"ვშიშობ, დაგვიანებული არ იყოს დასავლეთის მძაფრი რეაქცია და მართლაც ყველაფერი ისე არ მოხდეს, რომ საქართველოში ახალი ბელარუსი მივიღოთ" - კვირის პალიტრა

"ვშიშობ, დაგვიანებული არ იყოს დასავლეთის მძაფრი რეაქცია და მართლაც ყველაფერი ისე არ მოხდეს, რომ საქართველოში ახალი ბელარუსი მივიღოთ"

"ვშიშობ, დაგვიანებული არ იყოს დასავლეთის მძაფრი რეაქცია და მართლაც ყველაფერი ისე არ მოხდეს, რომ საქართველოში ახალი ბელარუსი მივიღოთ"

"ქართული ოცნების" გადაწყვეტილება პოლიტიკური მიწისძვრის ტოლფასია

ამ განცხადებით "ქართულმა ოცნებამ" ის შეთანხმება დასავლეთს თავზე გადაახია, მეტიც, სილა გააწნა

"თვითმმართველობის არჩევნებში 43%-ზე ნაკლების აღების შემთხვევაში, იმის მიუხედავად, მმართველი ძალა გააუქმებს თუ არა ამ შეთანხმებას, რიგგარეშე არჩევნების ჩატარება მაინც გარდაუვალი იქნება"

შოკის მომგვრელი აღმოჩნდა როგორც საზოგადოების დიდი ნაწილის, ასევე ჩვენი უცხოელი პარტნიორებისთვის "ქართული ოცნების" გადაწყვეტილება 19 აპრილის შეთანხმებიდან ცალმხრივად გასვლისა და მისი ანულირებულად გამოცხადების თაობაზე. დოკუმენტი, რომელსაც ჩვენმა ევროპელმა პარტნიორებმა თვეები მიუძღვნეს და რომელიც ქვეყანაში პოლარიზაციის შემცირების საფუძველი უნდა გამხდარიყო, მმართველმა ძალამ, ფაქტობრივად, ფარატინა ქაღალდად აქცია. ბუნებრივია, ამას მოჰყვა ჩვენი პარტნიორების კრიტიკული შეფასებები. გაჩნდა მოსაზრება, რომ ამ ნაბიჯით "ქართულმა ოცნებამ" საგარეო ვექტორის შეცვლა საბოლოოდ გადაწყვიტა, თუმცა არ არის გამორიცხული, მართლაც იმის შიშით გადაედგათ ეს ნაბიჯი, რომ მომავალ თვითმმართველობის არჩევნებზე ხმების 43%-ს ვერ აიღებენ და შეთანხმების თანახმად, რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარება მოუწევდათ.

მაინც რამ განაპირობა "ქართული ოცნების" გადაწყვეტილება? - ამ კითხვით დავიწყეთ ინტერვიუ ექსპერტ ხათუნა ლაგაზიძესთან.

- დავიწყოთ იმით, რომ "ქართული ოცნების" გადაწყვეტილება პოლიტიკური მიწისძვრის ტოლფასია. მიუხედავად იმისა, რომ მმართველი ძალა ამისკენ მეთოდურად მიდიოდა, ერთი მხრივ, იმ ღირებულებების იგნორირებით, რომლებიც დემოკრატიულ და დასავლურ სახელმწიფოს ქმნის და, მეორე მხრივ, "გადაგდებების" მთელი სერიით, რაც დასავლეთთან ურთიერთობაში მის ხელწერად იქცა, ამ ტიპის დემარში მაინც წარმოუდგენელი იყო. საქმე ის არის, რომ ამ განცხადებით "ქართულმა ოცნებამ" ის შეთანხმება დასავლეთს თავზე გადაახია, მეტიც, სილა გააწნა. ვფიქრობ, დასავლეთი ამას აღიქვამს არა როგორც ერთი, თუნდაც სტრატეგიული, მაგრამ პატარა ქვეყნის ხელისუფლების არაადეკვატურ ნაბიჯს, არამედ როგორც რეალურ გამოწვევას, რამაც შეიძლება დომინოს პრინციპით იმოქმედოს. ავხსნი, რასაც ვგულისხმობ. საქართველოს ტიპის ქვეყნისგან ასეთი სილის გაწვნა დასავლეთის არასაკმარისი რეაგირების შემთხვევაში აუცილებლად გამოიწვევს იმას, რომ მთელი მსოფლიოს პატარა ქვეყნების ავტორიტარი მმართველები, მათი მფარველების წაქეზებით, შეეცდებიან დასავლეთს ისევე აახიონ სახე, როგორც ეს გააკეთა "ქართულმა ოცნებამ", ეს კი მნიშვნელოვნად დააზიანებს დასავლეთის იმიჯს, მათ შორის - ამერიკისასაც, რომელიც ჯერ ისევ მსოფლიო წესრიგის მთავარი ციტადელია და ამ ყველაფერმა შეიძლება მთელი მსოფლიოსთვის მოიტანოს მძიმე შედეგები...

გავიხსენოთ, 2008 წლის ომის დროს დასავლეთის არასაკმარისმა რეაქციამ და რუსეთის რესურსების არასათანადოდ შეფასებამ გამოიწვია ჯაჭვური რეაქცია - მოხდა ყირიმის ანექსია, სირიის მოვლენები და დღეს რუსეთი დასავლეთთან ურთიერთობაში ისეთი ძლიერია, როგორიც ბოლო 30 წლის განმავლობაში არასდროს ყოფილა. ეს გამოიწვია სწორედ დასავლეთის ახლომხედველურმა პოლიტიკამ, რუსეთის შესაძლებლობების არარაციონალურმა შეფასებამ, ასევე - თანამედროვე დასავლური ინსტიტუტების სისუსტემ და სტრატეგიული აზროვნების დეფიციტმა. მოკლედ, თუ არ იქნება დასავლეთის დროული და ადეკვატური რეაქცია, შესაძლოა ამ ყველაფერს არანაკლებ მძიმე პროცესები მოჰყვეს. თუ დასავლეთს ოდნავი რაციონალიზმი და პრაგმატულობა შერჩენია, საქართველოს ხელისუფლების ამ ქმედებას სწორედ ასე შეაფასებს. ამ შემთხვევაში სასწორზე დევს არა საქართველოს დემოკრატიულობა ან პროდასავლურობა, არამედ დასავლეთის, როგორც მსოფლიო წესრიგის უმნიშვნელოვანესი გარანტის როლი და იმიჯი.

რაც შეეხება იმას, რამ განაპირობა "ქართული ოცნების" ეს ნაბიჯი... შეიძლება ვიფიქროთ, რომ "ქართულმა ოცნებამ" ერთ დღეს გაიღვიძა და უცებ გადაწყვიტა, პროდასავლური შლეიფის ერთი ხელის მოსმით ჩამოშორება, მაგრამ რაციონალურობა ამგვარ მოსაზრებაში არ ჩანს. საქმე ის არის, რომ დასავლეთი აქამდეც დიდი სიამოვნებით ხუჭავდა თვალს "ქართული ოცნების" ნაბიჯებზე, განსაკუთრებით - ბოლო ორი წლის განმავლობაში და მმართველ ძალას ასევე შეეძლო გაეგრძელებინა მოქმედება - პროდასავლური რიტორიკითა და ანტიდასავლური საქმით, რაზეც დასავლეთს მაინცდამაინც მკაცრი რეაქცია არ ექნებოდა და ამაში მათ ვერც სუსტი ოპოზიცია შეუშლიდა ხელს. ჩემი აზრით, აქ მთავარი ინსპირატორი მაინც ის იყო, რომ "ქართული ოცნებისთვის" დიდ გამოწვევად და რუბიკონად იქცა 43%, რომელიც ამ შეთანხმებაში ჩაიდო და რომლის ვერაღების შემთხვევაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები უნდა დაინიშნოს. როგორც ჩანს, კვლევების შედეგები კატასტროფულია, "ოცნება" ძალიან შორს არის ამ 43%-ისგან და ამიტომაც ვისმენთ მათგან, 43% კი არა, 3%-იც რომ ავიღოთ, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები არ დაინიშნებაო. მწარედ ცდებიან... საქმე ის არის, რომ თვითმმართველობის არჩევნებში 43%-ზე ნაკლების აღების შემთხვევაში, იმის მიუხედავად, მმართველი ძალა გააუქმებს თუ არა ამ შეთანხმებას, რიგგარეშე არჩევნების ჩატარება მაინც გარდაუვალი იქნება.

"ქართული ოცნება" არის ზეეკლექტური გაერთიანება, ეს არის ძალაუფლებასა და მისგან მიღებულ გამორჩენას დახარბებული ადამიანების ერთობა - ვგულისხმობ "ოცნების" ელიტას; ამავე დროს, ადგილებზე პარტიის ღერძს ქმნიან ყოფილი "ნაციონალები", რომლებიც როგორც კი დაინახავენ პარტიის წაბორძიკებას, მაშინვე დაიწყებენ უკეთესი ვარიანტის ძებნას. "ოცნებაში" მრავლად არიან მედროვეებიც, რომლებიც ყველა ხელისუფლებაში თავის ადგილს პოულობდნენ. ისინიც, როგორც კი დაინახავენ, რომ "ოცნებამ"ვერ შეძლო 43%-იანი მხარდაჭერის მიღება, მაშინვე გადალაგდებიან სხვადასხვა ოპოზიციურ პარტიაში, რადგან გადაწყვეტენ, რომ ეს "ოცნების" დასასრულის მომასწავებელია.

ასე რომ, "ოცნებამ", რაც უნდა გადათქვას რიგგარეშე არჩევნების ჩატარების პირობა, თუკი ის თვითმმართველობის არჩვენებში ვერ მოახერხებს 43%-ის აღებას, ეს იქნება პარტიაში სიგნალი ყველასთვის, რომ "ოცნების" დასასრული დაიწყო და გაღრმავდება მისი დაშლის პროცესი. ამის დასაწყისად თამამად შეიძლება მივიჩნიოთ გიორგი გახარიას ოპოზიციაში გადასვლა. სხვათა შორის, მუნიციპალიტეტებში გახარიას პარტიის სავარაუდო კანდიდატებზე ინფორმაციის გავრცელების შემდეგ "ქართულ ოცნებას" არაერთ მუნიციპალიტეტში მოუწია უკვე შერჩეული კანდიდატების შეცვლამ - ისინი იძულებული გახდნენ, უფრო წონიან კანდიდატებზე ეფიქრათ.

კიდევ ერთი ფაქტორი, რამაც "ოცნებას" ეს გააბედვინა, არის ამ პარტიასთან დასავლეთის ენის მოჩლექით საუბარი, განსაკუთრებით - ბოლო ერთი წლის განმავლობაში, რასაც ორი მიზეზი ჰქონდა: პირველი - დასავლეთისთვის მნიშვნელოვანი იყო საქართველოში სტაბილურობის შენარჩუნება და "ოცნება"ამტკიცებდა, რომ მის გარეშე ეს ვერ მოხერხდებოდა და მეორე - ოპოზიციის სისუსტე...

არსებობს გამოთქმა, ხალხი იმ ხელისუფლებას იმსახურებს, რომელიც ჰყავსო. ამის პერიფრაზს გავაკეთებ და ვიტყვი, რომ საქართველოს ოპოზიცია იმსახურებს იმ ხელისუფლებას, რომელიც ჰყავს. ეს ითქმის მთელ პოლიტიკურ სპექტრზე, იშვიათი გამონაკლისის გარდა. ამას დასავლეთი კარგად ხედავდა, განსაკუთრებით - შარშანდელი საპარლამენტო არჩევნების შემდეგ.

დასავლეთს სჭირდება ოპოზიცია, როგორც სტაბილური, სტრატეგიული დასაყრდენი, რომელიც, ხელისუფლების შეცვლის შემთხვევაში, ქვეყნის სტაბილურ განვითარებას შეუწყობს ხელს.

ეს დაქსაქსული ოპოზიცია, რომლის ნაწილიც პარლამენტში შესვლის შემდეგ იქცა "ქართული ოცნების" ლეღვის ფოთლად, ნაწილი კი საკუთარ სკამებს არის ჩაბღაუჭებული და სხვა მიზნები აღარც აქვს, დასავლეთს უკეთეს პერსპექტივას ვერ დაანახებდა და ისიც იძულებული იყო, ხელისუფლებაში მყოფ ძალასთან კარგი ურთიერთობა შეენარჩუნებინა.

ამ ყველაფერმა "ქართულ ოცნებას" შეუქმნა ილუზია, რომ დასავლეთის არაერთგზის გადაგდება შეეძლო. იმედი აქვთ, რომ ყველაფერი შერჩებათ. ისინი, როგორც ჩანს, დასავლეთთან ურთიერთობის მოგვარების რესურსს კვლავაც ხედავენ. მოკლედ, გათავხედებული ბავშვებივით მოიქცნენ...

- "ქართული ოცნება" ამ გადაწყვეტილების მიღების მთავარ მოტივად ასახელებს იმას, რომ "ნაციონალურმა მოძრაობამ" შეთანხმებას ხელი არ მოაწერა... - როდესაც შეთანხმებას მიაღწიეს, მათი ლიდერი ციხეში იყო და იმ ეტაპზე ამიტომ თქვეს უარი. ნიკა მელიას გამოსვლის შემდეგ, ალბათ, შეიძლებოდა შეთანხმებას შეერთებოდნენ, მაგრამ, როგორც ჩანს, ამაზე უარის თქმით და პარლამენტში შესვლით სცადეს დაებალანსებინათ ურთიერთობა საკანონმდებლო ორგანოში მათი შესვლის მოწინააღმდეგე ამომრჩეველსა და დეპუტაციის იმ ნაწილს შორის, რომელსაც პარლამენტში შესვლა სურდა. ამით, ასე ვთქვათ, პარტიაში რყევები აირიდეს, მაგრამ აქ სხვა რამ არის მნიშვნელოვანი. მოაწერდა თუ არა "ნაციონალური მოძრაობა" ხელს ამ დოკუმენტს, დარწმუნებული იყავით, რომ "ქართული ოცნება" ამ ნაბიჯს მაინც გადადგამდა. უბრალოდ, მათ ამისთვის "ნაციონალური მოძრაობის" საბაბად გამოყენების საშუალება აღარ ექნებოდათ, თუმცა, ალბათ, სხვა რამეს მოიფიქრებდნენ. ფაქტია, "ნაციონალური მოძრაობის" გადაწყვეტილებით არა მხოლოდ "ქართულ ოცნებას" მიეცა სალაპარაკო, არამედ დასავლეთსაც, რომლის წარმომადგენელთაგან უკვე არაერთხელ მოვისმინეთ, რომ ამ პროცესში თავისი პასუხისმგებლობა "ნაციონალურ მოძრაობასაც" აქვს.

- როგორ ფიქრობთ, ამ ვითარებაში რა იქნებოდა ოპოზიციის ყველაზე ოპტიმალური ნაბიჯი? ნიკა მელიამ და ზურაბ ჯაფარიძემ პარლამენტის დატოვება გადაწყვიტეს, თუმცა დანარჩენი ოპოზიცია პარლამენტში რჩება... - დღეს ოპოზიცია ისეთი ჭრელი და დაქსაქსულია, როგორიც რამდენიმე თვის წინ, პარლამენტში შესვლამდეც არ ყოფილა. მაშინ ერთგვარ სახეს მაინც ინარჩუნებდა, დღეს კი ოპოზიცია სამ კატეგორიად არის დაყოფილი. პირველი - ეს არის ე.წ. ლეღვის ფოთოლი, რომელიც დიდი სიამოვნებით ირგებს "ქართული ოცნების" ადვოკატის როლს და ამის არც ერიდება; მეორე ნაწილი აშკარად არ გამოხატავს "ქართული ოცნების" მხარდაჭერას, მაგრამ კარგად ხვდება, რომ ეს მისთვის ბოლო პარლამენტია და ამიტომ ყველანაირად ებღაუჭება სადეპუტატო სკამს; მესამე ნაწილი ხელისუფლების რეალური ოპოზიციაა, თუმცა ეს ვითარება ძალიან ართულებს ოპოზიციაში საერთო ხედვის და სტრატეგიის ჩამოყალიბებას. რა თქმა უნდა, არ ვგულისხმობ, რომ ყველგან მერობის ერთიანი კანდიდატები უნდა წამოაყენონ, მაგრამ მათ სჭირდებათ საერთო გენერალური ხაზი, ამისთვის ბრძოლა და ამომრჩევლის მაქსიმალურად მოტივირება, ეს ხაზი კი გადის იმაზე, რომ "ქართულმა ოცნებამ" ვერაფრით აიღოს 43%. როგორც კი ამას ვერ შეძლებს, მისი დაშლა დაიწყება...

აქედან გამომდინარე, ვამბობ, რომ ოპოზიციის გენერალური ხაზი უნდა იყოს ამომრჩევლის შემოკრება ერთი გზავნილით - ეს არ არის არჩევნები მხოლოდ მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელობის დასაკომპლექტებლად, ეს არის უმნიშვნელოვანესი არჩევნები საქართველოს სახელმწიფოებრიობისთვის, იმისთვის, რომ ჩვენმა მომავალმა შეძლოს დასავლურ, ცივილიზებულ სახელმწიფოში ცხოვრება, სადაც საქართველოს ნებისმიერი მოქალაქის თავისუფლება და უსაფრთხოება იქნება დაცული. თუ ავტორიტარიზმის ნიშნები გაძლიერდა, თუ ამ არჩევნების შემდეგ ჩვენ დიქტატურაში ამოვყავით თავი, საქართველოს ნებისმიერი მოქალაქის თავისუფლებასა და უსაფრთხოებას საფრთხე დაემუქრება. თუ არ გვინდა იმ კოშმარში დაბრუნება, რომელიც უკვე გამოვიარეთ, როდესაც ავტორიტარულ-კრიმინალური სახელმწიფო გვქონდა, უნდა მივიდეთ არჩევნებზე და ხმა მივცეთ ნებისმიერ ოპოზიციურ პარტიას. აი, ეს უნდა იყოს მთავარი გზავნილი, თუმცა ძალიან მეეჭვება, ოპოზიციამ თუნდაც ამ გენერალური ხაზის დაცვა მოახერხოს.

საქართველოს უსაფრთხო ქვეყნის იმიჯი ჰქონდა და ეს ჩვენი ეკონომიკის განვითარებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო. სამწუხაროდ, ამას ვკარგავთ, ეს კი საქართველოსადმი ნდობის შემცირებას იწვევს, რასაც ეკონომიკის ჩამოშლაც შეიძლება მოჰყვეს. ტურისტს ესხმიან თავს, თბილისში გარდაცვლილი ნახეს უცხოელი ახალგაზრდა ქალი - ამგვარი ტრაგიკული შემთხვევები თითქოს კამპანიურ ხასიათს იძენს და ებმის იმ ჰომოფობიურ განწყობებს, რომელთა "ამოფრქვევაც" 5 ივლისს ვნახეთ. სამწუხაროდ, ისეთი პროცესების მომსწრე ვართ, რომლებიც ქვეყანას თვითიზოლაციისა და ქაოსისკენ მიაქანებს.

- "ამერიკის შეერთებული შტატები ძალზე შეწუხებული და გაბრაზებულია პარტია "ქართული ოცნების" ცალმხრივი გადაწყვეტილებით, გასულიყო 19 აპრილის შეთანხმებიდან, დოკუმენტიდან, რომელიც შემუშავდა ექვსთვიანი რთული, მაგრამ ერთობლივი მოლაპარაკებების შედეგად და წარმოადგენს ქართველი ხალხისა და მათი დემოკრატიის წინსვლისთვის აუცილებელ გზას" - ეს არის ამონარიდი აშშ-ის საელჩოს განცხადებიდან, რომელიც უკიდურესად მკაცრია, თუმცა ამასთან შედარებით ნაკლებად კრიტიკული იყო ევროსაბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი. როგორ შეიძლება ეს აიხსნას? - მოვუსმინე ამ თემაზე ევროკავშირში ჩვენს ყოფილ ელჩს, ნატალია საბანაძეს, რომელიც ახლახან გახარიას გუნდს შეუერთდა და ვეთანხმები მის შეფასებას. მან აბსოლუტურად ლოგიკურად ახსნა შარლ მიშელის ეს ძალიან სუსტი განცხადება, თქვა რა, რომ მიშელმა არ მოიჭრა გზა "ქართულ ოცნებასთან" დიალოგის გასაგრძელებლად. ამაში, რა თქმა უნდა, არის ლოგიკა, მაგრამ, ჩემი აზრით, ეს არასწორი პოზიციაა და ბატონი მიშელი გაცილებით მკაცრი უნდა ყოფილიყო. სწორედ ამგვარმა რბილმა შეფასებებმაც მიიყვანა "ქართული ოცნება" აქამდე, წაახალისა ის არასწორი ნაბიჯების გადასადგმელად.

ზოგადად კი, ვშიშობ, დაგვიანებული არ იყოს დასავლეთის მძაფრი რეაქცია და მართლაც ყველაფერი ისე არ მოხდეს, რომ საქართველოში ახალი ბელორუსი მივიღოთ. დასავლეთმა, უპირველეს ყოვლისა, უნდა გააცნობიეროს საქართველოს ღირებულება - ეს არის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენი სამომავლო ქმედებების დაგეგმვისას აუცილებელია ვიცოდეთ, რამდენად უღირს საქართველო დასავლეთს, როგორც სტრატეგიული და დემოკრატიული პარტნიორი, მით უფრო - ამ ურთულეს რეგიონში.

- ბოლო ხანს გახშირდა რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენელთა ლაპარაკი საქართველოსთან ავიამიმოსვლის აღდგენის თაობაზე; მეტიც - რუსულ პრესაში გაჩნდა მოსაზრებები ჩვენს ქვეყანასთან სავიზო რეჟიმის გაუქმების შესაძლებლობაზე... თქვენი აზრით, ეს დამთხვევაა თუ რუსეთის მორიგი მზაკვრული გეგმა? - რა თქმა უნდა, ეს ერთიანი გეგმის ნაწილია. რუსეთმა, დიდი ხანია, ხისტი ძალის გვერდით დაიწყო ე.წ. რბილი ძალის პოლიტიკის გამოყენება, რაც ნიშნავს იმგვარ საინფორმაციო პოლიტიკას, რომელიც ჩვენს საზოგადოებაში, ერთი მხრივ დასავლეთისადმი იმედგაცრუებას გააღრმავებს და, მეორე მხრივ, დაუცველობის, სასოწარკვეთის განცდას გამოიწვევს და ჩვენს დაქსაქსვას შეუწყობს ხელს. ასევე ცდილობენ რუსეთის მიმართ ნოსტალგიური, მეტიც - კაპიტულანტური განწყობის გაღვივებას... რუსეთი, ცდილობს გვითხრას, აბა, დასავლეთმა რა გაგიკეთათ, ჩემთან პირისპირ რჩებით, ამიტომ გირჩევნიათ, კეთილი რუსეთი დაინახოთ და ჩემი მოწყალების იმედად იყოთო. ამ ვითარებაში ჩვენ აუცილებლად უნდა გადავხედოთ ჩვენი მეზობლების საგარეო პოლიტიკას, დავაკვირდეთ, როგორი მოქნილები არიან ისინი, როგორი მრავალმხრივია მათი საგარეო პოლიტიკური კურსი. შეგვიძლია ჩვენივე მაგალითით ვისწავლოთ რაღაც. გავიხსენოთ თურქეთ-აზერბაიჯან-საქართველოს ურთიერთობის შევარდნაძისეული პერიოდი. სწორედ ამ სამკუთხედმა შეძლო, რომ დღეს საქართველო ისევ ფეხზე დგას და ისევ აქვს საერთაშორისო მნიშვნელობა. ამ ქვეყნების მაშინდელმა ლიდრებმა - შევარდნაძემ, ალიევმა და დემირელმა დასავლეთისთვის ამ სამკუთხედის უნიკალური ფუნქცია ჯერ თავად დაინახეს და მერე დასავლეთს შესთავაზეს, როგორც, ერთი მხრივ, რუსეთის შემაკავებელი პლატფორმა და, მეორე მხრივ, ენერგორესურსების მიწოდების ალტერნატიული გზა. ამით მოვდივართ დღემდე. ჩვენ რომ შევძლოთ და ახალი რეზონანსი შევძინოთ თუნდაც ამ ერთობას, კარგი იქნება, მაგრამ საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება ამას ვერ და არ გააკეთებს. მრავალვექტორული პოლიტიკისა და რეგიონული თანამშრომლობის კარგი თანამედროვე მაგალითია თურქეთის, უკრაინისა და ბრიტანეთის ერთობლივი გეგმებიც, ჩვენ კი საგარეო პოლიტიკაში ნელი კვდომის რეჟიმში გადავედით. ასეთი დასავლეთსაც აღარ აინტერესებს. შვილი კი არ ხარ, რომ მიგიღონ ისეთი, როგორიც ხარ და ყველაფერი გაპატიონ! საერთაშორისო ურთიერთობებში შენი საჭიროება მუდმივად უნდა ამტკიცო. სხვას რომ აინტერესებდე, ფასეული უნდა იყო, როგორც შენი რეგიონის საინტერესო აქტორი. ამიტომ არის აუცილებელი მრავალვექტორული პოლიტიკის წარმართვა.