"შეილახა პარტიისა და ოქრუაშვილის რეპუტაციაც" - კვირის პალიტრა

"შეილახა პარტიისა და ოქრუაშვილის რეპუტაციაც"

"ქართული პარტია" რომ აქციის მონაწილე ყოფილიყო, მსხვერპლი კოლოსალურად დიდი იქნებოდა"

ბოლო დროს "ქართულ პარტიასთან" დაკავშირებული უამრავი კითხვა გაჩნდა და პასუხის მიღება პარტიის პოლიტიკური მდივნის, ეროსი კიწმარიშვილისაგან ვცადეთ:

- ნინო ბურჯანაძემ ჩემთან საუბრისას განაცხადა, რომ "ქართულ პარტიასთან" შეთანხმება იმიტომ არ მოხდა, რომ ვერ მიიღო პასუხი კითხვაზე, რა გზით აპირებდა ოქრუაშვილი საქართველოში ჩამოსვლას, თბილისის აეროპორტში ჩამოფრინდებოდა თუ რუსების დახმარებით ცხინვალის გავლით შემოვიდოდა.

- ამაზე მან ზუსტი პასუხი მიიღო და  ამის საილუსტრაციოდ თვითმფრინავის ბილეთიც წარვადგინეთ, მაგრამ ბურჯანაძემ განაცხადა, რომ 25 მაისს პარალელურ მიტინგს ჩაატარებდა. ვცადე, დამერწმუნებინა, რომ არ იყო სწორი გადაწყვეტილება, რომ წარმატების მომტანი მხოლოდ ერთიანი აქცია იქნებოდა, მაგრამ ბურჯანაძე კვლავ აკეთებდა განცხადებებს, რითაც ოქრუაშვილს, ფაქტობრივად, ქვეყნის მოღალატედ აცხადებდა. ბურჯანაძემ არა მხოლოდ პარალელური მიტინგი დანიშნა, არამედ ომი გამოგვიცხადა და გადატრიალების მომწყობებად დაგვსახა. ამან საზოგადოების სრული დეზორიენტაცია გამოიწვია. ხალხს კი უნდოდა სააკაშვილის გაშვება, მაგრამ არ უნდოდა მტრის ტანკები თბილისში.

23 მაისს ბურჯანაძეს ულტიმატუმი წავუყენე, ან დამჯდარიყო ჩვენთან მოსალაპარაკებლად, ან ჩვენ პროცესიდან გავიდოდით. ბურჯანაძისაგან ისევ ვერ მივიღეთ პასუხი და ამას "ქართულ პარტიაში" უმძიმესი ღამე მოჰყვა. თბილისში ჩამოყვანილ ათასობით ჩვენს აქტივისტს ვუთხარით, რომ ყველაფერი დამთავრდა. ეს მოხდა ბურჯანაძის ამბიციის გამო. ამის მერე მე და სოზარმა გამოვაცხადეთ, რომ "მრისხანების დღეზე" უარს ვამბობდით, რითაც უზარმაზარი დარტყმა მიიღო პარტიამ. შეილახა პარტიისა და ოქრუაშვილის რეპუტაციაც. თქვენ არ იცით, როგორი რეაქცია ჰქონდა ოქრუაშვილს, როდესაც ვუთხარით, რომ საქართველოში მისი იმ გზით ჩამოსვლა, როგორც გადაწყვეტილი გვქონდა, თვითმკვლელობა იქნებოდა. აქციაზე ბურჯანაძის "რაგატკებისა" და ხელკეტების გამო არ გამოუყვანიათ 4 ათასი სპეცრაზმელი. სააკაშვილსა და მერაბიშვილს ისტერიკა ოქრუაშვილის გამო დაემართათ.

- ხომ იცოდნენ, რომ ოქრუაშვილი აღარ ჩამოდიოდა?

- ოქრუაშვილის გამო გააკეთეს ასეთი მობილიზაცია, დააგროვეს აგრესია, რომელიც უზარმაზარ შიშთან იყო შერეული და საბოლოოდ ეს ყველაფერი გადაატეხეს ორასამდე მომიტინგზე.

"ქართული პარტია" რომ აქციის მონაწილე ყოფილიყო, მსხვერპლი კოლოსალურად დიდი იქნებოდა.

- მაგრამ ნინო ბურჯანაძე აცხადებს, ჩვენ გვერდით რომ მთელი ოპოზიცია დამდგარიყო, ხელისუფლება დარბევას ვერ გაბედავდაო.

- როდესაც ადამიანი ამას ამბობს, უნდა შეხედოს იმასაც, რა გააკეთა საიმისოდ, რომ გვერდით დასდგომოდნენ. იმაში, რაც მოხდა, ნინო ბურჯანაძეს კი არა, საკუთარ თავს ვადანაშაულებ. მე მქონდა რესურსი, რომ ბურჯანაძე დამერწმუნებინა, მაგრამ ყველაფერი არ გავაკეთე ამისათვის. ის, რაც 26 მაისს მოხდა, ატომურ აფეთქებას ჰგავს.

- რას უპასუხებთ ბურჯანაძის განცხადებას, ამ ბრძოლას ოქრუაშვილმა ჩაარტყა  დანა ზურგშიო?

- ვუპასუხებდი, მაგრამ მას შემდეგ, რაც ჩვენი თანამემამულეები დაიღუპნენ, ასეულობით მოქალაქე ციხეში ჩაყრილია, მას შემდეგ, რაც დავინახე  ჭკუადაკარგული, საცოდავი, მარტო დარჩენილი ნინო ბურჯანაძე, ქალი, რომელსაც შვილს ართმევდნენ, აღარაფერს ვიტყვი.

- მინდა გკითხოთ ოქრუაშვილის განცხადებაზე (სააკაშვილმა ჩეჩენ ტერორისტებს მისცა კორიდორიო), რომელიც არათუ ხელისუფლებამ, ოპოზიციურმა სპექტრმაც დაგმო.

- ეს ინტერვიუ თებერვალშია ჩაწერილი. განცხადება, რომელიც ახლახან მოისმინეთ, ოქრუაშვილმა უკრაინულ გამოცემასთან გააკეთა დეკემბერში.

ირაკლიმ თქვა, სააკაშვილი, რომელიც რეგიონული სიმშვიდის პროპაგანდით გამოდის, რეალურად ტერორისტების მხარდამჭერიაო. თუ ტერორიზმის მხარდაჭერა სახელმწიფოს ინტერესებშია, მაშინ ვეკითხები ოპოზიციას, რა არის მათი პოლიტიკური პლატფორმა? თუ ოპოზიციას მოსწონს ის, რომ  ქვეყანა ტერორისტების მხარდამჭერია და ქვეყნის მოღალატედ ცხადდება კაცი, ვინც ხელისუფლებას ამხელს, რათა ხვალ თავიდან იქნეს აცილებული გართულებები, მაშინ ამქვეყნად სამართალი არ ყოფილა.

- მაგრამ ოქრუაშვილის განცხადება შეიძლება გახდეს მორიგი რუსული პროვოკაციის თუ აგრესიის საბაბი.

- ის, რაც საქართველოში ხდება, რუსეთისთვის სიახლე არ არის და რომ ნდომოდა, აქამდე იმოქმედებდა. "ქართულ პარტიას" არ უნდა, ეს ქვეყანა ცალკეული პოლიტიკური ძალის საბურთაო მოედანი და ვაჭრობის საგანი იყოს.

აშშ ახლა გააფთრებით შეეცდება, პროცესზე კონტროლი არ დაკარგოს. აშშ-ს ხელს აძლევს ის სტატუს კვო, რაც საქართველოს აქვს: საქართველო არის აშშ-ის რეგიონული ინტერესების პლაცდარმი. მის სათავეშია ამერიკისადმი ლოიალური რეჟიმი, რომელიც ეხმარება ავღანეთში. ჩვენ სუვერენიტეტის ნაწილი დავკარგეთ, რაც ჩანს თუნდაც იმაში, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე თინა ქეიდანაუ განსაზღვრავს საქართველოს პოლიტიკურ კონიუნქტურას. რა მნიშვნელობა აქვს, ამას ქეიდანაუ გააკეთებს თუ ცეკას ინსტრუქტორი? როდესაც ვლაპარაკობთ რუსეთის ოკუპაციაზე, ისიც უნდა ვთქვათ, რომ დანაშაულია ტერორიზმის მხარდაჭერა ჩრდილო კავკასიაში.

აშშ ცდილობს შეინარჩუნოს 2004 წელს მიღებული პლაცდარმი, როგორმე გააკეთილშობილოს ეს რეჟიმი და ოპოზიციური "რვიანის" სახით შეინარჩუნოს ე. წ. კონსტრუქციული ოპოზიციური სეგმენტი. უცხოურ პრესაში ბურჯანაძის განქიქების პარალელურად, ალასანიას რეკლამირება მიდის. ეს საერთაშორისო კონიუნქტურის ნაწილია, რაც ქართული ინტერესების მიღმაა.

- დასასრულ, რა ხდება "ქართულ პარტიაში"?

- ზოგი ამბობს, "ქართული პარტია" გარდაიცვალაო. ჩვენმა პარტიამ დიდი დარტყმა მიიღო. 26 მაისის მერე Aარა ვართ იმ მდგომარეობაში, რომ გულზე მჯიღი ვირტყათ. ახლა განსჯის დროა.  ლევან გაჩეჩილაძე, კოკა გუნცაძე და კახა მიქაია დამოუკიდებლად გააგრძელებენ პოლიტიკურ ცხოვრებას. ეს მათ დიდი ხნის წინ გადაწყვიტეს, მაგრამ 26-მა მაისმა მეტად გააშიშვლა ჩვენი ხედვების განსხვავებულობა. პარტიაში რჩებიან სხვა ლიდერი, მათ შორის - კოტე გოგელიაც.