"ოპოზიცია ამბობს, რომ გიორგი კალანდარიშვილი არის კვალიფიციური, შეესაბამება კრიტერიუმებს, მაგრამ მაინც არ დაუჭერენ მხარს - პოლიტიკურ პასუხისმგებლობას გაურბიან" - კვირის პალიტრა

"ოპოზიცია ამბობს, რომ გიორგი კალანდარიშვილი არის კვალიფიციური, შეესაბამება კრიტერიუმებს, მაგრამ მაინც არ დაუჭერენ მხარს - პოლიტიკურ პასუხისმგებლობას გაურბიან"

ოპოზიცია ამბობს, რომ გიორგი კალანდარიშვილი არის კვალიფიციური კანდიდატი, გამოცდილი ადამიანი, შეესაბამება კრიტერიუმებს, მაგრამ მაინც არ დაუჭერენ მხარს. ეს იმას ნიშნავს, რომ ოპოზიცია გაურბის პოლიტიკურ პასუხისმგებლობას, - ამის შესახებ ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებს ცესკო-ს თავმჯდომარის არჩევასთან დაკავშირებით განუცხადა.

მისივე თქმით, ცესკო-ს თავმჯდომარის თანამდებობაზე ღირსეული კანდიდატია შერჩეული.

"მას წინა კენჭისყრებზე მხარდაჭერა ჰქონდა. სამწუხაროდ, შარლ მიშელის შეთანხმების საპირისპიროდ ოპოზიციის დიდმა ნაწილმა კონსენსუსის მიღწევას ხელი შეუშალა, საკუთარი წილი პასუხისმგებლობა ვერ აიღო და ამის გამო ჩვენ განმეორებითი კენჭისყრის ჩატარება გვიწევს. ოპოზიცია ამბობს, რომ გიორგი კალანდარიშვილი არის კვალიფიციური კანდიდატი, გამოცდილი ადამიანი, შეესაბამება კრიტერიუმებს, მაგრამ მაინც არ დაუჭერენ მხარს. ეს იმას ნიშნავს, რომ ოპოზიცია გაურბის პოლიტიკურ პასუხისმგებლობას და იმას, რომ ოპოზიციის რადიკალური ნაწილი არჩევნების დისკრედიტაციისთვის წინასწარ ემზადება. ეს არჩევნები ყველაზე მეტად დამოკიდებულია წესებსა და იმ რეგულაციებზე, რაც საარჩევნო ცვლილებებით მივიღეთ და ნებისმიერი ადამიანის პიროვნული ფაქტორი არ იქნება გადამწყვეტი, რადგან არჩევნებს ცესკო ახალი რეგულაციებით და შეთანხმებული წესებით ჩაატარებს. გიორგი კალანდარიშვილი არის კვალიფიციური კანდიდატი, ერთ-ერთი ყველაზე ღირსეული შერჩეულთა შორის და მას უმრავლესობამ მხარი ამიტომ დაუჭირა", - განაცხადა თალაკვაძემ.

ცნობისთვის, ცესკო-ს ახალი თავმჯდომარისა და ორი პროფესიონალი წევრის მაღალი კვორუმით არჩევას პარლამენტი დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე კიდევ ერთხელ ეცდება. პრეზიდენტის მიერ წარდგენილ კანდიდატებს კენჭი ამჯერად 3/5 კვორუმით ეყრება, რაც იმას ნიშნავს, რომ არჩევისთვის სულ მცირე 90 ხმა იქნება საჭირო. პარლამენტმა ხმათა 2/3-ით ვერცერთი კანდიდატი ვერ აირჩია, თუმცა ცნობილია, რომელ კანდიდატურებს აქვთ "ქართული ოცნების" უმრავლესობის მხარდაჭერა. კენჭისყრისას ცესკო-ს თავმჯდომარის ვაკანტურ პოსტზე ყველაზე მეტი ხმა გიორგი კალანდარიშვილმა მიიღო, ხოლო ცესკო-ს პროფესიული წევრის ადგილზე უმრავლესობა გიორგი ცაცაშვილსა და მაია ზარიძეს უჭერს მხარს.

თუ 26 ივლისის რიგგარეშე სხდომაზე ცესკო-ს ვაკანტურ თანამდებობაზე პირთა არჩევა კვლავ ვერ მოხდა, მომდევნო კვირაში კიდევ ერთი კენჭისყრა გაიმართება. აღნიშნული კენჭისყრისას არჩეულად ის კანდიდატი ჩაითვლება, რომელსაც მხარს პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობა დაუჭერს.

"ინტერპრესნიუსი"