"საქართველოში რაც მოხდა მედიასთან მიმართებაში, უკიდურესად მიუღებელი და სამწუხაროა" - კვირის პალიტრა

"საქართველოში რაც მოხდა მედიასთან მიმართებაში, უკიდურესად მიუღებელი და სამწუხაროა"

"ის რაც მოხდა, სრულიად მიუღებელია. ეს ცხადია, მაგრამ კიდევ ერთხელ უნდა ითქვას", - ამის შესახებ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა რიკ დემსმა პარლამენტში გამართული შეხვედრების შემდეგ განაცხადა, რითაც მან უპასუხა შეკითხვას საქართველოში 5 ივლისს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით.

"ქუჩებში ძალადობა რაც შეიძლება გაკონტროლებული უნდა იყოს, მაგრამ ხელისუფლებას ყოველთვის არ შეუძლია სრულად ამის გაკეთება. მიმაჩნია, რომ თუ გსურს სიტყვის და პრესის თავისუფლებას გაუფრთხილდე, პრესა ასევე უნდა იყოს დაცული. რაც მოხდა მედიასთან მიმართებაში, უკიდურესად მიუღებელი და სამწუხაროა. მჯერა, რომ ხელისუფლება საკითხს დააყენებს, ეს უკვე ხდება, მიმდინარეობს გამოძიება, ადამიანები ციხეში არიან.

მჯერა, გაირკვევა მცირე დეტალებიც კი, თუ რატომ მოხდა ეს, ვინ წაახალისა და რა მიზეზით. ეს არის ის, რაც აღარასდროს არ უნდა მოხდეს", - აღნიშნა რიკ დემსმა.

მისივე თქმით, ის აღნიშნული საკითხის განხილვას საქართველოს პრემიერ-მინისტრთან და შინაგან საქმეთა მინისტრთან შეხვედრაზე გეგმავს.

"მჯერა, პრესას აქვს უზარმაზარი პასუხისმგებლობა, რომ სცადოს ამის განმუხტვა და სცადოს პოლარიზაციის დამშვიდება. ვიცი, რომ ეს არ არის ადვილი, რადგან პრესამ უნდა მიაწოდოს ინფორმაცია და როდესაც ცუდი რამ ხდება, ეს უნდა გაშუქდეს, ეს თქვენი საქმეა, მაგრამ, დეპოლარიზაციის შემცირების მცდელობაში დახმარება პრობლემის მოგვარების ნაწილი იქნება. მეორე მხრივ, მჯერა, რომ ხელისუფლების მოვალეობაა, დაიცვას მოქალაქეები და მათ შორის რასაკვირველია ჟურნალისტები, რომ თავიანთი საქმე გააკეთონ", - აღნიშნა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა.

მისივე თქმით, როდესაც მსგავსი ფაქტი საქართველოში ან სხვა ქვეყანაში ხდება, ის სრულად უნდა იყოს გამოძიებული და ყველა დამნაშავემ პასუხი უნდა აგოს.