"ოცნება" და "ნაცმოძრაობა" ამომრჩევლებში სიძულვილის ინვესტირებას აკეთებს მეორე მხარის მიმართ - ეს ისეთ პიკშია მისული, რომ უმნიშვნელოვანეს საკითხებზეც კი არ ლაპარაკობენ" - კვირის პალიტრა

"ოცნება" და "ნაცმოძრაობა" ამომრჩევლებში სიძულვილის ინვესტირებას აკეთებს მეორე მხარის მიმართ - ეს ისეთ პიკშია მისული, რომ უმნიშვნელოვანეს საკითხებზეც კი არ ლაპარაკობენ"

"ქართული ოცნება" და "ნაციონალური მოძრაობა", ფაქტობრივად, საკუთარ ამომრჩევლებში სიძულვილის ინვესტირებას აკეთებს მეორე მხარის მიმართ. ეს დღეს, ისეთ პიკშია მისული, რომ ეს ადამიანები უმნიშვნელოვანეს საკითხებზეც კი არ ლაპარაკობენ პარლამენტში, - ამის შესახებ "გირჩის" ერთ-ერთმა ლიდერმა ვახტანგ მეგრელიშვილმა "პალიტრანიუსის" გადაცემაში "ნიუსრუმი" განაცხადა, როდესაც ისაუბრა მიშელის დოკუმენტთან მიმართებით.

მეგრელიშვილის აზრით, შარლ მიშელის დოკუმენტის ჩავარდნის მცდელობა ორივე დაპირისპირებულ მხარეს აქვს.

"სინამდვილეში რის გამო შედგა ეს დოკუმენტი, ანუ ჩემს და გიორგი ვაშაძის გამო ხომ არ შემდგარა, ეს დოკუმენტი შედგა იმის გამო, რომ ჩვენს ქვეყანაში 9 წლის მანძილზე ეს ორი პოლიტიკური ძალა, "ქართული ოცნება" და "ნაციონალური მოძრაობა", ფაქტობრივად, საკუთარ ამომრჩევლებში სიძულვილის ინვესტირებას აკეთებს მეორე მხარის მიმართ.

ეს დღეს, ისეთ პიკშია მისული, რომ ეს ადამიანები უმნიშვნელოვანეს საკითხებზეც კი არ ლაპარაკობენ პარლამენტში. მე არ ვიცი მათი შიდასამზარეულო, მაგრამ რასაც პარლამენტში ვაკვირდები, ვაკვირდები იმას, რომ ეს ორი პოლიტიკური ძალა ძალიან კარგად თანაცხოვრობს იმ თამაშში, რომელშიც ეს ორი პოლიტიკური ძალა ძალიან დიდი ხანია რაღაცნაირად არის ჩაბმული", - განაცხადა ვახტანგ მეგრელშვილმა.

ამასთან, როგორც მან განმარტა, მისთვის გაუგებარია, რატომ არ მოაწერა ხელი მიშელის დოკუმენტს "ნაციონალურმა მოძრაობამ".

"მე ისიც არ მესმის, როგორ შეიძლებოდა "ნაციონალურ მოძრაობას" ამ დოკუმენტისთვის არ მოეწერა ხელი და არ გამხდარიყო ამ დოკუმენტის მხარე, იმიტომ, რომ ჩვენთვის, ოპოზიციისთვის, ეს დოკუმენტი სინამდვილეში არის იარაღი", - აცხადებს მეგრელიშვილი.