"გუნდის შიგნით გიორგი გახარიას ზედმეტსახელი იყო "ბოლი". სამწუხაროდ, ტყუილები ახასიათებდა" - კვირის პალიტრა

"გუნდის შიგნით გიორგი გახარიას ზედმეტსახელი იყო "ბოლი". სამწუხაროდ, ტყუილები ახასიათებდა"

"გუნდის შიგნით მისი ზედმეტსახელი იყო ბოლი, - ადამიანი, რომელიც ბევრს საუბრობს, მაგრამ საქმეს ნაკლებს აკეთებს", - ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ "პალიტრანიუსის" გადაცემაში, "360 გრადუსი" წამყვანის კითხვის პასუხად განაცხადა, რომლის თანახმადაც, შესაძლებელია თუ არა თბილისის მერის არჩევნებზე თუკი მეორე ტური იქნება, კალაძესთან ერთად ვიხილოთ გიორგი გახარიას კანდიდატურაც.

მისი თქმით, მთავრობის ყოფილი მეთაური ხშირად იტყუებოდა:

"სამწუხაროდ, ტყუილები ახასიათებდა და ხშირად ვაწყდებოდით ამ პრობლემას, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, არჩევნების შემდეგ. ასეთი ბაქი-ბუქი მას ახასიათებს და ესეც არის ამის გამოხატულება.

მეორე ტური არ იქნება თბილისში, ამაში აბსოლუტურად დარწმუნებული ვართ. ნებისმიერი ბაქი-ბუქი მეორე ტურთან დაკავშირებით, საფუძველსმოკლებულია", - თქვა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ გიორგი გახარიას პარტიის "საქართველოსთვის" კიევიდან დაფინანსების მკაფიო ნიშნები იკვეთება.

ჟურნალისტის კითხვაზე: ფინანსური ნაკადები კიევიდან მოდის? -კობახიძემ უპასუხა: "როგორც ამბობენ ხოლმე "თბილა", ცნობილი თამაშიდან, შეიძლება "ცხელა" კიდეც. ხო, ნიშნები ამის მკაფიოდ არის!"

"ეს ყველაფერი უკავშირდება იმ მოვლენებს, რაც განვითარდა საქართველოში თებერვალში. იქაც გვაქვს ლოგიკური დასკვნები ჩვენ ინფორმაციაზე დაფუძნებით. ლოგიკური დასკვნები ძალიან კარგად უკავშირდება დაფინანსების წყაროებსაც", - აღნიშნა კობახიძემ.

დეტალებზე კობახიძეს არ უსაუბრია, თუმცა აღნიშნა, რომ "ამის დროც მოვა".

"მარტივი კითხვა მინდა დავსვა - აქამდე ხომ გასწევს ეს პარტია ხარჯებს? ოფისები აქვთ, რეკლამაში ფულს ხარჯავენ, "ფეისბუქზე" არეკლამებენ. თქვენ იცით ვინ არის ამის დამფინანსებელი? მათ აქვთ დეკლარირებული მაგალითად, რომ პარტიაში ფულის შემტანები არიან მათივე დეპუტატები, რაც ღიმილის მომგვრელია. ყველასთვის ნათელია, რომ რეალურად დაფინანსების წყალი აბსოლუტურად სხვა არის. ფული აქვთ, რაც ვერ იქნება რამდენიმე ადამიანის, პოლიტიკოსის მხრიდან. ყველას შეუძლია დაფიქრდეს, ვინ არის ეს წყარო. ჩვენ გარკვეული ინფორმაცია გვაქვს და რაღაც მომენტში ამის გასაჯაროვებაც არ იქნება ცუდი", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

"ვინ დარჩება მოგებული და წაგებული, ამას დავინახავთ ყველა ერთად 2 ოქტომბერს. მე გპირდებით, რომ ძალიან წაგებული დარჩება როგორც "ნაცმოძრაობა", ასევე მისი მეგობარი გახარია", - მისი თქმით, "ქართული ოცნების" და გახარიას პარტიის თანამშრომლობა გამორიცხულია, რადგან მან გუნდს და ქვეყანას უღალატა.

"არსებობს პრაქტიკა, რომ მტრები შერიგდებიან ხოლმე იმისათვის, რომ ქვეყნის ინტერესები არ დააზიანონ. მტერთანაც შეიძლება, შეხვიდე გარიგებაში, მაგრამ ადამიანთან, რომელმაც ყველაზე კრიტიკულ მომენტში უღალატა გუნდს და ქვეყანას, როდესაც საქმე გაქვს მოღალატესთან, ერთი და იგივე მდინარეში ორჯერ არ უნდა შეხვიდე. როცა ერთხელ ნაღალატები აქვს ადამიანს გუნდისთვის, ქვეყნისთვის, ბუნებრივია, ასეთ ადამიანთან საქმეს არ დაიჭერ", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.