"ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები ყველაფერს აკეთებენ, რომ რაღაცას დაგვამსგავსონ და რით ვპასუხობთ?.." - კვირის პალიტრა

"ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები ყველაფერს აკეთებენ, რომ რაღაცას დაგვამსგავსონ და რით ვპასუხობთ?.."

"უმცირესობებისა და ჟურნალისტების დევნამდე დავიდა ჩვენი პატრიოტიზმი, ამით იზომება ჩვენი ღირებულებები და რელიგიურობა? ასეთი მოცემულობა ქვეყნის ეროვნულ მომავალს კი არა, საზოგადოდ, მომავალს უქმნის საფრთხეს. ხანდახან მგონია, ქართულ პოლიტიკურ ნაწილზე მეტად ჩვენი ქვეყანა ევროპელებს ადარდებთ. ამ ერთმანეთის ძიძგილაობას გადაყოლილ პოლიტიკურ ძალებს ევროპელები ახსენებენ, რომ მთავარია შიდასტაბილურობა, სახელმწიფო ინსტიტუტების არსებობა, რადგან ამაზეა აგებული ქვეყნის გადარჩენა..."

ბოლო დღეებია საერთაშორისო საზოგადოებრიობა აქტიურად განიხილავს ერთ-ერთ მნიშვნელოვან მოვლენას - ამერიკამ და გერმანიამ გადაწყვიტეს რუსულ გაზსადენ "ჩრდილოეთის ნაკადი-2"-თან დაკავშირებული დავა დაასრულონ: შეთანხმების მიხედვით, ამერიკა არ გამოუცხადებს მილსადენის მფლობელ კომპანიას სანქციებს, გერმანია კი დაეხმარება უკრაინას ენერგეტიკის დარგის განვითარებაში. ხომ არ გამოიწვევს ეს რუსეთის გავლენის გაძლიერებას? ეს არის კითხვა, რომელსაც საერთაშორისო საზოგადოებრიობა სვამს. ამ შემთხვევაში უკანა პლანზე ხომ არ გადაიწევს საქართველოს ინტერესები, ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე საერთაშორისო საკითხების ექსპერტი გიორგი გობრონიძე გვესაუბრა.

- დავიწყოთ "ჩრდილოეთის ნაკადი-2"-ის საკითხით, რომლის დაბლოკვა უფრო უკრაინას ეხებოდა, ვიდრე საქართველოს. ბოლო ხანს საქართველო რუსეთსა და დასავლეთს შორის იმ ტიპის განხილვის საგანი არ ყოფილა, როგორიც უკრაინა იყო. ამიტომ ამ პროექტს ჩვენთვის მნიშვნელობა ნაკლებად აქვს. საქმე ის არის, რომ საქართველოს არ აქვს კონცეპტუალური ხედვა, თუ როგორ უნდა აღუდგეს წინ რუსეთიდან მომავალ საფრთხეებს. მაგალითად, როდესაც რუსეთსა და საფრანგეთს შორის სამხედრო თანამშრომლობაზე დაიწყო საუბარი, მოსკოვი ძალიან დაინტერესებული იყო, რომ საფრანგეთს მისთვის "მისტრალები" მიეყიდა, რასაც საქართველო აქტიურად აპროტესტებდა, არადა, ჩვენ ფლოტი არც გაგვაჩნია, შესაბამისად, ზღვაზე ძალთა ბალანსი არ იცვლება. სხვა მხრივ, "ჩრდილოეთის ნაკადი-2" პროექტის რეალიზებით ჩვენთვის არაფერი იცვლებოდა, მაგრამ თუ ეს საქართველო-რუსეთის ურთიერთობაზე პირდაპირ იქნებოდა მიბმული, რუსეთს ასეთ პირობას წაუყენებდნენ - თუ მისი დროული რეალიზება გსურს, საქართველოს წინააღმდეგ აგრესია უნდა შეარბილო ან საერთოდ უნდა შეწყვიტოო.

საზოგადოდ, საქართველო-რუსეთის ურთიერთობას "ბიპოლარულ აშლილობას" ვუწოდებ, რადგან ამ ქვეყანასთან, ფაქტობრივად, საომარი მდგომარეობა გვაქვს, მასთან სამშვიდობო ხელშეკრულება არა გვაქვს დადებული, 2008 წელს "ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულება" გავაფორმეთ და არა კონფლიქტის შეწყვეტის. რუსულ, აფხაზურ და ოსურ მხარეს პრობლემის მოსაგვარებლად ძალის გამოყენებაზე საბოლოო უარი არ უთქვამთ. არც შეიარაღებული ძალების დაბრუნება მომხდარა მუდმივი დისლოკაციის ადგილას. მეტიც, მოსკოვმა ხრიკი გამოიყენა და აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობა აღიარა და საერთაშორისო საზოგადოებრიობას დამახინჯებული ინტერპრეტაცია შესთავაზა - ამ აღიარების საფუძველზე ჩემი ძალები ე.წ. პარტნიორი ქვეყნების ტერიტორიაზე არიან განლაგებულიო. შესაბამისად, რუსეთი ამბობს, ქართულ მხარესთანაც კონფლიქტი ამოწურულია.

და თუ საქართველო ახალ რეალობას შეეგუება, მასთან ახალ ურთიერთობას დავიწყებთო. ჩვენ კი გვაქვს ოკუპირებული ტერიტორიები, ეთნიკური წმენდა, რაც რეალობაა.

- თუმცა რუსეთთან ახლო ეკონომიკური ურთიერთობა გვაქვს. - დიახ, თანაც იმაზე მაღალ დონეზე, ვიდრე რომელიმე პარტნიორ ქვეყანასთან. ამ პირობებში, კიდევაც რომ მოვინდომოთ საქართველოს გამო რუსეთს სანქციები დაუწესდეს, შესაძლოა თავადვე დავზარალდეთ. "ჩრდილოეთის ნაკადი-2" ხელს შეუწყობს რუსეთის გაძლიერებას და შესაძლოა უკრაინაში მიღწეული წარმატებაც შერჩეს. მან ხომ აღმოსავლეთ უკრაინაში მუდმივი დაძაბულობის კერები შექმნა, რითაც მანიპულირების შესაძლებლობა მიეცა. ევროპამ, კერძოდ, გერმანიამ, ეს პროექტი განაახლა, რითაც რუსეთი ეკონომიკურად გაძლიერდება. ამასთან, რუსეთმა დასავლეთს დაანახა, რომ სანქციების დაწესებით ევროპაც ზარალდება. ანუ თუ ნერვების ომში რუსეთი გამარჯვებას შეეცდება, ევროპას დაანახებს, რომ ამ სიტუაციიდან უპირატესობით გამოსვლა შეუძლია, და ამით დაუსჯელობის სინდრომი გაუძლიერდება. კრემლში ხედავენ, რომ სანქციების გამოყენება გრძელვადიან პერსპექტივაში დასავლეთისთვისაც არ არის მომგებიანი.

- ამ ვითარებაში რას აკეთებს საქართველოს მთავრობა რუსეთისგან მომავალი საფრთხეების თავიდან ასაცილებლად? - არაფერს. არადა, ეს საფრთხეები არის როგორც სამხედრო, ასევე ეკონომიკურ, კულტურულ, იდეოლოგიურ ღირებულებით დონეზე. ამას ემატება ჰიბრიდული შეტევები, ანუ საზოგადოების ყველა სეგმენტზე აქვთ გათვლა. ჩვენი პრობლემა ის არის, რომ რუსული საფრთხე სათანადოდ შეფასებული არასდროს ყოფილა. საქართველოს წინააღმდეგ სამხედრო აგრესიის პირველი ნიშნები 2005 წლიდან გამოჩნდა, როდესაც ფაქტობრივად ცხინვალის ე.წ. საზღვართან თავისი სამხედრო ძალები ჩააყენა. მაშინ ხომ ხელისგულზე გვედო ყველაფერი, მაგრამ მაინც გვეგონა, რუსეთი სამხედრო აგრესიას არ განახორციელებდა. იმავე წელს სრულმასშტაბიანი ეკონომიკური ბლოკადაც გამოგვიცხადა. საქართველოს მთავრობის ახლანდელი ადმინისტრაციც მსუბუქად უყურებს მის მოქმედებებს. ხელისუფლებაც და ოპოზიციაც შიდა პროცესებზე არიან გადართული.

ახლა ძალიან გვჭირდება სტაბილურობა, სამოქალაქო კონსენსუსი და დემოკრატიული სახელმწიფო ინსტიტუტები, რათა რუსეთისგან მომავალი საფრთხეების წინაშე მარტონი არ ვიყოთ. არსებულ რეალობაში სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს გამოთავისუფლებული შიდა რესურსი საგარეო საფრთხეებზე დროულად და მოქნილად რეაგირებისთვის.

დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, შევარდნაძის ხელისუფლების ან უფრო ადრინდელი პერიოდიდან, შემდეგ უკვე სააკაშვილის ხელისუფლებისა და "ოცნების" სათავეში ყოფნის დროსაც, სახელმწიფო უსაფრთხოებასა და მათი ხელისუფლების არსებობას დიდი ტოლობის ნიშანი ჰქონდა. ამერიკელი თეორეტიკოსი რიჩარდ ნექსონი სწორედ მსგავს დილემაზე საუბრობს - ეს არის შემთხვევა, როდესაც პოლიტელიტა ტოლობის ნიშანს სვამს ეროვნულ უსაფრთხოებასა და საკუთარი რეჟიმის გადარჩენას შორის. ქართულ პოლიტიკურ კლასში, ფაქტობრივად, თითქმის აღარ დარჩნენ პოლიტიკოსები. ეს ითქმის ოპოზიციაზეც, მათ შორის ძალიან ცოტაა ისეთი, ვისაც საგარეო საფრთხეებზე ზრუნვა შეუძლია. ენერგია და დრო იხარჯება მდარე კომიკურ შოუებში - მინისტრმა ჟურნალისტს მიკროფონი წაართვა, ან პარლამენტში ვიღაც მაგიდიდან ჩამოჰყავთ... ეს სახელმწიფოს მართვა არ არის. ნორმალურ სახელმწიფოში ასე არ იქცევა არც მმართველი გუნდი და არც ოპოზიცია. ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები ყველაფერს აკეთებენ ჩვენთვის, რომ რაღაცას დაგვამსგავსონ და რით ვპასუხობთ?.. თვითმმართველობის არჩევნებია მოახლოებული და მმართველი ელიტა ფსევდოეროვნული სენტიმენტებით თამაშობს.

- არ ცდილობს საზოგადოებას ევროპული კურსის მართებულობა დაანახოს?

- დიახ, და ამას იმით აკეთებს, რომ წინააღმდეგობას არ უწევს იმ საინფორმაციო ნარატივს, რომლის თანახმადაც, თურმე ევროკავშირი ქართველი ერის მასობრივი ჰომოსექსუალიზაციისთვის შეიქმნა. ნაცვლად იმისა, ევროპის მთავარი ღირებულებები დაანახონ საზოგადოებას, ამბობენ, ხალხის 95%-ს პრაიდის ჩატარება არ სურსო. რა შუაშია პრაიდი საქართველოს ევროპულ კურსსა და პარტნიორობასთან?

არც ერთ ოფიციალურ დოკუმენტში არავინ სთხოვს საქართველოს, გინდა თუ არა წელიწადში რამდენჯერმე პომპეზური პრაიდი გამართეო... ასეთი არასწორი მიდგომები თუ გაგრძელდა, ქვეყნის ევროპულ მომავალს საფრთხე შეექმნება.

საინფორმაციო ველში ევროპა ისეა წარმოდგენილი, თითქოს ჩვენი ღირებულებითი დეგრადაციისკენ იყოს მიმართული. იმაზე მეტი რა უნდა დაგვემართოს, რაც გვჭირს, ილიას სიტყვები რომ გავიხსენოთ, ჩამოვყალიბდით როგორც "მტრის არმცნობი და მოყვრის მგმობი". პარლამენტის წინ ევროკავშირის დროშას ვწვავთ, უამრავ სისულელეს ვაკეთებთ.... ისევ და ისევ ილიას "ბედნიერი ერის" შეფასებას დავესესხები: "გარეთ მხდალი, შინ ძლიერი". ყველაზე დაუცველ ჯგუფებთან, განსხვავებული ორიენტაციის ადამიანებთან არის ძლიერი, მათთან, ვისი დაჩაგვრაც ყველაზე ადვილია? თუ ჟურნალისტებთან, გოგონებსა და ბავშვებთან? ეს არის ჩვენი ეროვნული ღირებულება? ამაზე ააგეს ფსევდონაციონალურ-პატრიოტული ნარატივი, მაშინ, როდესაც არასდროს ხმა არ ამოუღიათ იმაზე, რომ მილიონზე მეტი შრომითი ემიგრანტიდან 70% ქალია და ბავშვები უდედოდ იზრდებიან. რამდენი ათასი ოჯახი ცხოვრობს მხოლოდ ემიგრანტების კისერზე, რამდენი ათასი დახლეჩილი ოჯახი გვაქვს ქვეყანაში? ეს რატომ არ ახსენდება იმ ერსა და ბერს, როდესაც ოჯახის სიწმინდეზე ლაპარაკობს? უმცირესობებისა და ჟურნალისტების დევნამდე დავიდა ჩვენი პატრიოტიზმი, ამით იზომება ჩვენი ღირებულებები და რელიგიურობა? ასეთი მოცემულობა ქვეყნის ეროვნულ მომავალს კი არა, საზოგადოდ, მომავალს უქმნის საფრთხეს. მთავარი საფრთხე თურმე პაკისტანელი ემიგრანტი და თბილისელი გეი ყოფილან. ღირებულებით კონტექსტში სადღაც სხვაგან აღმოვჩნდით. საკუთარ მომავალს საკუთარი ხელითვე ვანგრევთ. ხანდახან მგონია, ქართულ პოლიტიკურ ნაწილზე მეტად ჩვენი ქვეყანა ევროპელებს ადარდებთ. ამ ერთმანეთის ძიძგილაობას გადაყოლილ პოლიტიკურ ძალებს ევროპელები ახსენებენ, რომ მთავარია შიდასტაბილურობა, სახელმწიფო ინსტიტუტების არსებობა, რადგან ამაზეა აგებული ქვეყნის გადარჩენა.

ევროკავშირსა და ნატოში შესვლა უალტერნატივო შესაძლებლობაა იმისთვის, რომ საერთაშორისო ასპარეზზე ქვეყანა მარტო არ დარჩეს, რომ კოლექტიური თავდაცვის მექანიზმში იყოს ჩართული და როცა ვიღაცას მოუნდება, თავში ვერ წამოარტყამს. პირდაპირ რომ ვთქვათ, რუსეთისთვის სამხედრო აგრესიის ობიექტი არ გავხდეთ.

გარდა ამისა, ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ეკონომიკურადაც, რადგან ქვეყანაში, სადაც მუდმივი რყევებია და მესიანისტური, ულტრანაციონალისტური შეხედულებებით, გაურკვეველი ფობიებით და შეთქმულების თეორიებზე დაფუძნებული ჯგუფების მასობრივი ტირაჟირებით არის დაკავებული, და რომლის დედაქალაქთან ძალიან ახლოს მსოფლიოს ყველაზე აგრესიული სახელმწიფოს ჯარები დგას, ბიზნესმენი ინვესტიციას არ ჩადებს. ამისთვის გვჭირდება ნატო და ევროკავშირი, უსაფრთხოების, მშვიდობიანი ცხოვრების გარანტიებისთვის. თუ მშვიდობის გარანტია არა გვაქვს, ვერ განვვითარდებით. პატარა სახელმწიფო ვართ და მარტონი ამას ვერ შევძლებთ. 1999 წელს პირველად დავაანონსეთ პროდასავლური კურსი და მას შემდეგ დაიწყო რუსეთმა ჩვენს წინააღმდეგ მოქმედება. მას არ სჭირდება ძლიერი და დამოუკიდებელი მეზობელი და ამიტომაც მუდმივად ცდილობს წინ არ გაგვიშვას, რათა თავის ჰეგემონისტურ ორგანიზაციაში შეგვაბრუნოს. საქართველოს ვერც ერთმა ხელისუფლებამ ეს ვერ გააცნობიერა, ევროპა კი ცდილობს გაგვათრიოს. მუდმივად გვიჩიჩინებენ, შეუქცევადი დემოკრატიზაცია გჭირდებათო. ეს ეხება მმართველ გუნდსაც და ოპოზიციასაც.

ოპოზიცია, რომელიც ახლა სიტყვის თავისუფლების შეზღუდვაზე გაჰკივის, თავად ავტორიტარული იყო და წინასაარჩევნო პერიოდში სატელიტურ თეფშებს ებრძოდნენ, მაგრამ ოპოზიციაში გადასვლის შემდეგ დაინახეს, რომ ეს ცუდი ყოფილა. იმავეს ვიტყვი ხელისუფლებაზეც, რომელიც ოპოზიციაში შევიწროებული იყო, ახლა კი თავად ავიწროებენ სხვებს.

პოლიტიკური კლასი ჩამოშლილია. ლიდერობა სამოქალაქო მსახურების ფორმაა და არა ჯიპები და "მაგარი პაეზდკები". პოლიტიკურ ლანდშაფტს ოპოზიციაც ქმნის და სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე უნდა მოქმედებდნენ.