უპრეცედენტო რებუსი - კვირის პალიტრა

უპრეცედენტო რებუსი

ანუ გაქცეულს გირაო გზაში დააწიეს(?!)

"ბადრი ბიწაძე საქართველოდან ისევე  გააცილეს, როგორც ირაკლი ოქრუაშვილი"

ბადრი ბიწაძე 26 მაისის ღამეს ისე გაქრა, რომ მისი ასავალ-დასავალი დღემდე უცნობია. მას ბრალად პოლიციისათვის წინააღმდეგობის გაწევის ორგანიზება ედება, რაც მძიმე დანაშაულთა კატეგორიას განეკუთვნება და 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ასეთ დანაშაულში, თანაც დაუსწრებლად ბრალდებულ პირებს, კანონით წინასწარი პატიმრობა ეკუთვნით, მაგრამ ბიწაძეს, რატომღაც, გირაო შეუფარდეს და ისიც პროკურატურის ინიციატივით(?!).

ლევან სამუშია, ადვოკატი: - ბადრი ბიწაძეს ბრალად ედება პოლიციისათვის წინააღმდეგობის გაწევის ორგანიზება. საქმე უჩავას ჩვენებაზეა აგებული და სხვა მტკიცებულება არ არსებობს. უჩავას ჩვენებაც ძალიან სასაცილოა. მის ჩვენებაში წერია, რომ "რაგატკებითა" და "მოლოტოვის კოქტეილებით" უნდა გაეწიათ პოლიციელებისთვის წინააღმდეგობა. უჩავას თქმით, მე ვიყავი შეფიცულების ხელმძღვანელი, მაგრამ მოლოტოვის კოქტეილი სად ინახებოდა, არ ვიცოდი.

გადმოცემით, უნდა ყოფილიყო  აქციასთან ახლოს, "ჟიგულის" მარკის ავტომობილში, რომლის ნომერიც არ ვიციო. ხომ წარმოგიდგენიათ ამ ჩვენების აბსურდულობა, შეფიცულთა მეთაურმა სადღაც რომელიღაც მანქანაში ვარაუდით უნდა მიაგნოს "მოლოტოვის კოქტეილებს". "რაგატკებზე", რომელიც არავის გამოუყენებია, ლაპარაკიც არ ღირს... ცხადია, ეს ჩვენება უჩავას, უფრო სწორად, ვიღაც-ვიღაცების ფანტაზიის ნაყოფია. უჩავას გარდა კიდევ სამი შეფიცულის ჩვენებაა საქმეში, ისინიც "რაგატკებზე" და მითურ მანქანაში არსებულ მითურ "მოლოტივის კოქტეილებზე" ლაპარაკობენ. უჩავა ასახელებს კიდევ ორ პირს, რომლებიც თითქოს ბიწაძესთან ერთად გეგმავდნენ პოლიციისათვის წინააღმდეგობის გაწევას, მაგრამ ორივე კატეგორიულად უარყოფს ამას.

- ორივე დაკავებულია?

- არ ვიცი, მე მხოლოდ დაკითხვის ოქმებს გავეცანი.

- ბადრი ბიწაძისთვის გირაოს შეფარდებამ ბევრი კითხვა გააჩინა.

- პრაქტიკაში ამისთანა პრეცედენტი ნამდვილად არ მქონია. პროკურატურის მოთხოვნით გირაო ისე შეუფარდეს ბიწაძეს, ჩვენთვის არაფერი უკითხავთ. პროცესზე დასწრების უფლებაც არ მომცეს. ბადრი ბიწაძეს 48 საათი ვადა ჰქონდა, რომ ოჯახის მიერ დაქირავებულ ადვოკატს დაეცვა მისი ინტერესები. 24 საათზე ნაკლებ დროში გამოვცხადდი, მოვითხოვე მასალები და საქმეში ჩართვა, მაგრამ გამომძიებელმა მითხრა, კანცელარიის საშუალებით დამიკავშირდიო და უცებ ყველა ტელეფონი გაითიშა. მერე კი გაირკვა, რომ სახაზინო ადვოკატიც დაუნიშნავთ და გირაოც შეუფარდეს ბადრი ბიწაძეს ისე, რომ პროცესამდეც არ მიგვიშვეს. გირაოს გადახდას არ აპირებს ბიწაძის ოჯახი, ეს გავასაჩივრეთ სააპელაციო სასამართლოში და მის გაუქმებას ვითხოვთ.

დიმიტრი ლორთქიფანიძე, პარლამენტარი: - ჩემთვის გაუგებარია, რა სამართლებრივი საფუძველი გამოიყენა პროკურატურამ, როცა მძიმე დანაშაულში ბრალდებულ ბადრი ბიწაძისთვის გირაოს შეფარდების მოთხოვნით თავად იშუამდგომლა სასამართლოს წინაშე?

როგორც წესი, გაცილებით ნაკლებად მძიმე დანაშაულში ბრალდებულ პირებს წარბშეუხრელად ურიგებენ ორთვიან პატიმრობას და მხოლოდ ამის შემდეგ იწყებენ საპროცესო შეთანხმებაზე ვაჭრობას. მაშინ როცა ხელისუფლება აცხადებს, რომ სახელმწიფო გადატრიალება აიცილა თავიდან და ერთ-ერთ მთავარ ფიგურად ბადრი ბიწაძე დაასახელა, სრულიად გაუგებარია ეს ტაკიმასხარაობა. მაშინ როცა ასეულობით მოქალაქე საკუთარ სისხლში აბანავეს, მაშინ როცა დაპატიმრებულია გენერალი უჩავა, ამ დროს დაუსწრებლად ბრალდებულ ბადრი ბიწაძისთვის გირაოს შეფარდების სამართლებრივ ჭრილში განხილვა აზრს კარგავს. ცხადია, ეს წმინდა პოლიტიკური გარიგებაა. როგორც ჩანს, ბადრი ბიწაძე საქართველოდან ისევე  გააცილეს, როგორც ირაკლი ოქრუაშვილი. ხელისუფლებას ბიწაძის დაკავება უნდოდა და ვერ შეძლო? პირდაპირ სასაცილოა! ცხადია, აქ ბინძურ გარიგებასთან გვაქვს საქმე, ხელისუფლებას არ სჭირდება დაპატიმრებული ბიწაძე. რატომ? დრო მოვა და გამოჩნდება. ასე რომ არ იყოს, სამართლებრივად მსგავსი რამ დაუშვებელია.

დამალული პირის მიმართ პატიმრობის გარდა, სხვა აღკვეთის ღონისძიება არ გამოიყენება. პატიმრობას პირს უფარდებენ იმიტომ, რომ გამოძიებას აქვს ეჭვი ან დასაბუთებული ვარაუდი, რომ ბრალდებული მიიმალება, არ ითანამშრომლებს გამოძიებასთან და ა.შ. როდესაც ბრალდებული მიმალულია, რა სამართლებრივი საფუძვლით შეუფარდეს გირაო, თანაც 100.000 ლარი? ბიწაძისთვის ეს თანხა ხომ სასაცილოა? საზოგადოდ, გირაო იმის გარანტიად არის მიჩნეული, რომ ბრალდებული არ დაემალება გამოძიებას.

ასეთი ფარსი ირაკლი ოქრუაშვილის დაკავების დროსაც არ გაუთამაშებიათ. ის კონკრეტული ბრალდებით დააკავეს მაინც. ბადრი ბიწაძის შემთხვევა კი განსაკუთრებულია, პოსტრევოლუციური სასამართლოს არსებობის მანძილზე მსგავსი მოთხოვნით საკუთარი ინიციატივით სასამართლოში სახელმწიფო ბრალდება არასოდეს შესულა. ბიწაძის ბრალდება ფიქციაა და აშკარაა, ბინძური გარიგება მოხდა!"

ამ რებუსის ამოხსნას ჩვენ მთავარ პროკურატურაში შევეცადეთ. სიმართლე გითხრათ, დიდი იმედი არ გვქონდა, რომ პროკურატურისგან ლოგიკურ პასუხს მივიღებდით, მაგრამ ცდა ბედის მონახევრეა და ჩვენც ვცადეთ, მაგრამ ამაოდ - ალოგიკური პასუხიც კი ვერ მივიღეთ!