"მიხეილ სააკაშვილის ვიდეო ვნახე, სადაც ფაქტობრივად ადამიანების დაჭერით იმუქრება" - კვირის პალიტრა

"მიხეილ სააკაშვილის ვიდეო ვნახე, სადაც ფაქტობრივად ადამიანების დაჭერით იმუქრება"

"მიხეილ სააკაშვილის ვიდეო ვნახე, სადაც ფაქტობრივად ადამიანების დაჭერით იმუქრება, ეს ნიშნავს, რომ ამ პოლიტიკური პარტიის მთავარი იდეა, მისი ლიდერის აზრი, არის ის, რომ ხელისუფლებაში მოვიდეს და წესრიგი დაამყაროს - ვიღაც დაიჭიროს", - ამის შესახებ "გირჩის" დეპუტატმა ვახტანგ მეგრელიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციას სჭირდება რაიმე იდეაზე ჩამოყალიბება, რომლითაც არჩევნებზე გავა, თუმცა "ქართულ ოცნებასა" და "ნაციონალურ მოძრაობას" შორის არსებული დაპირისპირება ამის საშუალებას არ იძლევა.

"მნიშვნელოვანია, რომ ადამიანებზე კი არ გავაკეთოთ აქცენტი, არამედ პარტიულ იდეაზე. შესაბამისად, ოპოზიციამ უნდა იჩქაროს არა მაჟორიტარების წარდგენა, არამედ იდეაზე ჩამოყალიბება, რომლითაც გადის ამ არჩევნებზე. განვმარტავ, რომ უფრო გასაგები იყოს - მაგალითად, "ნაციონალური მოძრაობის" დღევანდელი ლიდერი რას ფიქრობს ზოგადად პოლიტიკაზე, მისი შეხედულებები როგორია, განსხვავდება თუ არა "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებაში ყოფნის პოლიტიკისგან. მაგალითად, გუშინ მიხეილ სააკაშვილის ვიდეო ვნახე, სადაც ფაქტობრივად ადამიანების დაჭერით იმუქრება, უკრაინაში გენერლის მაგალითზე ამბობს, რომ საქართველოშიც ეს ამბავი მოხდებაო. ეს ნიშნავს, რომ ამ პოლიტიკური პარტიის მთავარი იდეა, მისი ლიდერის აზრი, არის ის, რომ ხელისუფლებაში მოვიდეს და წესრიგი დაამყაროს - ვიღაც დაიჭიროს და ა.შ.

ჩემი აზრით, ეს დაპირისპირება რაც თუნდაც, ამ პარლამენტში ხდება ამ ორ პარტიას შორის, ფიზიკურად არავის აძლევს საშუალებას, რომ რაიმე იდეაზე ილაპარაკონ. ეროვნული ბანკის 2 მილიარდზე ვლაპარაკობდით და არც ერთი ოპოზიციონერი არ იყო დარბაზში იმიტომ, რომ ეს ხალხი იბრძვის იმისთვის, რომ ხელისუფლებაში მოვიდეს, ხელში ჩაიგდოს იგივე სასამართლო, რომელზეც დღეს ვამბობთ, რომ დამოუკიდებელი არაა, ეს თუ დღეს "ქართული ოცნების" მორჩილებაში გამოიხატება, ხვალ შეიძლება გამოიხატებოდეს სხვა პარტიის მორჩილებაში და ფიზიკურად არ გვაქვს შესაძლებლობა ვილაპარაკოთ იმაზე, თუ რა უნდა მოხდეს, რომ ეს ინსტიტუციონალურად შეიცვალოს", - განაცხადა მეგრელიშვილმა.

რაც შეეხება "გირჩის" ამომრჩეველს, როგორც მეგრელიშვილი აღნიშნავს, ნაწილმა შესაძლოა, კალაძეს მისცეს ხმა, ნაწილმა ნიკა მელიას, ნაწილმა კი არც ერთს. მეგრელიშვილი აღნიშნავს, რომ არჩევანს თავად არ განუსაზღვრავენ.

"ჩვენ ვართ ახალი პარტია, ჩვენი ამომრჩევლის მნიშვნელოვანი ნაწილი არის ის, ვისაც თავის დროზე ჰქონდა სიმპატიები "ქართულ ოცნებასთან", ან "ნაციონალურ მოძრაობასთან", უცხოპლანეტელები ჩვენს ამომრჩევლებად ჯერჯერობით არ ჩამოსულან" , - აცხადებს მეგრელიშვილი.

"მნიშვნელოვანი მგონია არჩევნებამდე ისე მისვლა, რომ ახლიდან არ დავიწყოთ მიტინგომანია - თუ ქართველი ხალხი ჩათვლის, რომ 5 ივლისი ნამდვილად არის "ქართული ოცნების" პასუხისმგებლობა, მაშინ ხმებსაც ვერ მიიღებს შესაბამისი რაოდენობით",- ამის შესახებ "გირჩის" დეპუტატმა ვახტანგ მეგრელიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, 5 ივლისის მოვლენებზე პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას ემხრობიან. მეგრელიშვილი დასძენს, რომ ეს იდეა თავდაპირველად სწორედ მათ გაახმოვანეს, რის შემდეგაც ინიციატივა ოპოზიციონერმა კოლეგებმა შეიტანეს და "გირჩი" ამ ინიციატივას ეთანხმება.

"როგორც მედიიდან მესმის ვიღაცებზე პროცესები მიმდინარეობს, ანუ "ოცნება" აჩვენებს, რომ რაღაცას შვება, მაგრამ არ მჯერა, რომ იმ სასამართლო სისტემაში მიღებული გადაწყვეტილებებით, რომელიც გვაქვს, საზოგადოება იქნება კმაყოფილი ამ პროცესით. ამიტომ მიგვაჩნია, რომ კარგი იქნებოდა ეს "ქეისი" პარლამენტში საგამოძიებო კომისიის ფორმატში გამოძიებულიყო. მე არ შემიძლია სრულად დავეყრდნო არც მედიაში გავრცელებულ და არც "ქართული ოცნების" მიერ ოფიციალურად გამოქვეყნებულ ინფორმაციას, რომ კონკრეტული ადამიანები დავადანაშაულო, მაგრამ ფაქტი სახეზეა - 5 ივლისს მოხდა ადამიანის ძალიან მნიშვნელოვანი უფლებების დარღვევა და სახელმწიფოს ფუნქციის შეუსრულებლობით დადგა ფაქტი. ამაში ვინაა დამნაშავე სათანადო პროცესი უნდა იყოს წარმართული, ამის იმედი არ მაქვს, რომ ეს პროცესი წარიმართება მედიაში საჯაროდ და არც სასამართლოში, ამიტომ პარლამენტს უნდა გამოეძიებინა ეს "ქეისი". ჩვენ რომ ეს პროცესი გადავზარდოთ კრიზისში, შეიძლება, 2 თვეში ვერ ჩავატაროთ არჩევნები და მე უფრო მნიშვნელოვანი მგონია არჩევნების ჩატარება და არჩევნებამდე ისე მისვლა, რომ ახლიდან არ დავიწყოთ მიტინგომანია და ვინ უნდა დავიჭიროთ ამის ძახილი, თუ ქართველი ხალხი ჩათვლის რომ 5 ივლისი ნამდვილად არის "ქართული ოცნების" პასუხისმგებლობა, მაშინ ხმებსაც ვერ მიიღებს შესაბამისი რაოდენობით,"- განაცხადა მეგრელიშვილმა.