იაგო ხვიჩია ოპოზიციასთან კონსულტაციაზე: "მე ყველგან დავდივარ სადაც დამპატიჟებენ, უბრალოდ, მარტივი არ არის ყველასთვის ჩემი იქ ატანა" - კვირის პალიტრა

იაგო ხვიჩია ოპოზიციასთან კონსულტაციაზე: "მე ყველგან დავდივარ სადაც დამპატიჟებენ, უბრალოდ, მარტივი არ არის ყველასთვის ჩემი იქ ატანა"

"მე ყველგან დავდივარ სადაც დამპატიჟებენ, უბრალოდ, მარტივი არ არის ყველასთვის ჩემი იქ ატანა", - ასე პასუხობს "გირჩის" დეპუტატი იაგო ხვიჩია კითხვას, რამდენად მიიღებს კონსულტაციებში მონაწილეობას ოპოზიციასთან იმასთან დაკავშირებით, თუ რა იქნება მათი საპასუხო ნაბიჯი "ქართული ოცნების" შეთანხმებიდან გასვლაზე.

ხვიჩია აღნიშნავს, რომ მათი პოზიცია საჯაროდ არის ცნობილი და ისინი კანონიერად, პარლამენტის პარალიზების ინიციატივით გამოდიან, რაც ყველა ოპოზიციონერი კოლეგის მიერ მისთვის განკუთვნილი დროის სრულად გამოყენების შემთხვევაში იქნება შესაძლებელი. რაც შეეხება ოპოზიციასთან კონსულტაციას, როგორც ხვიჩია ამბობს, კოლეგები მათზე კვლავ გაბუტულები არიან.

"ჩვენ არც ერთ კონსულტაციაზე, არც ერთ შეხვედრაზე არასოდეს გვითქვამს უარი. პირიქით, იმათ არ მოსწონდათ ჩვენ რომ დავდიოდით. "ლეიბორისტული პარტიის" ოფისში უკადრებელიც კი იკადრეს, გარეთ გავიდნენ სიგარეტის მოსაწევად. შესაბამისად, მე კი არ მაქვს მათთან ლაპარაკის პრობლემა, ყველას ვერ ექნება ჩემთან სალაპარაკო გამბედაობა, როცა ისეთი რამე გაქვს გაკეთებული, როგორიც გაქვს, ამიტომ ჯერ ესენია მოსაგვარებელი და მერე შეიძლება ამაზე საუბარი, თორემ მე ყველგან დავდივარ სადაც დამპატიჟებენ, უბრალოდ, მარტივი არ არის ყველასთვის ჩემი იქ ატანა",- აცხადებს ხვიჩია.