"ვისაც ეჭვი აქვს, ჩემთან მოვიდეს და ვაჩვენებ, რა გზითაც გავაღწიეთ რუსთაველის პროსპექტიდან" - კვირის პალიტრა

"ვისაც ეჭვი აქვს, ჩემთან მოვიდეს და ვაჩვენებ, რა გზითაც გავაღწიეთ რუსთაველის პროსპექტიდან"

სპეცრაზმელებით სავსე რუსთაველის პროსპექტიდან გაღწევის ამბავი, რომელსაც ორდღიანი გაუჩინარების შემდეგ მოჰყვა ირაკლი ბათიაშვილი, ბევრმა ბლოკბასტერის სიუჟეტს შეადარა, ზოგმა დაუჯერებლად მიიჩნია, ზოგმაც ბათიაშვილს სპაიდერმენი უწოდა. როგორ დატოვა დარბევის ადგილი "სახალხო კრების" ერთ-ერთმა ლიდერმა, ამის შესახებ "კვირის პალიტრას" დეტალურად უამბო მისმა ცოლისძმამ, თამაზ ფანჩულიძემ ("წესრიგამ"), რომელიც თავის დროზე ჯაბა იოსელიანის დაცვის უფროსი იყო:

- მე აბსოლუტურად აპოლიტიკური ვარ, მაგრამ ჩემმა სიძემ ირაკლი ბათიაშვილმა მთხოვა, მინდა ჩემი უსაფრთხოება დაიცვაო. სიძეს ამაზე უარს როგორ ვეტყოდი და ამის გამო მიხდებოდა აქციებზე სიარული. უიარაღოდ, შიშველი ხელებით უსაფრთხოების დაცვა ძნელი იყო, მაგრამ პრევენციული ღონისძიებების წყალობით შევძელი მისი დაცვა. აქციაზე ბევრი იყო შემოგზავნილი, რომელიც ირაკლის თვალყურს ადევნებდა. ამიტომ ვცდილობდი, მასთან ახლოს არავინ მიმეშვა.

25 მაისის ღამე ძალიან მძიმე იყო. დარბევამდე ირაკლი სხვა ლიდერებთან ერთად სცენაზე იდგა. გავიგეთ, რომ დარბევა მზადდებოდა და ამიტომაც აქციიდან ირაკლის ევაკუაციის რამდენიმე ვარიანტი სასწრაფოდ შევიმუშავე. მხოლოდ იმაზე ვფიქრობდი, თუ დარბევა დაიწყებოდა, ირაკლი უვნებლად გამეყვანა.

რუსთაველის პროსპექტიდან ექვსი გასასვლელია და ყველა სპეცრაზმელებმა დაიკავეს. რჩებოდა მხოლოდ კინოთეატრი "რუსთაველი", საიდანაც თავის დაღწევა შეიძლებოდა.

მერიის წარმომადგენელთან საუბრის შემდეგ, 10 წუთში ყოველი მხრიდან შემოგვიტიეს. ერთი გასასვლელი რომ მაინც დაეტოვებინათ, არც ამდენი ადამიანი გაილახებოდა და არც მსხვერპლი იქნებოდა, მაგრამ ჩანდა სასაკლაოს მოწყობა ჰქონდათ განზრახული. როდესაც აქციის დარბევა დაიწყო, ირაკლი სცენიდან ჩავიდა და ქალების გამოყვანას ცდილობდა, რომ სპეცრაზმელებს არ შეჩეხებოდნენ. ამ დროს წყლის ჭავლი მიუშვეს ხალხზე, რეზინის ტყვიებს, გაზის კაფსულებს ისროდნენ. ხალხი აქეთ-იქით აწყდებოდა, გასასვლელს ეძებდა, მაგრამ სპეცრაზმი ყველა მხრიდან მოაწვა მომიტინგეებს. სუნთქვა ჭირდა.

ხელკეტებს გვირტყამდნენ. შეფიცულები წინააღმდეგობას უწევდნენ, მაგრამ დროშის ტარებითა და ფანერის ფარებით როგორ მოიგერიებდნენ საუკეთესოდ აღჭურვილ სპეცრაზმელებს. გასაოცარი იყო შეფიცულების შემართება. ამ ჩხუბში ირაკლი ასფალტზე დავარდა, მეც დავეცი. მერე ნახევრად გონდაკარგული ირაკლი მოვიკიდე ზურგზე. მხოლოდ იმაზე ვფიქრობდი, როგორმე კინოთეატრში შემეღწია. ამასობაში ხალხი კინოთეატრს მიაწყდა და კარი შეამტვრია. ჩვენც ხალხის ნაკადს შევყევით. ირაკლის სახეზე ბენდენა ჰქონდა აფარებული და ქუდი ეხურა. ვერავინ იცნობდა. ფოიეში არ გავჩერებულვართ, კიბეს ავუყევით და სახურავზე  ავედით. სახურავზე უკვე ასულიყო ხალხი და ხის კიბით გადადიოდა მეორე სახლის სახურავზე,  რომელიც კინოთეატრიდან დაახლოებით 3 მეტრის მოშორებით დგას. მეორე სახლის სახურავზე ოციოდე კაცი იჯდა. ორ სახლს შორის გადებულ კიბეზე მხოლოდ ხოხვით შეიძლებოდა გადასვლა.

- იმ წვიმასა და თქეშში რამეს არჩევდით?

- მეორე სახლი შედარებით დაბალი იყო, ამიტომ კიბე დახრილად იდო. სველი კიბე გვარიანად მორყეულიყო. ნებისმიერ დროს შეიძლებოდა ჩამტყდარიყო. იქ რომ ადამიანი ჩავარნილიყო, ცოცხალი ვერ გადარჩებოდა, მაგრამ სხვა გზა არ გვქონდა, რისკზე წავედით. ირაკლი კიბესთან მივიყვანე და ვუთხარი, კიბეზე ისე დაჯექი, რომ ფეხები წინ გქონდეს და კიბის კიდეებზე ხელების დაყრდნობით გადახოხდი-მეთქი. რომ არ ჩავარდნილიყო, Kკიბეს ორივე მხრიდან იჭერდა ხალხი. ირაკლის მერე მე გადავედი, ჩემ შემდეგ კიდევ ერთი კაცი გადმოვიდა თუ არა, კიბე ჩატყდა. მეორე სახლის სახურავი ჟანგიანი თუნუქისა იყო, წვიმდა და ფეხი გვიცურავდა.

ხალხს ვუთხარი, რომ დაგვინახონ, სპეცრაზმელები გადმოვლენ-მეთქი. ლიუკის ძებნა დავიწყე, რომ სხვენში ჩავსულიყავით. სახლის სახურავს სამი სამერცხლური ჰქონდა, მხოლოდ მესამეში, რომელიც ქაშუეთის ტაძარს უყურებდა, აღმოჩნდა სხვენში ჩასასვლელი. ირაკლის ხელი დავავლე და სამერცხლურთან მივხოხდით. ჯერ მე შევედი, მერე ირაკლი შევითრიე. ბოლოს სხვენში ოცდაათამდე კაცი ვიყავით. გალუმპულები, გაზნაყლაპები და დაბეჟილები მტვერში ვიწექით. ყველას გამოვართვევინე მობილური და დაახლოებით ერთ საათში სახურავიდან ფეხის ხმა მომესმა. როგორც ჩანს, სპეცრაზმელები სახურავზე გადმოვიდნენ (ჩანს, ფიცარი ან სხვა კიბე ნახეს), მომიტინგეებს ეძებდნენ. მათი ლაპარაკი მომესმა, ბათიაშვილი კინოთეატრისკენ წამოვიდა, სადღაც ახლოს უნდა იყოსო. არ ვიცი, როგორ მოხდა, რომ ვერც ერთმა ვერ მოიფიქრა სხვენში ჩამოსვლა. რომელიღაც სპეცრაზმელმა  სამივე სამერცხლურში ისროლა. ეტყობა, იფიქრა, თუ იქ ვინმე იმალება, დაიჭრება და ხმას გავიგებთო. მერე ხმა გავიგე, აქ არ არიან, წავიდეთო.

სპეცრაზმელების წასვლის შემდეგ უკვე ირაკლის შენობიდან გაყვანაზე ვფიქრობდი.  ხალხმაც ნელ-ნელა დაიწყო ჩასვლა. დილით სხვენზე ცოტანიღა დავრჩით. ვინაობის დამალვას აზრი აღარ ჰქონდა. ერთ კაცს ვთხოვე, როგორმე ირაკლი გამაყვანინე-მეთქი. იმ კაცმა მითხრა, წავალ, ღამით მანქანით მოვბრუნდები და ჩემს სახლში წაგიყვანთო. ის კაცი აღლუმის მერე ჩავიდა სხვენიდან. ირაკლის დღისით ვერ ჩამოვიყვანდი, ყველა იცნობდა, ბენდენით რომ დაემალა სახე, ესეც საეჭვო იქნებოდა და ამიტომ ღამეს დაველოდეთ.

- უკაცრავად, მაგრამ აღლუმის წინ სახურავი როგორ არ შეამოწმეს?

- სახლი, რომლის სხვენშიც ვიმალებოდით, რუსთაველის პროსპექტზე არ გადის. ამიტომაც ის არ დაუთვალიერებიათ. ჩვენ რომ კინოთეატრის სახურავზე ვყოფილიყავით, ბუნებრივია, გვიპოვიდნენ.

სანამ ვიმალებოდით, თურმე ხმა გაავრცელეს, სასტიკად ნაცემი ირაკლი ბათიაშვილი და თამაზ ფანჩულიძე მოდულში ჰყავთო. ეტყობა, მართლა ამას გვიპირებდნენ, ტყუილად არ გაავრცელებდნენ ამ ჭორს.

კაცი, რომელიც ჩვენთან ერთად იყო სხვენზე, პატიოსანი ადამიანი აღმოჩნდა. გვთხოვა, ჩემი გვარი არ ახსენოთ, თორემ შავ დღეში ჩამაგდებენო და მის ვინაობას ამიტომ არ ვასახელებ. ღამის 11 საათზე თავისი დანგრეული "06"-ით მოვიდა სახლთან, რომელსაც იტალიური ეზო ჰქონდა. ჯერ მე დავეშვი კიბეზე, რამდენიმე ნაბიჯის დაშორებით ირაკლი გამომყვა. ჭუჭყიანები, მტვერში ამოგანგლულები გავედით ეზოდან და ჩავსხედით მანქანაში.

იმ კაცის სახლში ტანსაცმელი გაგვირეცხეს. მოვწესრიგდით. 27 მაისს იქ დავრჩით. გადაღლილებს მთელი დღე გვეძინა. ამასობაში ხალხის დევნაც ჩაცხრა. მეორე დღეს ტელევიზიით გავიგეთ, რომ შს სამინისტრო ირაკლის ეძებდა და გადავწყვიტეთ, გამოვჩენილიყავით. მასპინძელმა ტაქსი მოგვიყვანა და გამოგვისტუმრა. ირაკლიმ გზიდან დაურეკა ჩემს დას, მოვდივართ და სადარბაზოსთან დაგვხვდიო. ასე მივიყვანე ირაკლი სახლში და ჩავაბარე ოჯახს. ირაკლი დარბევის ღამეს რომ დაეჭირათ, შეიძლება დღეს ცოცხალი არც ყოფილიყო.

ახლა თქვენ განსაჯეთ, ბეტმენები ვართ თუ სპაიდერმენები. მეცინება, რომ ამბობენ, სპაიდერმენი ხომ არ იყო ბათიაშვილი, რომ სახურავიდან დაუსხლტა სპეცრაზმელებსო. ვისაც ეჭვი აქვს, ჩემთან მოვიდეს და ვაჩვენებ, რა გზითაც გავაღწიეთ რუსთაველის პროსპექტიდან.