"ხოშტარია-მელიას ტანდემი არის მარცხის ფორმულა, რადგან ბოკერიას თავშია მოხარშული" - კვირის პალიტრა

"ხოშტარია-მელიას ტანდემი არის მარცხის ფორმულა, რადგან ბოკერიას თავშია მოხარშული"

"პრობლემა იცით რა არის? ოპოზიციაში ვერავინ იყურება პარტიული ამბიციების მიღმა. 2017-ში მე მებრძოდნენ, ნაცვლად იმისა, რომ კალაძესთან ებრძოლათ და რა მივიღეთ?" - მე მოვუგე მათ, მაგრამ წავაგეთ კალაძესთან, - ამის შესახებ პარტია "მოქალაქეების" ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა "პალიტრანიუსის" გადაცემა "ნიუსრუმში" განაცხადა.

ალეკო ელისაშვილის თქმით, მელია-ხოშტარიას ტანდემს მხარს არ უჭერს, რადგან "ხოშტარია მელიასთვის იქნება დამანგრეველი".

"მაშინ ფეხებში რომ არ გამბლანდოდნენ და ერთიანი კანდიდატი რომ ვყოფილიყავი, აუცილებლად გავიდოდით მეორე ტურში. ამას მათემატიკა ამბობს - 51% აიღო კალაძემ. ერთი პროცენტით გადაძვრა მეორე ტურში. ახლაც იგივეს აკეთებენ, იმის ნაცვლად რომ დაგველაპარაკონ. მაგრამ იმის შემდეგ, რაც გააკეთეს, რა ნამუსით უნდა დაგველაპარაკონ.

ახლა ბოკერიამ რომ დაალაგა ხოშტარიას და მელიას ტანდემი, ხოშტარია მელიასთვის იქნება დამანგრეველი. ეს არის მარცხის ფორმულა, რადგან ბოკერიას თავში არის მოხარშული. ეს არის კაცი, რომელმაც საკუთარი პარტია დაანგრია. მან ბევრი მილიონი დახარჯა იმისთვის, რომ საკუთარი პარტია დაენგრია, გაგიგიათ ასეთი რამე?", - აღნიშნა ელისაშვილმა.

მან ასევე ისაუბრა იმის შესახებ, თუ რატომ თქვა უარი თბილისის მერის არჩევნებში მონაწილეობაზე.

"რატომ ვთქვი უარი მერობაზე? იმიტომ რომ არ მინდა მოვიქცე უპასუხისმგებლოდ. პენსიებთან დაკავშირებით, 5 ივლისის ამბებმა ეს საკითხი ოდნავ გაჭედა, მაგრამ დღეს პენსიებთან დაკავშირებული ერთი ამბავი შეიძლება გახდეს ცნობილი. ვეტერანებთან დაკავშირებით - ღარიბაშვილს ვათქმევინე, რომ ვეტერანების დახმარება 2022 წლის ბიუჯეტიდან გაიზრდება და აღარ იქნება სამარცხვინო 22 ლარი. სულ ცოტა ხანში გამოცხადდება ერთობლივი კომისია მიწის რეფორმასთან და მიწის ხალხისთვის დაბრუნებასთან დაკავშირებით, რაც ასევე ჩემი დაძრულია", - აღნიშნა ელისაშვილმა.

ელისაშვილის თქმით, მას თბილისი მერობაზე უფრო მნიშვნელოვანი საქმეები აქვს.

"ბევრ რამეს არ მინდა მივედ-მოვედო, სამი საკითხი მინდა დავძრა. ერთი საარჩევნო საკითხი დავძარით და დასრულებულია ეს საკითხი, მეორე - ვეტერანები და პენსიები, მესამე - მიწის რეფორმა უნდა დაიძრას. სამივე არის დაძრული და წელს ბოლომდე უნდა მივიყვანო. ეს თუ ბოლომდე არ მივიყვანე, ახლა რომ მერობაზე გადავხტე და მე მომეცითთქო ხმა, მერე როგორ შევხედო ხალხს?", - თქვა ელისაშვილმა.