"არა თუ 43% ვერ აიღებს, ოთხიანით ვერ დაიწყება "ქართული ოცნების" შედეგი თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, რუსთავში" - კვირის პალიტრა

"არა თუ 43% ვერ აიღებს, ოთხიანით ვერ დაიწყება "ქართული ოცნების" შედეგი თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, რუსთავში"

"ქართულმა ოცნებამ" დაიჯერა, რომ 43%-ის ამღები ვერ არის, ვერც გაყალბებული არჩევნების პირობებში, - ამის შესახებ "რესპუბლიკელების" ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით ბერძენიშვილმა "პალიტრანიუსის" ეთერში გადაცემაში "360 გრადუსი" "ქართული ოცნების" მიერ 19 აპრილის შეთანხმების ანულირებაზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, შეთანხმების დარღვევაში "ქართული ოცნების" წვლილი განუზომლად დიდია და მის "დანაშაულს" "ნაციონალური მოძრაობის" მიერ დოკუმენტზე ხელის არ მოწერასთან ვერ გავათანაბრებთ.

"განუზომლად მეტია "ქართული ოცნების" პასუხისმგებლობა და დანაშაული, ვიდრე ოპოზიციაში რომელიღაცა პარტიამ მოაწერა ხელი თუ არ მოაწერა. ამერიკის საელჩოს განცხადება არის გაბრაზებული განცხადება ამერიკის შეერთებული შტატების და მიმართულია პირდაპირ საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ და ასეთივეა რიშის განცხადება და ასე შემდეგ. ვერ გავათანაბრებთ, "ქართული ოცნება" ხელისუფლებაა და არაფერი არ დაუშავებია ამჟამად "ნაციონალურ მოძრაობას". ეს, მაპატიეთ და ყურით მოთრეული არგუმენტია.

მე ვვარაუდობ, რომ "ქართულმა ოცნებამ" ნამდვილად დაიჯერა, რომ 43%-ის ამღები ვერ არის ვერც გაყალბებული არჩევნების პირობებში. მას თბილისში და ბათუმში 2020 წელს ჰქონდა 42%, 43% 31 ოქტომბერსაც არ ჰქონია. არა თუ 43% ვერ აიღებს თბილისში, ოთხიანით ვერ დაიწყება "ქართული ოცნების" შედეგი თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, რუსთავში, თვითმმართველ ქალაქებში. აქ გახარიას ფაქტორიც არის, არითმეტიკული ფაქტორია.", - განაცხადა დავით ბერძენიშვილმა.

დავით ბერძენიშვილის განცხადებით, "ქართული ოცნების" მიერ შეთანხმების ანულირება გამოიწვია იმანაც, რომ ის ის დარწმუნდა, "ნაციონალური მოძრაობის" "მტრის ხატად" წარმოჩენის შესაძლებლობა ამოიწურა.

"არასახელისუფლებო ოპოზიციურ ფლანგზე გვყავს "ნაციონალური მოძრაობა" და მისგან დამოუკიდებლად არსებული პოლიტიკური ჯგუფები, უპირველეს ყოვლისა, ორ ფრაქციაში გაერთიანებული პარტიები პარლამენტში. ძალიან ნორმალურად თანამშრომლობენ "ნაციონალური მოძრაობის", "ლელოს", "სტრატეგია აღმაშენებლის" და "რესპუბლიკელების" ფრაქციები ერთმანეთთან, სწორედ ეს გახდა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მოტივი, რის გამოც "ქართული ოცნება" დარწმუნდა, რომ მტრის ხატის შესაძლებლობები მას ამოეწურა. "მიშა მოდის, მიშა მოდის" დამთავრდა", - განაცხადა დავით ბერძენიშვილმა.