"არ გამოვა, არა ვარ მე "ნაციონალი" - კვირის პალიტრა

"არ გამოვა, არა ვარ მე "ნაციონალი"

"ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატს ოპოზიციური ელექტორატისთვის მსუსხავი ეფექტი აქვს - ბევრია ოპოზიციურად განწყობილი ადამიანი, მაგრამ არასდროს მხარს არ დაუჭერს "ნაციონალურ მოძრაობას", - ამბობს "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძე. მისი თქმით, "სტრატეგია აღმაშენებელი" ზოგიერთ პარტიასთან თანამშრომლობას გეგმავს, თუმცა ყველა ოპოზიციური პარტიის დაჯგუფება რომელიმე ერთი კონკრეტული მერობის კანდიდატის ნომრის ქვეშ სწორად არ მიაჩნია. ვისთან რა ტიპის თანამშრომლობას გეგმავს "სტრატეგია აღმაშენებელი", ვინ შეიძლება იყოს ამ პოლიტიკური გუნდის მერობის კანდიდატი და როგორია მათი სტრატეგია, ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძე გვესაუბრება:

- "სტრატეგია აღმაშენებელს" თვითმმართველობის არჩევნებისთვის თავისი გზა აქვს. ჩვენ გვეყოლება ჩვენი ღირსეული კანდიდატები როგორც მაჟორიტარულ ოლქებში, ასევე პროპორციულ სიაში.

- ნიკა მელია ოპოზიციის ერთი ნაწილის მერობის კანდიდატია, რჩება შთაბეჭდილება, რომ "სტრატეგია აღმაშენებელსა" და "ლელოს" ასევე მერობის საერთო კანდიდატი ეყოლებათ. - ჩვენს გადაწყვეტილებას აუცილებლად გაგაცნობთ. ჩვენ ვნახეთ ჯერ "ოცნების", შემდეგ "ნაცმოძრაობის" პრეზენტაცია, მაგრამ თბილისს დიდ აღფრთოვანებას ჯერ ვერ ვატყობ. ამომრჩეველში არ არის ისეთი განწყობა, რომ მხარი დაუჭირონ ერთი ან მეორე პოლიტიკური ძალის კანდიდატს. აშკარად საჭიროა მესამე, მძლავრი პოლიტიკური მიზიდულობის ცენტრი.

- მესამე პოლიტიკური ცენტრის ჩამოყალიბებას მხოლოდ "ლელოსთან" ერთად განიხილავთ, თუ სხვა პოლიტიკურ ჯგუფებსაც მოიაზრებთ? - სხვა პოლიტიკურ ჯგუფებთანაც ვმუშაობთ და ცალკეულ ინდივიდებთანაც.

- თქვენი მერობის კანდიდატი არ იქნება პოლიტიკოსი? - მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ ორიენტირებული ვართ, რაც შეიძლება მეტი ახალი და საინტერესო ადამიანი გავაცნოთ საზოგადოებას.

- საზოგადოებისთვის ახალ უცნობ კანდიდატს რამდენად ექნება მხარდაჭერა? - მე არ ვამბობ, რომ ის საზოგადოებისთვის სრულიად უცნობი იქნება. ლაპარაკია ახალ გუნდზე, ახალ მიზიდულობის ცენტრზე.

- ექსპერტების ერთი ნაწილი, მაგალითად, რამაზ საყვარელიძე ამბობს, რომ მესამე პოლიტიკური ცენტრის შანსი გიორგი გახარიას აქვს, თქვენ და "ლელომ" კი უკვე გაუშვით ამის შესაძლებლობა, რადგან "ნაციონალებს" დროულად ვერ გაემიჯნეთ. - დრო გვიჩვენებს, რომ მე მართალი ვარ. როგორ შეიძლება გახარია მიზიდულობის ცენტრი იყოს, როდესაც სრულიად მარტოა? არსად ჩანს, ერთადერთი, რაც მის შესახებ ვიცით, ის არის, რომ ყოფილი პრემიერია.

- როგორია თქვენი წინასაარჩევნო სასტარტო პოზიცია, როგორ აპირებთ ან მესამე პოლიტიკური ცენტრის შექმნას, ან თვითმმართველობის არჩევნების მოგებას? - ჩვენთვის მთავარია 43% არ ავაღებინოთ "ოცნებას", რათა ამ რეფერენდუმში გავიმარჯვოთ. ამიტომ ვფიქრობთ, რომ შეცდომა იქნებოდა ერთი ოპოზიციური კანდიდატის გარშემო გაერთიანება, ორი კი არა, ბევრი ალტერნატივა უნდა იყოს.

- ისე ლაპარაკობთ, თითქოს მნიშვნელობა არა აქვს, თქვენი კანდიდატი გაიმარჯვებს თუ არა თბილისის მერობისთვის ბრძოლაში. - სულ რაღაც ერთ კვირაში გაიგებთ, თუ რას ვაპირებთ. მართალი არ ვიქნები, რომ გითხრათ, ახლა ჩვენთვის მერობის არჩევნები მთავარია-მეთქი. ჩვენი ამოცანაა პროპორციული არჩევნები, 43% კალაძის, მელიასა და სხვების ხმებიდან კი არა, პროპორციული ხმებიდან ითვლება, ამიტომ ჩვენ გვჭირდება ბევრი დამოუკიდებელი კამპანია, რათა მაქსიმალურად არ დაიკარგოს ოპოზიციური ხმები. თუ ყველა ოპოზიციურ ხმას დავაჯამებთ ერთი ნომრის ქვეშ, ასეთ შემთხვევაში, "ოცნება" გაიმარჯვებს და 43%-იან ბარიერს გადალახავს. თითოეულმა პოლიტიკურმა ძალამ ჩვენი ამომრჩევლის მობილიზება უნდა შევძლოთ. "სტრატეგია აღმაშენებელი" ამით ვიქნებით დაკავებული და ამით შევიტანთ ჩვენს წვლილს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებამდე მისვლაში. ქვეყანა უმძიმეს მდგომარეობაშია. "ოცნება" კი მიზანმიმართულად ართულებს სიტუაციას.

თქვენ გგონიათ შემთხვევითია პრემიერის, იუსტიციის მინისტრისა და მათი დეპუტატების აგრესიულობა ჟურნალისტებთან? ხომ ნახეთ, რა გააკეთა თეა წულუკიანმა? პირდაპირ ხელიდან წაჰგლიჯა თქვენს კოლეგას მიკროფონი. ამაზრზენი, ამორალური და ყოველგვარ ნორმას გადაცდომილი ფაქტია. "ქართულმა ოცნებამ" მოქალაქეებს, რომელთაც პროტესტის გამოხატვა სურთ, 4.500 ლარამდე გაუზარდა ჯარიმა. ამბობენ, ამ ფორმით პოლიციის მუნდირის ღირსებას ვიცავთო. თავად რომ პირდაპირ ეთერში ძალადობენ ჟურნალისტებზე, ეს არაფერია? ადგეს ახლა გომელაური, დაიცვას პოლიციელის მუნდირი და გამოუწეროს წულუკიანს 4.500-ლარიანი ჯარიმა ან სასამართლოში 15-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა მოითხოვოს მისთვის. რატომ მოქმედებენ ორმაგი სტანდარტით?

იმიტომ, რომ საარჩევნო კამპანია აქვთ დაწყებული, მათი საარჩევნო კამპანია კი ხალხის დაპირისპირებაა. ყველაზე მეტად ის სურთ, ორ ნაწილად დაგვაჯგუფონ, "ოცნებისა" და "ნაციონალების" მომხრეებად. არ გამოვა, არა ვარ მე "ნაციონალი", მე ვარ "სტრატეგია აღმაშენებელი" და ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის ვიბრძვი.

- რას იზამთ, თუ საჭირო გახდა მეორე ტურის ჩატარება, დაუჭერთ მხარს "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატს? - არ ვიცი, რას ვიზამთ მეორე ტურზე. ამაზე პირველი ტურის შემდეგ ვიმსჯელებთ. სხვათა შორის, შარლ მიშელის შეთანხმების ერთ-ერთი ყველაზე დიდი მიღწევა ის არის, რომ საკრებულოების კომპოზიციაში შეიცვალა პროპორციულ-მაჟორიტარულ ოლქებს შორის თანაფარდობა - თუ თბილისში 25/25-ზე იყო, ახლა 40 პროპორციული და 10 მაჟორიტარული ადგილია. ეს ნიშნავს, რომ ოპოზიციას საკრებულოს პირველივე ტურში აღების შანსი აქვს. ესე იგი, თუ ოპოზიცია ამომრჩევლის მაქსიმალურად მობილიზებას შევძლებთ, საკრებულოს მოგების რეალური შანსი გვიჩნდება. ასეთ შემთხვევაში საკრებულოში 26 ხმა გვექნება და პირველივე ტურში რომც მოიგოს კახა კალაძემ, ჩვენ შეგვიძლია ის გადავაყენოთ. აი, ეს არის რეალური მოცემულობა.

ხათუნა ბახტურიძე