"კობასაც ვიცნობ, ზვიადსაც და გუბაზსაც, რისი მომსვლელები იყვნენ?" - კვირის პალიტრა

"კობასაც ვიცნობ, ზვიადსაც და გუბაზსაც, რისი მომსვლელები იყვნენ?"

"მიხეილ სააკაშვილი ამ ადამიანებს კაცობაში ნუ შეეჯიბრება"

"მეც რომ მათსავით ვეცემე, ვერ გავუძლებდი და რასაც მომთხოვდნენ, ყველაფერს დავიბრალებდი"

"დარბევაში სასჯელაღსრულების სამინისტროს ქვედანაყოფი, სოდ-ი და კუდ-ის მე-7 განყოფილება მონაწილეობდნენ, მაგრამ მარტო ეს ნაწილები არ გამოუყვანიათ მომიტინგეების დასარბევად. მალე გამოვაქვეყნებ მათ სახელებსა და გვარებს, ვისაც ქართველი ხალხის სისხლში აქვს ხელი გასვრილი", - გვითხრა "თავისუფალი საქართველოს" თავმჯდომარე კახა კუკავამ, რომელიც სისხლიანი დარბევის შემდეგ ისევ მკურნალობს.

- კინოთეატრ "რუსთაველში" ოთხი სპეცრაზმელი რკინის ხელკეტებით რამდენიმე წუთის განმავლობაში მცემდა თავში. ეს არის 5 სმ დიამეტრიანი კაუჩუკის ხელკეტი, რომელსაც ლითონის გარსი აქვს. ახლაც ტკივილდამაყუჩებლებითა და ექიმის მუდმივ მეთვალყურეობაში ვარ. ჩემი მდგომარეობა რა მოსატანია მათთან, ვისაც საათობით სცემდნენ მოდულსა და პოლიციის სამმართველოში. ამიტომაც არ მიკვირს ის ჩვენებები და აღიარებები, რასაც დაკავებულები იძლევიან. მეც რომ მათსავით ვეცემე, ვერ გავუძლებდი და რასაც მომთხოვდნენ, ყველაფერს დავიბრალებდი.

ეტყობა, სააკაშვილმა გადაწყვიტა, შეფარული ავტორიტარიზმის ნაცვლად ქვეყანაში აშკარა ტირანია დაამყაროს.

თვალში მომხვდა, რომ სახელისუფლებო არხებმა დარბევის შესახებ პირველი ინფორმაცია რაც გაავრცელეს ის იყო, რომ ნინო ბურჯანაძის ესკორტი გაიქცა. სააკაშვილმაც თქვა,  ოპოზიციის ლიდერებმა პირველებმა გაქუსლესო. სააკაშვილს ფსიქოლოგიური კომპლექსი აქვს იმის გამო, რომ თვითონ გაქუსლა გორიდან.

სააკაშვილივით არავინ არსად გაქცეულა. ჩემ გვერდით გია ბურჯანაძე, ბიძინა გეგიძე, სოსო ჯაჭვლიანი, გოგი ქავთარაძე და "უცნობი" იყვნენ. ისიც კი არ უცდიათ, დარბევას გარიდებოდნენ, მით უმეტეს, თავდაპირველად ჰქონდათ ამის საშუალება. მიხეილ სააკაშვილი ამ ადამიანებს კაცობაში ნუ შეეჯიბრება. დარწმუნებული ვარ, ხელისუფლება დაინტერესებულია, რომ ბადრი ბიწაძეს გაუხსნას საზღვარი, დაატოვებინოს საქართველო, რომ მერე თქვას, გაიქცაო. სააკაშვილს უნდა ყველა მასავით გაქცეული იყოს.

მომიტინგეებს სასტიკად გაუსწორდნენ, ასეთი რამ კახა თარგამაძის დროს არც კი დაესიზმრებოდათ. სამწუხაროდ, არ არის კინოთეატრ "რუსთაველში" დარბევის კადრები, სადაც ხალხს გამეტებით რამდენიმე საათი  სცემდნენ.

ნიკა კვინტრაძე, რომელიც ვითომ სუპერმარკეტის თავზე იპოვეს, სინამდვილეში სპეცრაზმელებს ცემაში შემოაკვდათ, ხელისუფლება კი ლამის მადლობას უცხადებს მკვლელებს.

კინოთეატრ "რუსთაველში" სამასამდე კაცი შევედით, მალე მკვლელებიც შემოცვივდნენ გინებითა და ხელკეტების ქნევით. მივხვდით,  რომ თავები მთელი არ შეგვრჩებოდა. ნიღბიანებმა ყვირილი დაიწყეს, "ნინოს, რაო?" ყველა იქ მყოფი სიკვდილს უყურებდა თვალებში. უცებ ვიფიქრე, ახლა მთელი დარბაზი რომ აყვირდეს-მეთქი, მაგრამ მხოლოდ ერთი კაცი  აჰყვა ამ მოწოდებას და შეიგინა. უმეტესობა ახალგაზრდა იყო და არავის უფიქრია თავის გადარჩენაზე. სეანსიდან ყველა ბილეთიანი გაუშვეს, იატაკზე უამრავი ბილეთი ეყარა, მაგრამ არავინ იკადრა აღება. "რუსთაველში" ხომ მცემეს, მაგრამ ქალაქის სამმართველოში აღარ მომხვედრია. დაკავებულები, რომელთა სახელებიც არ ვიცი, გადამეფარნენ. წინა რიგში დგებოდნენ და თავად იხვედრებდნენ ხელკეტებს...

ასევე მოექცეოდნენ მურმან დუმბაძესაც. ჩემსა და გაჩეჩილაძეებზე არ ჰქონდათ ისეთი აგრესია, როგორიც "სახალხო  კრების" წევრებზე. მათ "სახალხო კრების" ორგანიზატორების ჩვენებები სჭირდებოდათ, მურმან  დუმბაძე ხომ ერთ-ერთი ორგანიზატორი იყო, ამიტომ გადაიყვანეს მოდულში და აწამეს.

- გუბაზ სანიკიძე და ზვიად ძიძიგური აცხადებდნენ, თუ აქცია დაარბიეს, ხალხთან  მივალთ და ვუშველითო, მაგრამ... რით ახსნით მათ უმოქმედობას?

- კობასაც ვიცნობ, ზვიადსაც და გუბაზსაც, რისი მომსვლელები იყვნენ? Aდარბევაზე რას მოვიდოდნენ, როდესაც პარტიიდან გარიცხეს ისინი, ვინც აქციაზე დადიოდნენ.

კონსერვატიული პარტიის ერთ-ერთი წევრი დაიკარგა და როდესაც მისმა ოჯახის წევრებმა პარტიაში დარეკეს, გენერალურმა მდივანმა გიგა ბუკიამ აფურთხა დაკარგულის ოჯახის წევრებს, რუსეთის შეთქმულებაში მონაწილეობდით და ჩვენთან რა სინდისით რეკავთო.

კობა დავითაშვილი, გუბაზ სანიკიძე და ზვიად ძიძიგური "რვიანიდან" ყველაზე ცუდ მდგომარეობაში არიან, რადგან მომხრეები პასუხს სთხოვენ, აქციაზე რატომ არ გახვედითო. ამის გამო ძალიან გაღიზიანებული არიან.

მარი ზანდუკელი