გოგი ოჩიაური: "ნიკა კვინტრაძის მამას სააკაშვილის სურათი გულის ჯიბით დაჰქონდა" - კვირის პალიტრა

გოგი ოჩიაური: "ნიკა კვინტრაძის მამას სააკაშვილის სურათი გულის ჯიბით დაჰქონდა"

"რეზო შინ არ მოსულა. მას შემდეგ, რაც ეს ინტერვიუ მისცა, დაკითხვაზე წაიყვანეს. დაგვანებეთ თავი, არ ვიცით, სად არის რეზო..."

ნიკა კვინტრაძისა და სულიკო ასათიანის დაღუპვამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რამხელა უფსკრულია საზოგადოებასა და ხელისუფლებას შორის. მიუხედავად ასათიანისა და კვინტრაძის ოჯახის წევრების დუმილისა, საზოგადოების დიდ ნაწილს არ სჯერა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ოფიციალური ვერსია. საქართველოს ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს პათანატომის განცხადებით, ნიკა კვინტრაძისა და სულიკო ასათიანის სიკვდილის მიზეზი დენის დარტყმაა.

ნიკა კვინტრაძის ცხედარი 27 მაისს, აქციის დაშლის შემდეგ, მეტროს სადგურ ”თავისუფლების მოედანთან" მდებარე მაღაზიის სახურავზე აღმოაჩინეს.

სამწუხაროდ, არაფერს ამბობენ გარდაცვლილის ოჯახის წევრები, მათ არც  ალტერნატიული ექსპერტიზის ჩატარება მოუწადინებიათ, რაც უფრო ამძაფრებს ეჭვს, რომ ორივე ოჯახი საფუძვლიანად დაამუშავეს(!).

KvirisPalitra.Geკვინტრაძის გარდაცვალების შესახებ შეტყობინება ოჯახში კი არ გაგზავნეს, არამედ პირველად ნიკა კვინტრაძის პატიმარ შვილს აცნობეს, რომ მამამისი გარდაცვლილი იპოვეს. ოჯახს მან ციხიდან შეატყობინა მამის სიკვდილი(?!).

კეკელიძის ქუჩის #16-ში, სადაც ნიკა კვინტრაძე ცხოვრობდა, არათუ ოჯახის წევრებმა, მეზობლებმაც კი არ ისურვეს საუბარი.

"ვინ რას იტყვის? ორი თავი ვის აქვს? ან ოჯახის წევრები რას იტყვიან? დიახ, გვეშინია, ვიცით, რომ დაუცველი ვართ, მით Uუმეტეს, რომ ნიკას შვილი პატიმარია".

მიუხედავად იმისა, რომ ოჯახი დუმს, ჩვენთან საუბარი ნიკა კვინტრაძის მეგობარმა რეზო რეხვიაშვილმა გადაწყვიტა. მისი თქმით, ის და ნიკა კვინტრაძე 26 მაისის ღამეს "თავისუფლების მოედანზე" იყვნენ.

როცა სპეცდანიშნულების რაზმმა აქციის დარბევა დაიწყო, სამართალდამცველებმა დააკავეს, დაადეს ხელბორკილები და გადაიყვანეს ერთ-ერთ სამმართველოში. სწორედ აქედან იკარგება კვინტრაძის კვალი.

რეხვიაშვილს მეგობრის გარდაცვალების ოფიციალური ვერსია საეჭვოდ მიაჩნია და ვერ გაუგია, როგორ აღმოჩნდა ბორკილდადებული კვინტრაძე "თავისუფლების მოედანზე" მდებარე ერთ-ერთი მაღაზიის სახურავზე.

ჩვენ ამ საკითხზე გავესაუბრეთ სპეცსამსახურის გადამდგარ თანამშრომელს:

- ამ მაღაზიის სახურავზე ხელშეკრული კაცი ნამდვილად ვერ ავიდოდა. ერთადერთი ადგილი, საიდანაც შეიძლებოდა ნიკა კვინტრაძე და სულიკო ასათიანი სახურავზე ასულიყვნენ, მოსწავლეთა სასახლის ღობეა. ღობეზე მოჭიდებას რომ ბორკილდადებული კაცი ვერ მოახერხებდა, უდავოა. არის მეორე გზაც - მოსწავლეთა სასახლის ეზო, მაგრამ მის იმ ნაწილს, რომელიც მაღაზიის სახურავთან გადის, უშიშროების სამსახური აკონტროლებს და დაცვა დგას. ამრიგად, კვინტრაძე და ასათიანი ამ გზითაც ვერაფრით მოხვდებოდნენ სახურავზე. სამაგიეროდ, სწორედ სახელისუფლებო ორგანოებს შეეძლოთ მოსწავლეთა სასახლის ბაღიდან მაღაზიის სახურავზე შეუმჩნევლად ცხედრების გადატანა.

არის კიდევ ერთი დეტალი, რის გამოც ნიკა კვინტრაძისა და სულიკო ასათიანის დენით დაღუპვის ვერსია საეჭვოა. საინტერესოა, როგორ გამორჩა პრეზიდენტის დაცვის ფხიზელ თვალს სახურავზე ორი ცხედარი? 26 მაისს ხომ პრეზიდენტმა სწორედ ამ ტერიტორიაზე ჩაიბარა აღლუმი.

არსებობს საერთაშორისო სტანდარტები და შიდა სტანდარტები. ყოველ კონკრეტულ შემთხვევაზე ადგენენ პრეზიდენტის სამოძრაო მარშრუტის დეტალურ გეგმას და იღებენ უსაფრთხოების ზომებს სიტუაციისა და პრეზიდენტის მოქმედების შესაბამისად.

დანიშნულების ადგილზე პრეზიდენტის მისვლამდე დაახლოებით 5-6 საათით ადრე იწყება პერიმეტრზე განლაგებული შენობების (განსაკუთრებით სახურავების) დეტალურად შემოწმება. სპეციალური სამსახური ამოწმებს ყველა იმ შენობას, რომლის ფანჯარაც გადის პრეზიდენტის ადგილსამყოფლისკენ. თუ პრეზიდენტი საჯარო გამოსვლას აპირებს, დროებით ილუქება ის ოთახები, რომლებიც პრეზიდენტის დაცვას შეიძლება საფრთხის შემცველად მოეჩვენოს. ტყვიის სროლის მანძილზე (კილომეტრი-კილომეტრ-ნახევრის რადიუსში) ყველა შენობას საგულდაგულოდ ათვალიერებენ, ამოწმებენ. შემდეგ ახლომდებარე მაღლივი შენობების სახურავებზე განლაგდებიან სნაიპერები, რომლებიც ზემოდან სრულად აკონტროლებენ სიტუაციას".

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საინტერესოა, როგორ გამოეპარა პრეზიდენტის დაცვის სამსახურს, რომ მაღაზიის სახურავზე გვამები იყო? ამ ტერიტორიაზე ხომ უშიშროების სამსახურის უნებართვოდ ჩიტიც ვერ შეფრინდება. ასე რომ, არის კითხვები და არის საფუძვლიანი ეჭვიც, რომ ასათიანი და კვინტრაძე დენის დარტყმას არ დაუხოცავს, მაგრამ ვიდრე მათი ოჯახის წევრები დუმან და არ ჩატარებულა დამოუკიდებელი ექსპერტიზა, სიმართლის დადგენა შეუძლებელია.

დამატებითი დეტალების დასაზუსტებლად გადავწყვიტეთ ისევ დავკავშირებოდით ბატონ რეზო რეხვიაშვილს. ჩვენს სატელეფონო ზარს მისმა ოჯახის წევრმა უპასუხა:

- რა გინდათ ამ რეზოსაგან? რეზო ერთი წესიერი, პატრიოტი კაცია... რეზო შინ არ მოსულა, არც ვიცით, სად არის. მას შემდეგ რაც ეს ინტერვიუ მისცა, ვიღაც-ვიღაცები დაინტერესდნენ.

- კერძოდ, ვინ?

- დაკითხვაზე წაიყვანეს. დაგვანებეთ თავი, არ ვიცით, სად არის რეზო...

ნანა კაკაბაძე, არასამთავრობო ორგანიზაცია "ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებათა დაცვისთვის" ხელმძღვანელი: - დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, რომ ნიკა კვინტრაძე იმ სახურავზე არ მომკვდარა. რეხვიაშვილის გარდა კიდევ რამდენიმე თვითმხილველმა გვითხრა, რომ ნიკა ბორკილდადებული ნახეს 26 მაისის ღამეს. მის ოჯახზე ზეწოლაა, დაემუქრნენ, თუ იტყვიან იმას, რაც ხელისუფლებას ხელს არ აძლევს, პატიმარ შვილს სასჯელს გაუხუთმაგებენ. მას კი სულ რვა თვე აქვს დარჩენილი.

ნიკა კვინტრაძის ცხედრის აღმოჩენიდან მესამე დღეს ნიკას მამა, შალვა კვინტრაძე გულის შეტევით გარდაიცვალა. როგორც შევიტყვეთ, შალვა კვინტრაძე ცნობილი მოქანდაკის, გოგი ოჩიაურის მეგობარი ყოფილა.

გოგი ოჩიაური (მოქანდაკე): - შალვა ძალიან წესიერი და კარგი კაცი იყო.

შალვა და მიხეილ სააკაშვილი ჩემი დაბადების დღეზე შეხვდნენ ერთმანეთს. მახსოვს, ჯიბიდან მიხეილ სააკაშვილის ფოტო ამოიღო და მიშას აჩვენა, ნახე, შენი სურათი გულისჯიბით დამაქვსო. მერე ფოტოც ერთად გადაიღეს. როცა მიხეილ სააკაშვილი იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე იყო, შალვას ერთ-ერთი შვილი დაიჭირეს და მიხეილ სააკაშვილი  დაეხმარა...

- რომელი შვილი, ნიკა კვინტრაძე?

- არ ვიცი, რომელი. ის კი ვიცი, რომ შალვას მიშას სურათი ჯიბით დაჰქონდა.

"ვინც ინანიებს დანაშაულს, თითქმის დამნაშავე არ არის"

სენეკა