"რუსეთის მთავრობის მიერ პოლიტდევნილებისათვის საქართველო მთავარი თავშესაფარი გახდა" - რას წერს რუსული მედია? - კვირის პალიტრა

"რუსეთის მთავრობის მიერ პოლიტდევნილებისათვის საქართველო მთავარი თავშესაფარი გახდა" - რას წერს რუსული მედია?

რუსეთის ტელეკომპანია "დოჟდის" (Дождь) პროგრამაში, რომელსაც ჟურნალისტი ეკატერინე კოტრიკაძე უძღვება, გადაიცა ვიდეოსიუჟეტი რუსეთიდან საქართველოში ჩამოსული ე.წ. დისიდენტების შესახებ, რომლებიც ვლადიმერ პუტინის "რეპრესიულ რეჟიმს" გამოექცნენ და თავი საქართველოს შეაფარეს. ვინ არიან "რუსი დისიდენტები"? რატომ ჩამოვიდნენ მაინცდამაინც საქართველოში? ემუქრებათ თუ არა მათ ქვეყნიდან დეპორტაცია? ვიდეოსიუჟეტი სრული სახით გამოქვეყნებულია ტელეარხის ვებგვერდზე სათაურით - "რუსეთის მთავრობის მიერ პოლიტდევნილებისათვის საქართველო მთავარი თავშესაფარი გახდა. რას აკეთებენ ისინი თბილისში და ეშინიათ თუ არა, რომ საქართველოს ხელისუფლება მათ რუსეთს გადასცემს?".

გთავაზობთ "დოჟდის" ეთერში გადაცემული ვიდეოსიუჟეტის მოკლე შინაარსს:

"ბოლო წლებში საქართველო რუსეთის მოქალაქეებისათვის სასიამოვნო და იაფი დასვენების ადგილად იქცა. პლაჟებზე გარუჯვას და მთებში შთამბეჭდავ მოგზაურობას დღეს ყველგან ვერ შეძლებთ, საქართველოში კი - სურვილს პრობლემების გარეშე აისრულებთ. პანდემიის დაწყებამდე პატარა კავკასიურ სახელმწიფოს მილიონობით რუსი ტურისტის მიზიდვის ამოუწურავი შესაძლებლობები ჰქონდა - იმის შემდეგაც კი, როცა ვლადიმერ პუტინმა საქართველოში რუსეთიდან ავიამიმოსვლა აკრძალა, რუსები მაინც ცდილობდნენ, სხვადასხვა გზებით საქართველოში მოხვედრას.

ამჟამად ტურისტული ნაკადი მკვეთრად არის შემცირებული. საქართველოში წასვლა ბევრ სიძნელესთან არის დაკავშირებული და გზაც საკმაოდ ძვირია, თუმცა უვიზო რეჟიმი ჯერ კიდევ ძალაშია და არავის გაუუქმებია. ეს გარემოება და პლუს თბილისის პროდასავლური კურსი (ამ საკითხში გარკვევა ცოტა რთულია, მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, ფაქტია, რომ ქვეყნის მთავრობა საჯაროდ აცხადებს თავის პროდასავლურობას) ბევრ იმ რუსს იზიდავს, რომლებთაც [თანამემამულეებისაგან] განსხვავებული ხედვები აქვთ [რუსეთის ხელისუფლების მიმართ და ოპოზიციური საქმიანობით] არიან დაკავებულნი. ამიტომაც სტუმართმოყვარე საქართველოში რუსეთიდან სულ უფრო მეტი პოლიტაქტივისტი გარბის", - ამბობს ეკატერინე კოტრიკაძე.

ვიდეოსიუჟეტში გამოყენებულია რუსეთიდან გამოქცეული "სხვაგვარად მოზროვნეების" საუბრები საქართველოს რუსულენოვანი გამოცემის შოვა News-ის კორესპონდენტთან ხათუნა კონჯარიასთან. ნიკა ნიკულშინა, რომელიც სკანდალურად ცნობილი რუსული ფემინისტური ჯგუფის Pussy Riot-ის წევრი ქალია, ლაპარაკობს, თუ როგორ ჩამოვიდა საქართველოში, როგორ უთვალთვალებდნენ რუსეთის სპეცსამსახურების წარმომადგენლები. მისი თქმით, "ცხადია, ძალიან მეშინოდა, სანამ ჩამოვიდოდი, ახლა კი აქ, საქართველოში თავს მშვიდად ვგრძნობ". რომან დუროვი (მხატვარი) იხსენებს იმ შიშის განცდებს, რომლებიც რუსეთიდან წამოსვლას უკავშირდებოდა, კირილე ალექსეევი (ალექსი ნავალნის ჯგუფის წევრი) თქმით კი, "რადგანაც ჩვენ რუსეთის კანონმდებლობით ექსტრემისტულ ორგანიზაციდ გამოგვაცხადეს, ბუნებრივია, დაგვაპატიმრებდნენ, ამიტომ საქართველოში წამოვედი".

ხათუნა კონჯარიას კითხვებზე, "საქართველოში ჩამოსვლამდე იცოდით თუ არა რაიმე ქართული ხელისუფლების შიდა სამზარეულოზე - ვთქვათ, ის, რომ ჩვენი ქვეყნის მთავრობაში არსებული გარკვეული ჯგუფები პრორუსულ ინტერესებს ლობირობენ? ამ ფონზე ნუთუ არ გეშინოდათ საქართველოში ჩამოსვლა? რატომ აირჩიეთ მაინცდამაინც საქართველო?", რომან დუროვი ამბობს, რომ შეიძლებოდა სომხეთში ჩასვლაც, მაგრამ სომხეთთან შედარებით საქართველო მისთვის უფრო მისაღებ ქვეყანას წარმოადგენს. ნიკა ნიკულშინას თქმით, იგი "მოძმე სლავურ უკრაინაში" წასვლაზე ფიქრობდა, მაგრამ შემდეგ აზრი შეიცვალა - "უკრაინელი პოლიციელის შეხედვაც კი არ მინდა, აქ კი ქართულ პოლიციას, ფორმიან ადამიანებს, მშვიდად ვუყურებ". კირილე ალექსეევის თქმით, რუსეთს შენგენის უვიზო რეჟიმი არ აქვს, საქართველოში კი არის, რაც დიდი პლუსია. "რატომ საქართველო და არა უკრაინა? უკრაინაში პოლიტიკური მომენტების გამო არ წავედი. როგორც კი იქ ჩახვალ, იმ წუთში გეკითხებიან - აბა, ყირიმი ვისია... თუ გაიგებენ, რომ რუსეთში პოლიტიკური საქმიანობით იყავი დაკავებული, მოგთხოვენ უკრაინისადმი თითქმის ერთგულების ფიცის დადებას... მე ვლადიმერ ზელენსკის მომხრე არ ვარ, უკრაინის პოლიტიკის ბევრი მომენტი არ მომწონს".

ალექსანდრე სოფეევის თქმით, მან იცოდა, რომ საქართველო რუსეთის რეჟიმისაგან დაზარალდა, ამიტომ აქ ჩამოსვლა გადაწყვიტა. მას საქართველოში მეგობრები ჰყავს და თავს კომფორტულად გრძნობს. იგი მადლობას უხდის საქართველოს, რომ თავის შეფარებისა და მშვიდ სიტუაციაში ცხოვრების შესაძლებლობა აქვს.

ხათუნა კონჯარიას კითხვაზე - იციან თუ არა მათ რაიმე აფგან მუხთარლის შესახებ, რომელიც 2017 წელს აზერბაიჯანის სპეცსამსახურებმა თბილისიდან გაიტაცეს (ანუ პრეცედენტი არსებობს), ნიკა ნიკულშინამ და რომან დუროვმა თქვეს, რომ ისინი სასწრაფოდ წამოვიდნენ რუსეთიდან, მათ საქართველოს სიტუაციის ღრმად შესწავლის შესაძლებლობა არ ჰქონდათ, შანსი მიეცათ და ამ შანსით ისარგებლეს. ფაქტობრივად, ყველაფერი მეგობრების დახმარებით გააკეთეს - ბარგის შეგროვება, ბილეთებით უზრუნველყოფა და ა.შ. "მოკლედ, რადგანაც ჩვენმა ხელისუფლებამ ჩათვალა, რომ ჩვენი ფეხი რუსულ მიწაზე არ უნდა იყოს, წამოვედით".

კითხვაზე, მშვიდად გრძნობს თუ არა თავს საქართველოში, კირილ ალექსეევი ამბობს, რომ მართლაც მშვიდი გარემოა. "მე არ ვთვლი საკუთარ თავს ისეთ პიროვნებად, რომელიც საქართველოსთვის საფრთხეს წარმოადგენს კრემლთან მიმართებით. თქვენი ხელისუფლების პოლიტიკა საინტერესოა იმით, რომ ის ცდილობს კომპრომისის მიღწევას და უსაფრთხოდ ყოფნას "ორ ძლიერ ჭავლს შორის". ამასთან, არ გამოვრიცხავ, რომ ბოლო დროს მომხდარი მოვლენები (ჟურნალისტების ცემა) მთავრობამ "ქანჩების მოსაჭერად" გამოიყენოს". (წყარო)

მოამზადა სიმონ კილაძემ