"სულიკო ასათიანის ცხედარს ყელი გადახვეული ჰქონდა, თვალი კი - დაფარული" - კვირის პალიტრა

"სულიკო ასათიანის ცხედარს ყელი გადახვეული ჰქონდა, თვალი კი - დაფარული"

"26 მაისს დაღუპული სულიკო ასათიანის ცხედარს წამების კვალი ეტყობოდა", - ეს ინფორმაცია "კვირის პალიტრას" ვანის საკრებულოს დეპუტატმა და ქრისტიან-დემოკრატების საპარლამენტო ფრაქციის აპარატის უფროსმა დავით ლორთქიფანიძემ მიაწოდა.

რატომ დუმს სოფელი და რისთვის ჩათვალა საჭიროდ დათო ლორთქიფანიძემ ოჯახის ნების  წინააღმდეგ წასვლა და ზოგიერთი ამბის გახმაურება, ამაზე თავად გვესაუბრა.

- 26 მაისს დაიღუპა ერთ-ერთი მოქალაქე, სულიკო ასათიანი, რომლის დაკრძალვაზეც ვიყავი როგორც ოჯახის ახლობელი. გავოცდი, მიცვალებული ერთიანად შავი იყო და ძალადობის ნიშნებიც ეტყობოდა, ყელი გადახვეული ჰქონდა, მარცხენა თვალი - დაფარული. მითხრეს, სულიკო ასათიანის ცხედრის გაპატიოსნება შოკის მომგვრელი იყოო. დადგება დრო, როცა აუცილებელი გახდება გვამის პათანატომიური ექსპერტიზის ჩატარება და ყველაფერს ნათელი მოეფინება.

- ე. ი. ეჭვობთ, რომ ასათიანი აწამეს?

- აშკარაა, ის დენის დარტყმით არ მომკვდარა. ამას დაემატა ისიც, რომ ვანში მასზე ბინძური ჭორებიც დაყარეს, თითქოს კაბელს იპარავდა და ამას ემსხვერპლა. არის მეორე ვერსიაც, თითქოს 26 მაისის აღლუმის დროს რაღაცის აფეთქებას აპირებდა, შეცდომა დაუშვა და Yთავად დაიღუპა. ასეთი სახელი ნამდვილად არ ჰქონია სულიკოს. ის ტრაგიკული პიროვნება იყო, მეათეკლასელი შვილი გარდაეცვალა. ამის შემდეგ ეკლესიურად ცხოვრობდა. სოფელში იმასაც ამბობენ, რომ მისი ვაჟიშვილი 27-ში დაიკარგა და დედა მთელი დღე ეძებდა. შემდგომ ბიჭი გამოჩნდა და გააკეთა კომენტარი ტელევიზიით, რომელმაც არაერთი კითხვა გააჩინა, სად იყო მთელი დღე? მას არ სურს ამაზე ლაპარაკი.

სულიკო ასათიანის დაკრძალვაზე ათჯერ მეტი ადამიანი უნდა ყოფილიყო, მაგრამ ას კაცამდეც არ ყოფილა. მოსახლეობა იმდენად არის დაშინებული, რომ დაკრძალვაზეც ვერ გაბედა მისვლა. უფრო მეტიც, გვერდით ეზოში მთელი დღე იყვნენ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, აკვირდებოდნენ სამძიმრის სათქმელად მომსვლელებს(?!).

მე იმიტომ გადავწყვიტე ამ ამბავზე საუბარი, რომ იმ რაიონში გავიზარდე, წლების წინ რაიონის ერთ-ერთი ხელმძღვანელი ვიყავი, ვარ მათი საკრებულოს წევრი, მოკლედ, ვანელებთან ვალდებულება მაქვს. მთხოვეს, იქნებ გაახმაუროთ ეს ამბავიო.

- ოპოზიციის წარმომადგენლებმა თუ მიაგეს პატივი მიცვალებულს?

- ჩემი იქ ყოფნისას არავინ ყოფილა.

- არსებობს თუ არა ფოტომასალა, რომელიც დაადასტურებს, რომ ცხედარს წამების კვალი ეტყობა?

- ვაპირებდი, ფოტო გადამეღო, მაგრამ მთხოვეს, ეს არ გამეკეთებინა და თავი შევიკავე.

- ჭირისუფალმა გთხოვათ?

- არა, ოჯახის ახლობელმა მითხრა, არ არის საჭირო ოჯახის გაღიზიანებაო. თუ დადგება ამის დრო, მიცვალებულის ექსჰუმაცია ძნელი არ იქნება. თუმცა, ოჯახის თანხმობა იქნება საჭირო.

ინტერვიუ დავით ლორთქიფანიძესთან იხილეთ www.palitratv.ge-ზე

ნინო ქართველიშვილი