"მეც "ოცნების" ნაწილი ვიყავი და ერთი სიტყვა არ გადამიბრუნდება წარსულზე რაღაც აუგი ვთქვა" - კვირის პალიტრა

"მეც "ოცნების" ნაწილი ვიყავი და ერთი სიტყვა არ გადამიბრუნდება წარსულზე რაღაც აუგი ვთქვა"

მეც "ქართული ოცნების" ნაწილი ვიყავი და ერთი სიტყვა არ გადამიბრუნდება წარსულზე რაღაც აუგი ვთქვა, ჩემთვის ეს მიუღებელია! რაც არ უნდა მოხდეს და როგორც არ უნდა გვლანძღონ, ჩვენ მაინც ღირსეულად უნდა მოვიქცეთ და ღირსება უნდა იყოს ჩვენი მთავარი ფასეულობა და კრიტერიუმი, - ამის შესახებ პარტია "საქართველოსთვის" ლიდერმა გიორგი გახარიამ განაცხადა.

პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარე რეგიონებში ვიზიტს განაგრძობს. გიორგი გახარიამ დღეს პარტიის ახალი ოფისი დაბა ხარაგაულში გახსნა.

"ახლა, მთავარი არის, რომ ამ არჩევნებზე ისეთი ნაბიჯი გადავდგათ და ისეთი არჩევანი გავაკეთოთ, რომ ამ ქვეყანაში ლანძღვა, გინება, ჭორაობა, დავიდარაბა დამთავრდეს ერთხელ და სამუდამოდ. როგორ შეიძლება ყველა არჩევნებზე, აი, ასე ერთმანეთი ვლანძღოთ ქართველებმა, რაღაცა ღირსება ხომ უნდა იყოს? - არ შეიძლება.

მეც "ოცნების" ნაწილი ვიყავი და ერთი სიტყვა არ გადამიბრუნდება ჩემს წარსულზე, რაღაც აუგი ვთქვა, რადგან კარგი, თუ იყო და ცუდი, რაც იყო, ჩემი ნაწილია ხომ? მომავალში შეიძლება ბევრი დისკუსია გვქონდეს და მომავალში ბევრ რამეში არ დავეთანხმოთ ერთმანეთს. ვთვლი, რომ რაც არ უნდა მოხდეს და როგორც არ უნდა გვლანძღონ, ჩვენ მაინც ღირსეულად უნდა მოვიქცეთ და ღირსება უნდა იყოს ჩვენი მთავარი ფასეულობა და კრიტერიუმი", -აცხადებს გახარია.

მისი თქმით, საქართველო პატარა ქვეყანაა და ცვლილებების მიღწევა და მდგომარეობის გაუმჯობესება სწრაფად შეიძლება ერთიანობის და კეთილსინდისიერად მუშაობის შემთხვევაში.

"ჩვენ ამ ქვეყანას ვემსახურებით - ამიტომ ვამბობ, რომ არავის წინააღმდეგ არა ვართ, არავის არ ვეომებით. ჩვენ გვაინტერესებს, როგორ გამოვიყვანოთ ქვეყანა იმ მდგომარეობიდან, რომელშიც ახლაა. ამიტომ წყნარად, მშვიდად, ყველანაირი ჩხუბის გარეშე ეს ქაოსი უნდა დავასრულოთ, ამ ქაოსიდან უნდა გამოვიდეთ, რომ ახალგაზრდებს გზა გავუხსნათ და ამ ქვეყნიდან გაქცევა კი არა, დარჩენა უნდოდეთ. საქართველო პატარა ქვეყანაა და ბევრი რაღაცის გაკეთება შეიძლება ძალიან სწრაფად. უბრალოდ გვჭირდება ერთიანობა, კეთილსინდისიერება, არანაირი კორუფცია, არანაირი ნეპოტიზმი და საქმეს უნდა მივხედოთ და გამოვა ყველაფერი", - აცხადებს გახარია.

პარტია ,,საქართველოსთვის" ლიდერის თქმით, ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში "ქართული ოცნება" "ნაციონალურ მოძრაობას" ემსგავსება და მის მიერ პარტიის დატოვების მიზეზი ეს გახდა.

,,ბევრი კარგი საქმე გაკეთდა ბოლოს წლების განმავლობაში, "ოცნებაში" ბევრი კარგი და ღირსეული ადამიანი დავტოვეთ. მეც იმიტომ წამოვედი იქედან, რომ ბოლო პერიოდში, განსაკუთრებით წელიწადი - წელიწადნახევარი, "ოცნება" და "ნაცები" ძალიან ემსგავსებიან ერთმანეთს და ახლაც, როგორც იქცევიან ესეც ძალიან ემსგავსება ერთმანეთს. ამიტომ ჯერ ერთი უნდა დავამარცხოთ და მერე მეორეს მივხედოთ", - განაცხადა გახარიამ.

"პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარეს შეკრებილი მხარდამჭერებიც დაეთანხმნენ და აღნიშნეს, რომ "ოცნების" მიერ წარდგენილი მაჟორიტარების სიის გამო მათაც 2011 წელი ახსენდებათ. "მაჟორიტარების სიაც რომ ამოიღოთ, 2011 წელს გეგონება თავი, სულ ისინი არიან ვინც მაშინ ნაცები იყო" , - განაცხადა ერთ-ერთმა მხარდამჭერმა.

გიორგი გახარიამ მხარდამჭერებს პარტია "საქართველოსთვის" რეგიონული განვითარების ხედვებიც გააცნო.

"თითოეული მუნიციპალიტეტისთვის პარტიას ექნება თავისი განვითარების პროგრამა. ხარაგაული ულამაზესი კუთხე გაქვთ. მიწა ცოტაა, სოფლის მეურნეობას უჭირს, მაგრამ ბევრი რამის გაკეთება შეიძლება. აქ, შეიძლება სასმელი წყლის, გზის და კიდევ ბევრი პრობლემა იყო. ამაზე კონცენტრირებულად უნდა ვიმუშაოთ და სწრაფად მოგვარებადია. მაქსიმალური რაოდენობა ტურისტი უნდა მოვიყვანოთ. ტურისტი, მცირემიწიანი სოფლის მეურნეობა, ხარისხიანი პროდუქტი - ეს არის ძირითადი, რაზეც უნდა ვიყოთ კონცენტრირებულები', - აცხადებს გახარია.

რაც შეეხება მუნიციპალიტეტში წარსადგენ კანდიდატებს, პარტიის თავმჯდომარის თქმით, ეს ადგილობრივების გადასაწყვეტია.

"ვინ იქნება მუნიციპალიტეტში სიაში მაჟორიტარი, ეს აქ, ყველამ ერთად უნდა გადავწყვიტოთ. ერთი ადამიანი არ იქნება, ვისზეც მე გეტყვით რომ ეს უნდა იყოს - ეს გამორიცხულია, არასდროს არ გამიკეთებია და არ გავაკეთებ. თქვენი, ყველას ერთად გადასაწყვეტია", - მიმართა გახარიამ მხარდამჭერებს.