"იძებნება საბოტაჟში მხილებული ოპოზიცია - პარლამენტის შენობაში ვერ ვპოულობთ!" - კვირის პალიტრა

"იძებნება საბოტაჟში მხილებული ოპოზიცია - პარლამენტის შენობაში ვერ ვპოულობთ!"

"იძებნება საბოტაჟში მხილებული ოპოზიცია - პარლამენტის შენობაში ვერ ვპოულობთ!" - ეს განცხადება პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე დეპუტატმა ანრი ოხანაშვილმა, 31 ოქტომბრის არჩევნების შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის დასკვნის განხილვისას გააკეთა.

როგორც ოხანაშვილმა განაცხადა, ოპოზიცია არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით საზოგადოებას თვეების განმავლობაში ტყუილში აცხოვრებდა და სამარცხვინო ფაქტია, რომ დღეს დასკვნის განხილვაში არ მონაწილეობენ.

"დღეს რადიკალური ოპოზიციური ჯგუფების სრული კაპიტულაცია გაფორმდა. ეს არის სრული ლუსტრაცია და კაპიტულაცია ოპოზიციური ჯგუფების მხრიდან, რომელთაც მთელი 9 თვის განმავლობაში არგუმენტიც კი ვერ წარმოადგინეს - იქნებ გივი მიქანაძემ დასკვნის ტექსტში არასწორი ინფორმაცია ჩაწერა?! მათ ერთი კონკრეტული კონტრარგუმენტი ვერ წარმოადგინეს, თუ რას ეყრდნობოდა მათი პოზიცია", - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

მან აქვე აღნიშნა, რომ ოპოზიცია ახლა არა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის, არამედ არჩევნების შემდგომი საბოტაჟისთვის ემზადება.

პარლამენტის არჩევნებთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიამ დასკვნა ასეთია - 2020 წლის 31 ოქტომბრის პარლამენტის არჩევნები კანონმდებლობის სრული შესაბამისობით ჩატარდა და გამოვლენილ მცირე ხარვეზებს არჩევნების საბოლოო შედეგებზე რაიმე სახის გავლენა არ ჰქონია.