"ქაოსი უნდა დამთავრდეს , სახელმწიფო უნდა იყოს ძლიერი. ხელი დაეტყობა აქაურობას, პატრონი გამოუჩნდება" - კვირის პალიტრა

"ქაოსი უნდა დამთავრდეს , სახელმწიფო უნდა იყოს ძლიერი. ხელი დაეტყობა აქაურობას, პატრონი გამოუჩნდება"

"პირდაპირ, სამართლიანად და ღიად გეუბნებით, რისი გაკეთებაც იმ მომენტამდე შესაძლებელი იყო, მაქსიმალურად ვაკეთებდი და ის, რაც ვერ გავაკეთე და რაც შეგვეშალა, იმის პასუხისმგებლობის გამო ვდგავარ ახლა აქ", - ასე მიმართა პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარე, გიორგი გახარიამ მოქალაქეებს, რომელმაც დღეს ქედასა და ხელვაჩაურში პარტიის ახალი ოფისები გახსნა.

გიორგი გახარია ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა და განაცხადა, რომ ქვეყანაში ქაოსი უნდა დამთავრდეს.

"ჩათვალეთ, რომ დღეს ჩვენ პირველ ნაბიჯს ვდგამთ - თან პარტიას ავაშენებთ, თან არჩევნებშიც მივიღებთ მონაწილეობას. ჩვენ არაფერი სხვა არ გვინდა - ქაოსი უნდა დამთავრდეს , სახელმწიფო უნდა იყოს ძლიერი და ადამიანი უნდა გრძნობდეს სახელმწიფოს დგომას ზურგს უკან. წყნარად, მშვიდად, კეთილსინდისიერად თუ იშრომებს, გლეხი კაცი ღირსეულად არჩენს თავის ოჯახს, ეგ არის და ეგ. შესაძლებელია ეს? შესაძლებელია და საკმაოდ სწრაფად. ხელი დაეტყობა აქაურობას, პატრონი გამოუჩნდება და რაც მთავარია, ძლიერი სახელმწიფოსთვის გადადგმული იქნება კონკრეტული ნაბიჯები", - მიმართა გახარიამ მოსახლეობას.

მან აღნიშნა, რომ ქვეყანამ არჩევნებზე ღირსეული გამარჯვება უნდა მოიპოვოს.

"თქვენ შეიძლება ძალიან სწორი და სამართლიანი კითხვა გქონდეთ, იქ არ იყავი და გაგეკეთებინაო. ასევე, პირდაპირ, სამართლიანად და ღიად გეუბნებით, რისი გაკეთებაც იმ მომენტამდე შესაძლებელი იყო, მაქსიმალურად ვაკეთებდი და ის, რაც ვერ გავაკეთე და რაც შეგვეშალა, იმის პასუხისმგებლობის გამო ვდგავარ ახლა აქ. ყველაფერს აქვს დასაწყისი და ყველაფერს აქვს თავისი ლოგიკური დასასრული. რაღაცას რომ ასრულებ, ეს ახლის დასაწყისია ყოველთვის. მინდა ყველას გვჯეროდეს, რომ ერთად, ღირსეულად მივალთ იმ გამარჯვებამდე, რომელიც ქვეყნის იქნება", -განაცხადა გიორგი გახარიამ.

ინფორმაციას პარტია "საქართველოსთვის" პრესსამსახური ავრცელებს.