ყველაზე დიდი პატრიოტი - კვირის პალიტრა

ყველაზე დიდი პატრიოტი

აბა, თუ იცით, ვინ არის საქართველოს ყველაზე დიდი პატრიოტი? რად უნდა ამას ბევრი ფიქრი? რა თქმა უნდა, ირაკლი ოქრუაშვილი. იგი ნამდვილი პატრიოტია.

ქვეყნის ასეთი პატრიოტი მეორე არ მეგულება. ხუმრობა ხომ არ არის, პარიზში ცხოვრობდე და ქვეყანაზე გული ისე შეგტკიოდეს, გამჩენი იქაც არ გასვენებდეს? ქვეყანა ისე გენატრებოდეს, წელიწადში ორჯერ ჩამოსვლის პირობას იძლეოდე (მერე რა, რომ ვერ ასრულებს. მთავარია, ამის დაუოკებელი სურვილი აქვს. ეს უკვე მეტყველებს მის დიდ პატრიოტიზმზე).

ხუმრობა ხომ არ არის, ქვეყანა ისე გიყვარდეს, მზად იყო, მტერი ქვეყნის ტელევიზიით გამოხვიდე და სამშობლოს ტერორისტების მფარველობაში ბრალი დასდო?! ОРТ-ს ეთერით გავრცელებულ კადრებში აცხადებს, რომ ჩეჩენ აჩიმეზ გოჩიაევს, რომელიც 1999 წელს მოსკოვსა და ვოლგადონსკში საცხოვრებელი სახლების აფეთქების ორგანიზატორი იყო, ქართველებმა არაერთხელ მისცეს კორიდორი.

ოქრუაშვილის თქმით, ამის მომსწრე თავად არის, ამ საკითხების გადაწყვეტით დაკავებული იყო შინაგან საქმეთა სამინისტრო, საქმის კურსში იყო პრეზიდენტი სააკაშვილიც. ხუმრობა ხომ არ არის, შენი ქვეყნის თუნდაც ცუდ პრეზიდენტზე პირადი წყენა ისე გქონდეს ძვალ-რბილში გამჯდარი, უკან არ დაიხიო და მტრულად განწყობილ ქვეყანას ისეთი ინფორმაცია მიაწოდო, რომელიც შეიძლება შენს ქვეყანაზე თავდასხმის საბაბად გამოიყენოს? ეს ყველაფერი განა მის დიდი პატრიოტულ სულზე არ  მეტყველებს?!

პოლიცია ხელშეუხებელია

26 მაისის მოვლენებიდან კვირაზე მეტი გავიდა. მიუხედავად იმისა, რომ ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია, გაერო და ევროკავშირი ქართული პოლიციის ძალის გადამეტების ფაქტებზე ლაპარაკობს, არც შსს-ს, არც პროკურატურას საქმე არ აღუძრავთ და არც მოკვლევა დაუწყიათ. შს სამინისტროს საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსმა შოთა უტიაშვილმა მხოლოდ ეს განაცხადა: "იმის გათვალისწინებით, რომ 26 მაისის ღამეს ცოტა ადამიანი აღმოჩნდა საავადმყოფოში და არც ერთი ადამიანის სიკვდილი პირდაპირ ან ირიბად არ იყო პოლიციის ქმედების შედეგი, საერთო ჯამში, აქციის დაშლის ოპერაციამ სტანდარტების შესაბამისად ჩაიარა".  ეს განცხადება მაფიქრებინებს, რომ ყველა, ვინც იმ ღამეს ძალას გადაამეტა ან დანაშაული ჩაიდინა, ისევ დაუსჯელი დარჩა. ეს უკვე ტრადიციად იქცა.

შსს თავის თანამშრომლებს მხოლოდ მაშინ სჯის, თუ კედელთან არის მიყენებული, ყველა ფაქტი დადებულია და დამნაშავის სახელი და გვარიც ცნობილია (თუმცა როგორც სჯის, ყველამ კარგად ვიცით). სხვა შემთხვევაში, არ ადარდებს არც საერთაშორისო ორგანიზაციების, არც ევროპისა და არც ამერიკის მოწოდებები. ხელისუფლება ყველა პოლიციელს კბილებით იცავს. რატომ? ამაზე შეიძლება რამდენიმე პასუხი არსებობდეს: 1) ხელისუფლება პოლიციელების ერთგულებაზე დგას და მათი დასჯა ერთგულების ხარისხს შეამცირებს; 2) თავად აძლევენ ისეთ ბრძანებას, რომელიც დანაშაულის ნიშნებს შეიცავს; 3) თუ პოლიციელი ერთგულების გამო შენს პოლიტიკურ მოწინააღმდეგეს თავ-პირს დაალეწავს და ამის გამო დასჯი, სხვა პოლიციელი შენთვის თითსაც აღარ გაანძრევს.

ალბათ, სწორედ ეს მიზეზებია, რის გამოც ვანო მერაბიშვილი მზად არის თავის თანაშრომლებს ამბრაზურასავით გადაეფაროს. ალბათ, ამიტომაც არის, რომ შსს-ს ყველა თანამშრომელი თავს არა ქვეყნის, არამედ მერაბიშვილისა და სააკაშვილის მსახურად მიიჩნევს. ამიტომაც სკანდირებს სპეცდანიშნულების რაზმი - "მიშა, მიშა!" ამ ყველაფრის შედეგი კი არის დაუსჯელობის სინდრომის ჩამოყალიბება ქვეყანაში. პოლიციელი, ისევე როგორც საბჭოთა კავშირის დროს, ახლაც თავს კანონზე მაღლა აყენებს. ის, რაც არ შეიძლება ჩვეულებრივი მოკვდავისთვის, დასაშვებია პოლიციელისთვის.

ჩვენი იხვი არ დაკოჭლდება

ამერიკელებს უყვართ საინტერესო პოლიტიკური ტერმინების მოფიქრება. მაგალითად, პრეზიდენტს, რომელიც უკვე მეორე ვადით არის არჩეული და ეს მეორე ვადაც ეწურება, "კოჭლ იხვს" ეძახიან. ეს იმიტომ, რომ მეორე ვადით არჩეულ პრეზიდენტს მესამე ვადით კენჭისყრა არ შეუძლია, რაც იმას ნიშნავს, რომ სულ მალე პენსიონერი პოლიტიკოსი გახდება. ამიტომ მეორე ვადის ბოლოს მისი ავტორიტეტი და გავლენა ქვეყანაში ეცემა. ის ვეღარ იღებს თამამ გადაწყვეტილებებს. მას ყველა როგორც მომავალ პენსიონერს, ისე უყურებს.

ეს ამბავი იმიტომ გავიხსენე, რომ წინა კვირას ტერმინი "კოჭლი იხვი" ჩვენმა პრეზიდენტმა "ევრონიუსისთვის" მიცემულ ინტერვიუში ახსენა. ეს მაშინ მოხდა, როდესაც ჟურნალისტმა ჰკითხა, პრეზიდენტობის შემდგომ პრემიერმინისტრობას ხომ არ აპირებთო. "ჩემი საპრეზიდენტო ვადა ორწელიწად-ნახევარში გადის. ჩვენთვის ეს ლამის მარადიულობაა. ყველაზე ნაკლებად მინდა "კოჭლ იხვად" აღმიქვამდნენ", - უპასუხა პრეზიდენტმა ჟურნალისტს. მას ადრეც რამდენჯერმე უთქვამს, რომ არ სურს, გავლენადაკარგული პრეზიდენტი იყოს. იგი სწორედ ამ მიზეზით ხსნის, თუ რატომ არ სცემს პირდაპირ პასუხს კითხვაზე:

აპირებს თუ არა პრემიერმინისტრობას. ანუ, თუ იტყვის, რომ არ ვაპირებ და საპრეზიდენტო ვადის ამოწურვისთანავე პენსიაზე გავდივარო, "კოჭლ იხვად" გადაიქცევა. მას თანაგუნდელებიც კი როგორც პენსიონერს, ისე დაუწყებენ ყურებას და ანგარიშსაც აღარ გაუწევენ. ამიტომაც არ ვამბობო. ახლა თქვენ გადაწყვიტეთ, ის პრემიერმინისტრობას მართლა არ აპირებს და მხოლოდ დაკოჭლების შიშით არ ამხელს ამას, თუ უბრალოდ კითხვისგან თავის არიდების მიზნით იხსენებს იხვებსა და ბატებს.