"პრემიერ-მინისტრის ბევრი ვიზიტი გაუქმდება და უკვე გაუქმდა კიდეც - ეს არის ჟესტი, რომელიც ჩვენმა ევროპელმა პარტნიორებმა გამოხატეს" - კვირის პალიტრა

"პრემიერ-მინისტრის ბევრი ვიზიტი გაუქმდება და უკვე გაუქმდა კიდეც - ეს არის ჟესტი, რომელიც ჩვენმა ევროპელმა პარტნიორებმა გამოხატეს"

"იყო საუბრები პარტნიორების მხრიდან, რომ გადაიხედება ასოცირების შეთანხმებით მოპოვებული სიკეთეები საქართველოსთვის, რასაც მე კატეგორიულად ვემიჯნები", - ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ "პალიტრანიუსის" ეთერში გადაცემაში "360 გრადუსი" განაცხადა.

მისივე თქმით, ქართველი ხალხი "ქართული ოცნების" არასწორი ქცევის გამო არ უნდა დაისაჯოს.

"ძალიან მკაფიოა ჩვენი პოზიცია, ჩვენ ვითხოვთ შეთანხმების შესრულებას. ჩვენ ვითხოვთ ჩვენი გარანტორი მხარეების მხრიდან, ევროპის და ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან მაქსიმალურ ჩართულობას, რადგან სწორედ მათი გარანტიის ქვეშ მოვაწერეთ ხელი, თორემ "ქართულ ოცნებას" არ ვენდობოდი და კობახიძეს მანამდე არც ვუსმენდი. ჩვენ ვუსმენთ ჩვენს დასავლელ პარტნიორებს იმიტომ, რომ საქართველო არის ევროკავშირის ასოცირებული წევრი და გვინდა გავხდეთ სრულუფლებიანი წევრი.

ძალიან ბევრი საუბარი მქონდა ჩვენს ევროპულ პარტნიორებთან. იყო დახურული საუბრები "ზუმის" საშუალებით, თუ სატელეფონო საუბრები და ძალიან კონკრეტულად ვაყენებ პოზიციებს. ევროკავშირმა უნდა დაიწყოს დაუყონებლივ აღსრულების მექანიზმების გამოყენება, რაც გულისხმობს წნეხს "ქართულ ოცნებაზე" და არა საქართველოზე.

იყო იქ საუბრები პარტნიორების მხრიდან და ქალბატონმა ვიოლა ფონ კრამონმაც ახსენა, რომ გადაიხედება ასოცირების შეთანხმებით მოპოვებული სიკეთეები საქართველოსთვის. ასეთი გზავნილი არის, რასაც მე კატეგორიულად ვემიჯნები და ვამბობ, რომ წარმოუდგენელია ეს მოხდეს.

უვიზო რეჟიმი არ შეიძლება გადაიხედოს იმის გამო, რომ "ქართული ოცნება" ასე იქცევა. არ შეიძლება, საქართველოს მოქალაქეები დაისაჯონ "ქართული ოცნების" ქმედების გამო", - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ვაშაძემ ასევე აღნიშნა, რომ 19 აპრილის შეთანხმების ანულირების გამო დასავლელი ქვეყნების ნაწილმა პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილის ვიზიტები გააუქმა.

"მე ერთი რამ ვიცი, რომ ბევრი შეხვედრა და ბევრი ვიზიტი გაუქმდება და უკვე გაუქმდა კიდეც გარკვეული ვიზიტები, რომელიც ჰქონდა პრემიერ-მინისტრს. ეს არის ჟესტი, რომელიც გამოხატეს ჩვენმა ევროპელმა პარტნიორებმა. მათ შორის ბალტიისპირეთის ქვეყნებში გაუქმდა დაგეგმილი ვიზიტები პრემიერ-მინისტრს", - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.