"გაოცებული და იმედგაცრუებული ვართ "ქართული ოცნების" მოულოდნელი გადაწყვეტილებით" - ევროპარლამენტარები განცხადებას ავრცელებენ - კვირის პალიტრა

"გაოცებული და იმედგაცრუებული ვართ "ქართული ოცნების" მოულოდნელი გადაწყვეტილებით" - ევროპარლამენტარები განცხადებას ავრცელებენ

საქართველოში დემოკრატიის წინსვლის მარცხი მხოლოდ მათ მოუტანს სარგებელს, ვინც მის ევროატლანტიკური ინტეგრაციის კურსს ეწინააღმდეგება , - ამის შესახებ ევროპარლამენტარების მარინა კალიურანდის, სვენ მიკსერის და ვიოლა ფონ კრამონის ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი, რომელიც "ქართული ოცნების" მიერ 19 აპრილის შეთანხმებიდან გასვლას უკავშირდება.

განცხადებაში ევროპარლამენტარები მოუწოდებენ "ქართულ ოცნებას" გააუქმოს თავისი გადაწყვეტილება.

ამასთან, ევროპარლამენტარების განცხადებაში საუბარია არჩეულ ოპოზიციურ პარტიებზე, რომლებმაც ხელი არ მოაწერეს ხელშეკრულებას.

"ჩვენ გაოცებული და იმედგაცრუებული ვართ მმართველი პარტიის "ქართული ოცნების" მოულოდნელი გადაწყვეტილებით, ცალმხრივად გავიდეს 19 აპრილის შეთანხმებიდან, რომელსაც ხელი მოეწერა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის შუამავლობით.

საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში და ასევე ევროკავშირ-საქართველოს ურთიერთობებში ეს მნიშვნელოვანი შეთანხმება გზას უხსნის პოლიტიკური პოლარიზაციის მოგვარებას და საქართველოში კანონის უზენაესობის განმტკიცებას, მიმართულია ძირითადი საკითხებისკენ, როგორებიცაა სასამართლოს დამოუკიდებლობა, საარჩევნო სისტემის ან პარლამენტში ძალთა გადანაწილების გაუმჯობესება.

"ქართული ოცნების" განცხადებების, რომ შეთანხმებამ მისი მიზანი შეასრულა და შესაბამისად მიაღწია თავის ზღვარს, საპირისპიროდ ჩვენ მიგვაჩნია, რომ ის ხაზს უსვამს რეფორმებს, რომლებიც უნდა გაგრძელდეს და გაძლიერდეს წლების განმავლობაში და არა მხოლოდ ეპიზოდურად.

არჩეულ ოპოზიციურ პარტიებს, რომლებმაც ხელი არ მოაწერეს ხელშეკრულებას, ასევე აქვთ დიდი წილი პასუხისმგებლობა ამ პროგრესის შეფერხებაზე. ხოლო ჩვენ ვაფასებთ იმ ოპოზიციონერი პოლიტიკოსების გადაწყვეტილებას, რომლებმაც ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას და კვლავაც ერთგულები არიან აღებული ვალდებულებებისადმი.

მიუხედავად ამისა, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა დანიშვნის გაგრძელების და მიუღებელი ძალადობის შემდეგ, რამაც თბილისი პრაიდის გაუქმება გამოიწვია, მმართველი პარტიის გუშინდელი განცხადება მორიგი იმედგაცრუება იყო.

ჩვენ მოვუწოდებთ "ქართულ ოცნებას" გააუქმოს თავისი გადაწყვეტილება და ჩვენ მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკურ პარტიას, იმუშაონ ერთად, კეთილსინდისიერად და საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებებისათვის, რათა დარწმუნდნენ, რომ შეთანხმება გულდასმით არის შესრულებული, როგორც სიტყვიერად, ასევე არსობრივად.

ჩვენ ვადასტურებთ ევროპარლამენტის მზაობას გააგრძელოს მჭიდრო თანამშრომლობა საქართველოს პარლამენტთან დემოკრატიის მხარდაჭერით, მათ შორის ჟან მონეს დიალოგის გზით, იმ პირობით, რომ ჩვენი ქართველი კოლეგები გამოავნლენენ მზადყოფნას კონსტრუქციულად ჩაერთონ ასეთ საქმიანობაში. საქართველოში დემოკრატიის წინსვლის მარცხი მხოლოდ მათ მოუტანს სარგებელს, ვინც მის ევროატლანტიკური ინტეგრაციის კურსს ეწინააღმდეგებ", - ნათქვამია განცხადებაში.

"ინტერპრესნიუსი"