"პლაკატების გამოფენა შემთხვევით არ მომხდარა. "ქართული ოცნების" რაიონულ ოფისებში იყო გადანაწილებული და იქიდან არიგებდნენ" - კვირის პალიტრა

"პლაკატების გამოფენა შემთხვევით არ მომხდარა. "ქართული ოცნების" რაიონულ ოფისებში იყო გადანაწილებული და იქიდან არიგებდნენ"

"პლაკატების გამოფენა შემთხვევით არ მომხდარა. მერიამ სამარცხვინო განცხადება გააკეთა, რომ "თბილსერვისჯგუფი" ამ პლაკატებს ჩამოხსნისო. როდესაც იქ დავრეკეთ, გვითხრეს, რომ შაბათ-კვირას ისვენებენ და ორშაბათიდან დაიწყებენ პლაკატების ჩამოხსნას. ეს რომ ყოფილიყო ოპოზიციის პლაკატები, ერთ საათში ხომ ყველაფერი გასუფთავებული იქნებოდა?, - თბილისში ოპოზიციის და მედიის წინააღმდეგ მიმართული პლაკატების შესახებ ასეთი განცხადება "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა, ზაალ უდუმაშვილმა გააკეთა.

როგორც უდუმაშვილმა "პალიტრანიუსის" გადაცემა "ნიუსრუმში" აღნიშნა, პლაკატები "ქართული ოცნების" წარმომადგენლებმა ერთობლივი, შეთანხმებული გეგმის მიხედვით გამოაკრეს. უდუმაშვილი თვლის, რომ მხოლოდ ერთი ჯგუფი ამას ვერ შეძლებდა.

"თან ამბობენ, ერთმა ჯგუფმა გააკეთაო. ერთმა ჯგუფმა შეიძლება კონკრეტულ ლოკაციაზე, მაქსიმუმ ერთ უბანში გააკეთოს, მაგრამ მთელი ქალაქია აჭრელებული. მივცეთ კონკრეტული მისამართები, საიდანაც რიგდებოდა ეს პლაკატები? "ქართული ოცნების" ყველა ოფისს მიაკითხონ, სადაც დღემდე ინახება ის პლაკატები, რომელიც უნდა გაკრულიყო. ყველა რაიონულ ოფისში იყო გადანაწილებული და შემდგომ იქიდან არიგებდნენ.

გუშინ ერთ-ერთ ასეთ ოფისს მივაგენით, საიდანაც გამოჰქონდათ ასეთი პლაკატები. ჩვენ ხომ ვნახეთ 2020-ის და 2018 წლის საარჩევნო კამპანიები? ყველაფერი ხომ იგივეზე იყო დაფუძნებული? "ქართული ოცნება" ახლაც ზუსტად იგივეს მიჰყვება და ფიქრობენ, რომ ახლაც ამით უნდა გავიდნენ ფონს. სხვა სათქმელი მათ არ აქვთ. იმის ნაცვლად, რომ ილაპარაკონ იმაზე, თუ რა გააკეთეს ან რა უნდა გააკეთონ მომავალში, ისევ 9 წელზეა საუბარი", - განაცხადა უდუმაშვილმა.