"მელიას მოუწევს ვერცხლის ან ბრინჯაოს მედალს დასჯერდეს" - კვირის პალიტრა

"მელიას მოუწევს ვერცხლის ან ბრინჯაოს მედალს დასჯერდეს"

"ნაცმოძრაობას" ყოველთვის დამყოფისა და დამპირისპირებელი ძალის როლი აქვს..."

თბილისის მერობისთვის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა" და ოპოზიციის ნაწილის მერობის კანდიდატი ნიკა მელია იბრძოლებს. როგორც ამბობს, მისი პარტია მაჟორიტარ კანდიდატებს არც ერთ რაიონში არ დააყენებს და მხარს მრავალპარტიული შეთანხმებით შერჩეულ კანდიდატებს დაუჭერს. "ჩემი მერობა ნიშნავს, რომ საკრებულოს თავმჯდომარე არ იქნება ჩემი პარტიის წარმომადგენელი. დღეს მე და ელენე ხოშტარია გამოვდივართ როგორც მრავალპარტიული კოალიციის წარმომადგენლები. მე, როგორც მერობის კანდიდატი, ჩემი მოძრაობიდან, "გირჩი - მეტი თავისუფლება", რომელიც წარმოადგენს ვიცე-მერს უახლოეს მომავალში, ხოლო ელენე, როგორც საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი საკუთარი მოძრაობიდან", - განაცხადა ნიკა მელიამ.პარტია "მოქალაქეების" დეპუტატი ლევან იოსელიანი მიიჩნევს, რომ "ქართული ოცნების" კანდიდატის კახა კალაძის პირისპირ მელიას მხოლოდ ვერცხლის ან ბრინჯაოს მედლის იმედი უნდა ჰქონდეს.

- კალაძე ნამდვილად ძლიერი კანდიდატია. ობიექტურად რომ ვთქვათ, სხვა კადრი, რომელიც გამარჯვებისთვის იბრძოლებს, "ოცნებას" არა ჰყავს. ახლა მელიას მოუწევს ვერცხლის ან ბრინჯაოს მედალს დასჯერდეს, რადგან არ შესწევს ძალა თავის გარშემო ძალების კონსოლიდაცია მოახდინოს და "ოცნების" კანდიდატი გადაწონოს. ამიტომ მნიშვნელოვანი იყო ოპოზიციას საერთო კანდიდატი ჰყოლოდა.

- ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე საერთო კანდიდატების მხარდაჭერაზე "ნაცმოძრაობა", "ევროპული საქართველო", "გირჩი - მეტი თავისუფლება" და სამოქალაქო მოძრაობა "დროას" ლიდერი ელენე ხოშტარია შეთანხმდნენ. მერობისთვის მელია იბრძოლებს, საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი ხოშტარია იქნება. ვიცე-მერობის კანდიდატს კი, "გირჩი - მეტი თავისუფლება" წარმოადგენს. რას გეუბნებათ ეს რეალობა? - იმას, რომ ის არც საერთოოპოზიციური კანდიდატია და არც მრავალპარტიული კოალიციის წარმომადგენელი. სამი პარტიის პოზიცია უკვე ცნობილია - მას მხარს არ უჭერენ. ხოშტარია ცალკე პარტიას არ წარმოადგენს, ის ერთ-ერთი მოძრაობის ლიდერია, "გირჩი - მეტი თავისუფლება" კი მისი საწყისი პარტიის განაყოფია, რომელიც არ უჭერს მხარს მელიას. ანუ ის ორი პარტიის კანდიდატია და არა მრავალპარტიული ოპოზიციური სპექტრის. ანუ კიდევ ერთხელ მეორდება ისტორია - "ნაცმოძრაობა" ვერ ახერხებს ოპოზიციური ელექტორატის შემოკრებას და ამის საშუალებას არც სხვას აძლევს. ვფიქრობ, სწორად მოიქცა "ლელო", რომ მხარი არ დაუჭირა. მათთვის უკეთესი იქნება, თუ თავიანთი კანდიდატი ეყოლებათ. მათთან ალიანსი "ლელოსთვის" წამგებიანი იქნებოდა, ისევე როგორც სხვა პარტიებისთვის არის ზიანის მომტანი მათთან კავშირი.

- თქვენი აზრით, რატომ ვერ შეძლო ოპოზიციამ საერთო კანდიდატის წარმოდგენა? - ეს "ნაცმოძრაობის" "დამსახურებაა" - მას ყოველთვის დამყოფისა და დამპირისპირებელი ძალის როლი აქვს. როდესაც მე და სხვა პოლიტიკურმა პარტიებმა პარლამენტში შესვლისა და ბოიკოტის შესახებ განსხვავებული აზრი გამოვთქვით, თავს დაგვესხნენ და ამაში სხვებიც აიყოლიეს, ივანიშვილის პროექტს გვეძახდნენ. როდესაც ივანიშვილის მოსყიდულს გიწოდებენ, მათთან ერთიან კანდიდატზე ფიქრი შეუძლებელია, რადგან საერთოოპოზიციური კანდიდატის გამოკვეთას ერთობა სჭირდება, რაც ამ ოპოზიციაში არ არსებობს. არადა, 2020 წლის არჩევნებში ერთობა არსებობდა, რომელმაც, მიუხედავად იმისა, რომ მაშინაც ბევრი განსხვავება იყო ჩვენს შორის, გლდანში მელიას კანდიდატურას დაუჭირა მხარი. ჩვენ მაშინ საბურთალოზე თითქმის ყველა ოპოზიციურმა ძალამ დაგვიყენა კანდიდატი, მათ შორის "ნაციონალებმაც". ალეკომ მაინც დაუჭირა მელიას მხარი, რაც მათთვის ფუჭად მიცემული ავანსი იყო.

- ნანობთ?

- დიახ. მალე გაირკვა, რომ ამის გაკეთება მათთვის არც მაშინ ღირდა, რადგან ამ გუნდს კარგს ვერაფერს დაანახებ. როგორც კი დაინახეს, რომ მათი პოლიტიკური ინტერესი ჩვენს პოლიტიკურ დღის წესრიგს არ დაემთხვა, მაშინვე მტრად გვექცნენ. ასე რომ, ახლა "მოქალაქეები" ვაპირებთ ყველა უბანზე დავაყენოთ ჩვენი კანდიდატები. რაც შეეხება მერობის კანდიდატს, იქნება თუ არა ალეკო, ის რამდენიმე დღეში თავად განაცხადებს. თუმცა წინასწარ ვიტყვი - თუ მელია ან სხვა ვინმე გაერთიანებული ოპოზიციიდან ვერცხლის ან ბრინჯაოს მედალს მიიღებდა, ალეკო ოქროს აიღებს. ეს მან ძალიან კარგად აჩვენა წინა არჩევნებში მწირი ფინანსური რესურსითა და პიარკამპანიით. საბოლოოდ, ვერც ალეკო გახდა მერი და ვეღარც ზაალ უდუმაშვილი, ისევ "ოცნების" კანდიდატმა გაიმარჯვა. ძალიან მნიშვნელოვანი რამ მოხდა - ერთმა კაცმა, კახა კალაძემ ისეთი ორგანიზებული ძალა დაამარცხა, როგორიც მაშინდელი "ნაცმოძრაობა" იყო.

- სტრატეგიული პარტნიორები ხშირად მოუწოდებენ პოლიტიკურ მხარეებს მშვიდობიანად მიიყვანონ პროცესები არჩევნებამდე. ფიქრობთ, რომ ამ მხრივ საფრთხე რეალურია? - ძალზე მნიშვნელოვანია გავიაზროთ, რამხელა ძალისხმევა დასჭირდა საერთაშორისო თანამეგობრობას, ევროკავშირს, ამერიკას, რომ პოლიტიკური კრიზისი დაეძლიათ. ევროსაბჭოს პრეზიდენტი ორჯერ ჩამოვიდა, რათა უკიდურესად დაძაბული ვითარება როგორმე განმუხტულიყო...

ახლა მთავარია, ეს არჩევნები ისე ჩატარდეს, უნდობლობა არ დავიმსახუროთ. იქნებ ერთხელ მაინც შევთანხმდეთ იმაზე, რომ არჩევნებში ვიღაც მარცხდება და ეს ქვეყანაში კრიზისის ხელახლა დაწყების საფუძველი არ უნდა გახდეს. ხელისუფლებაში მოსასვლელად ერთადერთი გზა არჩევნებია და თუ ამ გზით ვინმე მოიგებს, ოპოზიციას ვგულისხმობ, გამიხარდება და მივულოცავ. ხელისუფლებაში მოსვლის ნებისმიერი სხვა გზა ჩვენთვის მიუღებელია, ეს წითელი ხაზია. ამის გამო გვქონდა პრინციპული უთანხმოება ოპოზიციის დიდ ნაწილთან, როდესაც ვუთხარით, რომ რევოლუციას არასდროს მივესალმებოდით. სწორედ მაშინ გაიყო ჩვენი გზები.

- თუ არჩევნები ოპოზიციისთვის მიუღებელი შედეგით დასრულდა, შესაძლოა კიდევ ერთი რევოლუციის მცდელობა ვიხილოთ? - თუ ამის შესაძლებლობას დაინახავენ, ხელიდან არ გაუშვებენ. ამიტომ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ამის მოსურნეები, მათ შორის "ნაციონალები", როგორმე დავარწმუნოთ, რომ არჩევნების გზით ხელისუფლების შეცვლა ერთადერთი გამოსავალია.

- "ნაცმოძრაობის" განცხადებით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიციის ამოცანაა "ოცნებამ" ხმების 43% ვერ აიღოს. აქვს ოპოზიციას ამის რესურსი? - სწორი კოორდინაციის შემთხვევაში ამის რესურსი გამოჩნდებოდა, ოღონდ ამის კონტურებსაც ვეღარ ვხედავ. "ნაცმოძრაობა" ყველაფერს აფუჭებს, ცდილობს ოპოზიციაში ცენტრი თავად იყოს. გარდა ამისა, ოპოზიციაც ძალზე ფრაგმენტულია.