს, რომ "ნაცმოძრაობას" ოპოზიციურად განწყობილი ელექტ­ორატის დიდი ნაწილისთვის მსუსხავი ეფექტი­ აქვს.
- "ნაცმოძრაობის" შესაძლებლობები ყველამ ნახეთ საპარლამენტო არჩევნებში. ბოლოს და ბოლოს, მთავარი ოპოზიციური­ ძალა ვართ და ვფიქრობ, ჩვენი კანდიდატი არათუ ღირსეულ კონკურენციას გაუწევს სახელისუფლებო კანდიდატს, დაამარცხებს კიდეც. წინასაარჩევნო კამპანიისას რაც შეჰპირდა ხალხს, არაფერი გააკეთა. მარტო ხიდების შესახებ კი არ მოგვატყუა, არც ავტოგასამართი სადგურები აიღო შუა ქალაქიდან. სად არის უამრავი მიწისქვეშა და მიწისზედა საპარკინგე ადგილები? პეკინზე დაამატა ველობილიკი, რომელიც აბსოლუტურად უფუნქციოა, მთელი დღე რომ იდგეთ, ველოსიპედიან კაცს ვერ დაინახავთ, სამაგიეროდ, ქუჩას მოუსპო კომერციული ფუნქცია. კალაძის ერთადერთი რესურსი ბიძინა ივანიშვილის ფული და სახელისუფლებო რესურსია.

- თუმცა ყველაფერი იმაზე მეტყველებს, რომ ამ არჩევნებში თბილისის მერს მეურნეზე მეტად პოლიტიკური დანიშნულება ექნება.
- დიახ, ნამდვილად ასეა. 43%-იანი ბარიერის გადალახვის საკითხმა, რომელზეც მიბმულია რიგგარეშე არჩევნები, თვითმმართველობის არჩევნებს საერთო-ეროვნული არჩევნების დატვირთვა შესძინა, მაგრამ ისეც არ უნდა გავიგოთ, რომ ყველას პარლამენტში მოხვედრა სურს და აღარავის აინტერესებს კომუნალური საკითხები, გაზითა და ელექტროენერგიით მომარაგება, ეკოლოგია... ქალაქში საშინელი მდგომარეობაა, ხეები აღარ არის, ჰაერი მოწამლულია. სხვათა შორის, ჰაერი მხოლოდ თბილისში არ არის მოწამლული, რეგიონებშიც საშინელი მდგომარეობაა. ხალხს უნდა სჯეროდეს, რომ საკრებულოებსა და მერიებში ის ხალხი მოვა, ვინც ფულს ჯიბეში კი არ ჩაიდებს, საერთო საქმეს, ადგილობრივი პრობლემების გადაწყვეტას მოახმარს. ამიტომ ამ არჩევნებს განსაკუთრებული­ დატვირთვა აქვს. მე ვიტყოდი, ორმაგი დატვირთვა: ეროვნულ-პოლიტიკური და ხელი­სუფლების შეცვლის პრელუდია, მეორე კი კომუნალური. ამ საქმის სათავეში დგას დღეს ნიკა მელია. თბილისში ათივე მაჟორიტარულ ოლქს ოპოზიციას ვუთმობთ. ეს იმას ნიშნავს, რომ ოპოზიციისკენ კიდევ ერთი ნაბიჯი გადავდგით.

- გვახსოვს, მელია ირწმუნებოდა, რომ ის არ იქნებოდა მერობის კანდიდატი. რა მოხდა, ვისი ზეწოლით შეიცვალა აზრი?
- ნიკა მელიამ აზრი შეიცვალა იმიტომ,­ რომ ქვეყანაში შეიცვალა ვითარება. ვინ წარმოიდგენდა, რომ ჟურნალისტებზე­ ვინმე ნადირობას გამოაცხადებდა, რომ ახალგაზრდა კაცის სიცოცხლეს შეიწირავდა ვიღაცის თავხედობა და ვერაგობა? გარემოებისა და ვითარების შეცვლის შესაბამისად პარტიის წინაშე არსებული ამოცანებიც შეიცვალა. ნიკა მელიას მთელი ქვეყნის მასშტაბით სურდა მუშაობა, ფიქრობდა, რომ თბილისის მერობისთვის ბრძოლა მოაცდენდა, მაგრამ დღეს უკვე ცხადი­ შეიქნა, რომ თვითმმართველობის არჩევნები გადამწყვეტ როლს ითამაშებს მომავალ რიგგარეშე არჩევნებზე. ნიკას ექნება­ ორმაგი ფუნქცია - თბილისში ექნება ძალიან აქტიური და ენერგიული საარჩევნო კამპანია და რეგიონშიც შეძლებს გასვლას. მნიშვნელოვანია ისიც, რომ თბილისი ყოველთვის აძლევს ტონს რეგიონებს. ამასთან, ოპოზიციაში არ არის ნიკა მელიას ტოლფასი ფიგურა, რომელიც შეძლებდა კალაძის დამარცხებას. კალაძის უკან დგას ადმინისტრაციული რესურსი, პოლიცია, სუს-ი, ივანიშვილის ფული. შესაბამისად, ის არ არის ადვილი დასამარცხებელი. ამიტომ გახდა საჭირო ბრძოლაში ისეთი მძიმეწონიანი ფიგურის ჩართვა, როგორიც ნიკა მელიაა.

- როგორ წარმოგიდგენიათ, მეორე ტური იქნება?
- აუცილებლად. ამაში ისე ვარ დარწმუნებული, როგორც ორჯერ ორი ოთხია. იმაშიც დარწმუნებული ვარ, რომ გამოჩნდებიან კანდიდატები, რომლებიც ოპოზიციურ ფლანგსაც წაართმევენ ხმებს და სახელისუფლებოსაც. მაგალითად, ოპოზიციის მთავარ კანდიდატს, ალბათ, ანა დოლიძე წაართმევს ხმებს, კალაძეს - გიორგი გახარია.­ შესაბამისად, მეორე ტური გარდაუვალია, მეორე ტურში კი მთელი ოპოზიციური სპექტრის კონსოლიდაცია მოხდება ნიკა მელიას ირგვლივ.

- ამაზე შეთანხმებული ხართ, თუ თქვენი­ ვერსიაა?
- ჩემი ვერსიაა, რომელსაც ლოგიკა მკარნახობს. ძალიან ძნელად წარმოსადგენია, რომ მეორე ტურში ოპოზიციონერმა კანდიდატებმა მელიას არ დაუჭირონ მხარი.

ხათუნა ბახტურიძე
ჟორა გაბრიჭიძე
29 ივლისი 2021 12:07
მელია, რომ პოლიტიკოსი იყოს მას, ციხიდან გამოსვლის შემდეგ პოლიტიკა უნდა დაეტოვებინა. პატიოსანი კაცი ასე იქცევა, უპატიოსნო კი გაშავებამდე რჩება პოლიტიკაში, ნაცი კი გაშავების შემდეგაც იქაა. საერთოდ კი იცით რას ჰქვია პოლიტიკური კრიზისი? ასარჩევი რომ აღარავინაა და პოზიცია-ოპოზიცია ერთნაირად რომ სძულს ხალხს. დღეს სწორედ ამასთან გვაქვს საქმე და ამ ვითარებაში პოლიტიკაში დარჩენა დიდი უნამუსობა და უღირსი საქციელია, რასაც ვერ დავუკარგავთ დღევანდელ პოზიცია-ოპოზიციას.
Ნეო
28 ივლისი 2021 16:50
Ეს მხოლოდ ილუზიაა კუპონ
ლელი
28 ივლისი 2021 16:29
მაგაზე უკეთესი რომ არ გყავთ,ყველამ ვიცით! აქედან მიხვდით,დანარჩენები რას წარმოადგენთ...

რედაქტორის რჩევით
 როგორ შეაფასებთ საქართველოში წინასაარჩევნო გარემოს?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ საქართველოში წინასაარჩევნო გარემოს?
თვის კითხვადი სტატიები