"ნაცმოძრაობა" შეთანხმებას დიდი ხანია არ უერთდება, თუმცა "ოცნებას" ახლა გაახსენდა - შესაძლოა, "ოცნებას" ჰქონდეს საფუძვლიანი შიში, რომ 43%-ს ვერ მოიპოვებს" - კვირის პალიტრა

"ნაცმოძრაობა" შეთანხმებას დიდი ხანია არ უერთდება, თუმცა "ოცნებას" ახლა გაახსენდა - შესაძლოა, "ოცნებას" ჰქონდეს საფუძვლიანი შიში, რომ 43%-ს ვერ მოიპოვებს"

"არაა გამორიცხული, "ქართულმა ოცნებამ" ისევ შემოგვთავაზოს პროცედურული ცვლილებები, რომლებიც ძირეულად არაფრის მომტანია ისე როგორც აქამდე აკეთებდა და ამ ყველაფერს დაარქვას სასამართლოს სისტემაში რეფორმა - თუ "ქართულ ოცნებას" სურდა, სასამართლო სისტემაში რამე შეეცვალა, აქამდეც გააკეთებდა და უზენაეს სასამართლოში იმ 6 წევრს არ დანიშნავდა",- ამის შესახებ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ ნიკა სიმონიშვილმა "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, რითაც შეაფასა "ქართული ოცნების" მიერ შარლ მიშელის დოკუმენტის ანულირება და მმართველი გუნდის განცხადება, რომ სასამართლო სისტემის რეფორმირებას გააგრძელებს.

როგორც სიმონიშვილმა აღნიშნა, "ქართულ ოცნება" დიდად არ გამოხატავს სურვილს, რომ რაიმე ძირეული ცვლილება განახორციელოს.

"როდესაც ვსაუბრობთ იმაზე, გააგრძელებს თუ არა "ქართული ოცნება" რეფორმას, უნდა ვისაუბროთ იმაზე, რას შეცვლის "ქართული ოცნება" მარეგულირებელ კანონმდებლობაში. "ქართული ოცნება" აქამდეც ამბობდა, რომ გარკვეულ რეფორმებს ახორციელებდა და ოთხი ტალღა ჰქონდა სასამართლოს რეფორმის, ამ ოთხი ტალღის იქით იყო კიდევ გარკვეული ცვლილებები, თუმცა ეს ყველაფერი უმეტესად ემსახურებოდა პროცედურულ და არა ძირეულ ცვლილებებს სასამართლო სისტემაში. აქედან გამომდინარე, არაა გამორიცხული, "ქართულმა ოცნებამ" ისევ შემოგვთავაზოს პროცედურული ცვლილებები, რომლებიც ძირეულად არაფრის მომტანია ისე, როგორც ამას აქამდე აკეთებდა და ამ ყველაფერს დაარქვას სასამართლოს სისტემაში გარკვეული რეფორმა. ამიტომ, თუ ჩვენ ვსაუბრობთ რეფორმაზე, ჩვენი გადასახედიდან ვსაუბრობთ ძირეულ რეფორმაზე, რომელიც გადაწყვეტილების მიღების წესს შეცვლის, ამ პროცესში პარტიების მონაწილეობას გაზრდის. შესაბამისად, თუ რეფორმა ამაზე არ იქნება ორიენტირებული, ეს იქნება უბრალოდ ზედაპირული რეფორმა და მეტი არაფერი. თუ არ იქნება რეფორმა ორიენტირებული იმაზე, რომ სასამართლო სისტემაში არსებული "კლანის" ძალაუფლება შემცირდეს და გადაწყვეტილების მიღება მოხდეს არა ერთი ჯგუფის, არამედ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არამოსამართლე წევრების ჩართულობის გაზრდითაც, რა თქმა უნდა, სხვა სახით ეს რეფორმა იქნება ზედაპირული.

მაშინ, როდესაც სასამართლო სისტემა უკვე დაკომპლექტებულია და შიგნით ცვლილებების განხორციელება პრაქტიკულად შეუძლებელია, ეს რეფორმა სადამდე წავა, რთული სათქმელია. როდესაც "ქართული ოცნება" სასამართლო სისტემაში ცვლილებებზე საუბრობს, ის მოიაზრებს მხოლოდ ზედაპირულ ცვლილებებს, რასაც აქამდეც აკეთებდა და ამის შემდეგაც, შესაძლებელია, მსგავსი ცვლილებები შემოგვთავაზოს - თუ "ქართულ ოცნებას" სურდა, სასამართლო სისტემაში რამე შეეცვალა, აქამდეც გააკეთებდა და უზენაეს სასამართლოში იმ 6 წევრს არ დანიშნავდა",- განაცხადა სიმონიშვილმა.

რაც შეეხება შარლ მიშელის დოკუმენტის კიდევ ერთ ნაწილს - 43%-იან ზღვარს, სიმონიშვილის თქმით, შესაძლოა, შეთანხმების ანულირება უკავშირდებოდეს მმართველი გუნდის შიშს, რომ არჩევნებზე 43%-ს ვერ მოიპოვებს.

"ნაციონალური მოძრაობა" ამ შეთანხმებას უკვე დიდი ხანია არ უერთდება, თუმცა "ქართულ ოცნებას" ახლა გაახსენდა ეს ყველაფერი და ეს ამ შეთანხმების ანულირების საფუძვლად ახლა დაასახელა. ეს ბადებს კითხავს, რატომ გააკეთა ეს ახლა, არჩევნების თარიღთან ასე ახლოს და არა თავიდანვე, როდესაც "ნაციონალური მოძრაობა" ამ შეთანხმებას არ შეუერთდა. შესაძლებელია, რომ "ქართულ ოცნებას" ჰქონდეს საფუძვლიანი შიში, რომ 43%-ს არჩევნებზე ვერ მოიპოვებს და შესაძლებელია, რეალურად სწორედ ამას უკავშირდებოდეს ეს გადაწყვეტილება და არა იმას, რომ შეთანხმებას "ნაციონალური მოძრაობა" არ შეუერთდა",- განაცხადა სიმონიშვილმა.

გარდა ამისა, სიმონიშვილის აზრით, როდესაც შეთანხების ერთ ნაწილთან, "სასამართლო რეფორმებთან დაკავშირებით, მოვისმინეთ, რომ არ არის გამორიცხული, ქვეყნის პარტნიორებმა შესაბამის ფინანსურ სანქციებზე იფიქრონ, შესაძლოა, მოვისმინოთ მსგავსი განცხადებები ხელშეკრულების ანულირებასთან მიმართებითაც და კონკრეტული ნაბიჯებიც ვიხილოთ".