"შენი სუ­ლე­ლი ნა­თე­სა­ვი იქ­ნე­ბა, მე­ზო­ბე­ლი, ბი­ძაშ­ვი­ლი, თუ შვი­ლი, თუ წინ წა­აგ­დე, მორ­ჩა, ქვე­ყა­ნა ვე­რა­ფერს ვერ მი­აღ­წევს" - კვირის პალიტრა

"შენი სუ­ლე­ლი ნა­თე­სა­ვი იქ­ნე­ბა, მე­ზო­ბე­ლი, ბი­ძაშ­ვი­ლი, თუ შვი­ლი, თუ წინ წა­აგ­დე, მორ­ჩა, ქვე­ყა­ნა ვე­რა­ფერს ვერ მი­აღ­წევს"

პარტია "საქართველოსთვის" ლიდერი, გიორგი გახარია ჩხოროწყუს მაცხოვრებლებს შეხვდა. სიტყვით გამოსვლისას კი ის ტყუილები ჩამოთვალა, რომლებიც გახარიას თქმით, "ქართულმა ოცნებამ" მის შესახებ თქვა.

"პირველი ტყუილი - რომ გადავდექი, თქვეს, გახარიამ "ნამახვანს" ხელი მოაწერაო და ქართული მიწა გაყიდაო, ეს იყო სუფთა ტყუილი, ეს იყო პირველი ტყუილი, მერე იყო მეორე ტყუილი - გახარიას პარტიას კეზერაშვილი აფინანსებსო. მერე იყო მესამე ტყუილი - გახარიაო სააკაშვილსო ამერიკაში შეხვდაო, ესეც ტყუილი იყო.

ასეთი ტყუილები კიდევ ბევრი იქნება იმიტომ, რომ ეშინიათ, იმიტომ რომ ხედავენ ხალხის მხარდაჭერას, ხედავენ, რომ კეთილსინდისიერი, ახალგაზრდა პატიოსანი პროფესიონალები გვყავს გვერდით. იციან, რომ მომავალი ამ ხალხის არის", - აღნიშნა "საქართველოსთვის" ლიდერმა.

გახარიამ ასევე ხაზგასმით აღნიშნა ის, რომ ნათესავებისთვის, ნათესაობის გამო, "ხელი არასდროს წაუკრავს."

"ჩემი ბევრი ნათესავია ახლა აქ, აბა ჰკითხეთ თუ ვინმესთვის ნათესაობის გამო ხელი წამიკრავს, არც ერთი ადამიანისთვის. არც აქ არავინ არ იქნება, ვისაც მე გავუწევ რეკომენდაციას. აქაურებმა უნდა აარჩიონ, ვინ უნდა წარმოადგენდეს ჩხოროწყუს.

თუ გგონიათ ახლა ჩხოროწყუში, ან მუხურში ცოტა ნათესავი მყავს, ან ცოტა მთხოვნელი იყო... არასდროს ეს არ გამიკეთებია და არ გავაკეთებ, იმიტომ, რომ სხვანაირად ქვეყანა არ აშენდება. შენ თუ პროფესიონალს, უფრო ძლიერ ადამიანს გზა არ დაუთმე და შენი სულელი ნათესავი იქნება, მეზობელი, ბიძაშვილი, თუ შვილი წინ წააგდე, მორჩა, ქვეყანა ვერაფერს ვერ მიაღწევს.

ჩემთვის, გიორგი გახარიასთვის, ძლიერ სახელმწიფოზე უფრო მნიშვნელოვანი არაფერია. თუ ჩვენ ძლიერ სახელმწიფოს არ ავაშენებთ, ვერც გლეხს ვერავინ ვერ დაიცავს, ვერც ქართულ კულტურას, ვერც ჩვენს იდენტობას, ვერც ჩვენს ტრადიციებს და ვერაფერს. სახელმწიფომ უნდა დაიცვას ეს. ახლა რაც მოხდა, ქუჩაში ცემა-ტყეპა რომ იყო, სახელმწიფო რომ გაიქცა და ეკლესიის ზურგს რომ ამოეფარა, კარგი იყო ეს?!

შენ, სახელმწიფო, ეკლესიასაც უნდა იცავდე, კულტურასაც უნდა იცავდე. ეს ხდება იმიტომ, რომ სახელმწიფო სუსტია და სუსტი სახელმწიფო, ვერც ოკუპაციას უშველის, ვერც მტრებისგან დაგვიცავს და ვერც ჩვენი დევნილების უკან დაბრუნებას ვერ უზრუნველყოფს, იმიტომ რომ კორუფცია, ნეპოტიზმი, ბიძაშვილი, მამიდაშვილი უკვე სისტემური ხდება და დასამთავრებელია ეს", - განაცხადა გიორგი გახარიამ.