"სული, გული, ყველაფერი მტკივა" - კვირის პალიტრა

"სული, გული, ყველაფერი მტკივა"

"ტანსაცმელშემოხეული რომ დამინახა, სოსო ჯაჭვლიანმა გაიხადა პერანგი და მომაფარა"

"მადლობელი ვარ პატრიარქის, დამლოცა, მომეფერა და  გმირი მიწოდა"

"დღემდე ფსიქოტროპულ წამლებს ვიღებ"

"ფიზიკურზე მეტად სულიერ ტკივილს ვგრძნობ", - გვითხრა მსოფლიოს ჩემპიონმა ლუკა კურტანიძემ, რომელსაც რუსთაველის პროსპექტზე განსაკუთრებული სისასტიკით გაუსწორდნენ სპეცრაზმელები:

- საშინელება, რომელიც 26 მაისს მომიტინგეებს დაატყდათ თავს, მეც გადავიტანე. რამდენიმე ადგილას თავი მაქვს გატეხილი, მთელი სხეული კი დაჟეჟილი.  ფიზიკურ შეურაცხყოფას და თავის გატეხას ადამიანი კიდევ გაუძლებს, მაგრამ ყველაზე მძიმე სიტყვიერი შეურაცხყოფა იყო, მომიტინგეებს რომ მოგვაყენეს.

როდესაც სპეცრაზმი პარლამენტს მოუახლოვდა, "სახალხო კრების" ლიდერებთან ერთად სცენაზე ვიყავი. როდესაც დარბევა დაიწყო, სცენიდან ჩამოვედი. ხალხის ტალღამ კინოთეატრ "რუსთაველში" შემაგდო და რაც იქ მოხდა, იმის გახსენება აღარ მინდა.

- ნინო ბურჯანაძემ მითხრა, ლუკა კურტანიძე სპეცრაზმელებმა სახელითა და გვარით გამოიძახეს და სასტიკად გაუსწორდნენო.

- მართლაც ასე იყო. ეტყობა, ჩემთან ანგარიში ჰქონდათ გასასწორებელი, რატომ, არ ვიცი. იმ ღამეს ჯოჯოხეთი გამოვიარე. სიზმარში რომ მენახა, არ დავიჯერებდი, რომ ჩემი თანამემამულე ჩემსავე ქვეყანაში ასეთ ჯოჯოხეთს გადამატანინებდა.

- მაინც რა გადაგხდათ?

- იარაღს რომ მოგიშვერენ, გეტყვიან, არ გაინძრეო და ორასი კაცი დაგესევა, რა მდგომარეობაში იქნები? გაოცებული ვარ, რატომ გამიმეტეს ასე, რის გამო იყვნენ ასე აგრესიულები. გამეტებით, დაუნდობლად მირტყამდნენ რკინებს. რაც ხალხს მოხვდა, ათჯერ მეტი მე მომხვდა გამიზნულად. მაგრამ სპეცრაზმელთა შორისაც აღმოჩნდნენ ისეთები, ვინც ადამიანურად იქცეოდა. მათი დამსახურებაა, რომ ცოცხალმა გამოვაღწიე, ფეხზე რომ ვდგავარ და გესაუბრებით. ამ გამხეცებულ-გავეშებულ ხალხშიც აღმოჩნდნენ ადამიანები, რომელთაც სასიკვდილოდ არ გამიმეტეს.

კინოთეატრ "რუსთაველში" უამრავი ადამიანი დამესია, ადგილი არ დამრჩენია, სადაც ხელკეტი არ მომხვდა. მერე ხელბორკილები დამადეს და კიდევ ერთხელ დაუნდობლად გაიარ-გამოიარეს ჩემზე. ამის შემდეგ თავისუფლების მოედანზე ჩამიყვანეს უნიღბო ბიჭებმა. ისინი რომ არ ყოფილიყვნენ ჩემ გვერდით, გავეშებული ადამიანები, რომლებიც სახეს ნიღბებით მალავდნენ,  ცოცხალს არ დამტოვებდნენ და შეიძლება მეც სადმე მკვდარი სახურავზე ან მტკვარში აღმოვჩენილიყავი.

თავისუფლების მოედნიდან პოლიციის სამმართველოში გადამიყვანეს. ნორმალური ადამიანები, რომელთაც, ალბათ, გაახსენდათ, რომ ქვეყნისთვის რაღაც გამიკეთებია, იქაც დამხვდნენ, მაგრამ იყვნენ ისეთებიც, რომელთა შეურაცხყოფა არასოდეს დამავიწყდება. მიკვირს, საიდან ჰქონდათ ამხელა ზიზღი და დაუნდობლობა. მე ხომ ჩემი ქვეყნის სახელი უცხოეთში გამქონდა და როდესაც ჩემი სამშობლოს Hჰიმნი ჟღერდა, სიხარულის ცრემლი მქონდა თვალებზე.

ასეთი სიძულვილი რატომ უნდა ჰქონოდათ, ვერ გამიგია. მე არ მძულს ეს ადამიანები, პირიქით, მეცოდება იმის გამო, რომ ასეთი სისასტიკის ჩადენა შეუძლიათ. ამხელა ზიზღი მათ ცხოვრებას დაუნგრევს და სიცოცხლეს მოუწამლავს. არავის შერჩენია ამხელა ცოდვა და ასეთი ცინიზმი. ღმერთია მოწამე, როგორც მომექცნენ, არაფრით დამიმსახურებია.

მაგრამ, როგორც ჩანს, ვიღაცის დავალება იყო, ისე გამსწორებოდნენ, რომ მთელი ადგილი არ უნდა დამრჩენოდა.

ვერ გავიმეორებ იმ სიტყვებს, რასაც მეუბნებოდნენ. ჩემს მტერსაც არ მინდა ისეთი რამ გადახდეს, რაც იმ ღამეს გადავიტანე, დავინახე და მოვისმინე, ღმერთმა დაიფაროს ყველა. დღემდე ფსიქოტროპულ, დამამშვიდებელ წამლებს ვიღებ. მე ვნახე დასისხლიანებული, დასახიჩრებული ადამიანები, რომელთაც კიდევ გამეტებით სცემდნენ.

ეს ისეთი წყევლა იყო, რომელიც მთელმა ერმა უნდა მოინანიოს, თორემ საქართველო ვერ გაიხარებს. ერთი ერის შვილები ასეთი  დაუნდობლები თუ ვიქნებით ერთმანეთისადმი, უფალი მიგვატოვებს და ვერ გადავრჩებით. ყველამ უნდა ვილოცოთ იმისათვის, რომ ასეთი რამ არ განმეორდეს. ქართველები აქამდე ერთმანეთის სიყვარულით, ძმობითა და მეგობრობით ვამაყობდით და პირველები სიყვარულში კი არა, სისასტიკეში, ერთმანეთის გაუტანლობასა და დაუნდობლობაში ვყოფილვართ.

სული, გული, ყველაფერი მტკივა. ეს არ მიგვიყვანს იმ ტაძრამდე, რომელიც გადაგვარჩენს.

პოლიციის სამმართველოში ერთმა ბორკილდადებულს ტანსაცმელი შემომახია, შეურაცხყოფა მომაყენა და მერე ამით გახარებული ჩემთან სურათებს იღებდა. რა უხაროდა, ვერ გამიგია, ჩემი უბედურება და შეურაცხყოფა როგორ ახარებდა? ნეტავ ვისთვის უნდა ენახებინა ის სურათები? შვილისთვის თუ ნათესავისთვის? ტანსაცმელშემოხეული რომ დამინახა, სოსო ჯაჭვლიანმა გაიხადა პერანგი და მომაფარა. ნახევრად შიშველი წამიყვანეს სასამართლოში.

როგორ შეიძლება ცილი დასწამო და სამშობლოს მოღალატე უწოდო კაცს, რომელსაც არაერთხელ დაუდვია თავი სამშობლოსთვის. სამშობლოს ღალატი სიკვდილზე უარესია ჩემთვის. ტყვია ესროლათ, მერჩივნა,  ვიდრე მოღალატე ეძახებინათ. ღმერთმა ყველას შეუნდოს და აპატიოს.

მადლობელი ვარ პატრიარქის, რომ დამიბარა. დამლოცა, მომეფერა და მითხრა, შენ ისეთი ადამიანი ხარ, ვისაც საქართველოსთვის დიდი სიხარული მოუტანიაო და გმირი მიწოდა. მისმა სიტყვებმა გამაძლიერა. თორემ ამხელა ზიზღისა და დაუნდობლობის მერე ვფიქრობდი, რამე ხომ არ დავაშავე,  რომ ასეთი განსაცდელი დამატყდა-მეთქი. ორი დღეა ფეხზე დავდექი და ხალხში გავედი. ადამიანებისაგან სიყვარულსა და  თანაგრძნობას რომ ვგრძნობ, ეს მაძლევს კიდევ იმედს.

პარლამენტში აკაკი მინაშვილს უთქვამს ჩემზე, საქართველოდან წავიდესო. თუ ამ სამოთხიდან ყველა წავიდა, ეს ქვეყანა ვის დავუტოვოთ? ომი და უბედურება გამოვიარე, ხმელ პურზე ვყოფილვარ და მაშინ არ მიფიქრია სამშობლოდან წასვლა, რადგან ეს ღალატად მიმაჩნდა, ახლა კი მით უმეტეს არ წავალ.

მე არც თანამდებობა მინდა და არც პოლიტიკა. მინდა ქართველებმა ღირსეულად ვიცხოვროთ და ამისთვის ვარ მოღალატე?

თუ ქართველ ერს ეს მდგომარეობა და  დიქტატი მოსწონს, რა გაეწყობა. მეც ჩემს  ხალხთან ერთად მოვითმენ. მოვითმენ, მაგრამ როდემდე?!