"სამწუხაროდ, "ნაციონალურ მოძრაობას" შეთანხმების ხელმოწერის პროცესიც კი არ დაუწყია, მათ „ქართულ ოცნებას“ ხელმოწერის ანულირება გაუადვილეს" - კვირის პალიტრა

"სამწუხაროდ, "ნაციონალურ მოძრაობას" შეთანხმების ხელმოწერის პროცესიც კი არ დაუწყია, მათ „ქართულ ოცნებას“ ხელმოწერის ანულირება გაუადვილეს"

"ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" 19 აპრილის შეთანხმების ხელმოწერის პროცესიც კი არ დაუწყია. მათ "ქართულ ოცნებას" თავიანთი ხელმოწერის ანულირება გაუადვილეს, - ამის შესახებ ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი "ტვიტერში" წერს, სადაც ის აშშ-ის სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის წევრ ჯიმ რიშის განცხადებას აზიარებს.

"მართალია. სამწუხაროდ, ასევე მართალია უდიდესი ოპოზიციური პარტიის – "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მიმართებითაც, რომელსაც 19 აპრილის შეთანხმების ხელმოწერაც კი არ დაუწყია. მათ "ქართულ ოცნებას" თავიანთი ხელმოწერის ანულირება გაუადვილეს. კიდევ უფრო მართალია: ამ გადაწყვეტილებებით ყველაზე მეტად საქართველოს მოსახლეობა დაზარალდება", - წერს ევროპარლამენტარი.

ცნობისთვის, ამერიკელი სენატორი, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი ჯიმ რიში "ქართული ოცნების" მიერ 19 აპრილის შეთანხმების ანულირებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

"ქართული ოცნების" გადაწყვეტილება, გავიდეს 19 აპრილის შეთანხმებიდან, მთავრობის პასუხისმგებლობის მოხსნაა და როგორც ჩანს, მიუთითებს იმაზე, რომ პარტიას მხოლოდ საკუთარი მომავალი აღელვებს - არა მთელი ქვეყნის. ქართველი ხალხი უკეთესს იმსახურებს", - წერს რიში "ტვიტერზე".