"ლაპარაკი, ქართველმა ქართველზე ხელი როგორ აღმართაო, ინფანტილიზმია" - კვირის პალიტრა

"ლაპარაკი, ქართველმა ქართველზე ხელი როგორ აღმართაო, ინფანტილიზმია"

"ეს ქალბატონი უკვე ისტერიაში გადავიდა. ალბათ, უნდა ჟანა დ,არკად წარმოიდგინოს თავი"

"არ ვამბობ, რომ მსხვერპლი უნდა გამართლდეს, მაგრამ ამორალურია შეფასება, ეს მსხვერპლი სახელმწიფოს უნდოდა და  ხელისუფლება პირსისხლიანიაო"

"იმას, რაც აქციებზე ხდებოდა, ბოლო უნდა მოღებოდა. ამის ნებაზე მიშვება დაუშვებელი იყო"

"აქციის ორგანიზატორებს უნდოდათ, უმანკო მსხვერპლის იმიჯი შეექმნათ. მათი პროგრამა-მაქსიმუმი (როგორც ოპერატიულ-სამძებრო მასალებით იკვეთება) აქციებისა და არეულობის ფონზე საქართველოში რუსული სამხედრო სპეცსამსახურების გააქტიურება იყო", - აღნიშნა ჩვენთან საუბრისას საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე დავით დარჩიაშვილმა, რომლის აზრით, მაისის ბოლოს განვითარებული პროცესები საშიშროებას უქმნიდა ქართული სახელმწიფოს უსაფრთხოებას:

- აქ რომ სიტუაცია აირეოდა, რუსული სამხედრო ნაწილი ზურგს უკან ვის ამოუდგებოდა, მნიშვნელობა აღარ აქვს.

სამართალდამცავი სტრუქტურების მოქმედებამ რუსული გეგმა გარკვეულწილად ჩაშალა, მაგრამ ამავდროულად უნდა ვთქვათ ქართველ საზოგადოებაზეც, რომელიც არ დაუდგა ვაიპოლიტიკოსებს გვერდით, რადგან კარგად იცის, რა შეიძლება იმალებოდეს ამ ეგზალტირებული აქციების უკან. იმას, რაც აქციებზე ხდებოდა, ბოლო უნდა მოღებოდა. ამის ნებაზე მიშვება დაუშვებელი იყო.

გამოძიებამ უნდა დაადგინოს ყველა პირის ბრალეულობა და ის,  თუ ვინ თამაშობს მეხუთე კოლონის როლს საქართველოში.

- ნინო ბურჯანაძე აცხადებს, თუ დამნაშავე ვარ, დამაკავეთო.

- ეს ქალბატონი უკვე ისტერიაში გადავიდა. ალბათ, უნდა ჟანა დ,არკად წარმოიდგინოს თავი. ასეთი განცხადებების გარეშეც სამართლებრივი პროცედურებით დადგინდება ყველას ბრალეულობის ხარისხი. დადგინდება, რასაც ბურჯანაძე თავის შვილთან ლაპარაკობდა, ბოროტი ოცნება იყო თუ დაგეგმილი ღონისძიება.

- როდესაც პასუხისმგებლობაზეა ლაპარაკი, ხელისუფლება და აქციის ორგანიზატორები ერთმანეთისკენ იშვერენ თითს. ოპოზიციის არგუმენტია, რომ სამართალდამცველებმა უფლებამოსილებას გადაამეტეს და დაღუპულების გამო პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება.

- აქციის დაშლა, ფაქტობრივად, არსად არ ხდება ძალის გადამეტების გარეშე, მიუხედავად ამისა, ცალკეული ფაქტი გამოსაძიებელია. ღმერთმა არ ჩაუგდოს სახელმწიფო ხელში ისეთ პირებს, ვინც Dდღეს სახელმწიფოს აბრალებს ყველაფერს, რადგან იმ წუთში გაუვარდებათ ხელიდან. ვისაც არა აქვს უნარი, თავზე აიღოს სახელმწიფოებრივი პასუხისმგებლობა, მორალისტურ ფრაზებს უყიჟინებს მათ, ვისაც ამის თავი აქვს. არ ვამბობ, რომ მსხვერპლი უნდა გამართლდეს, მაგრამ ამორალურია შეფასება, ეს მსხვერპლი სახელმწიფოს უნდოდა და  ხელისუფლება პირსისხლიანიაო.

- მომხდარს მწვავედ აკრიტიკებენ საერთაშორისო ორგანიზაციები და უცხოური პრესა.

- ძალის გადამეტებაზე ლაპარაკი ლეგიტიმურია, მაგრამ კონკრეტული ფაქტების თანხლებით. ასევე დასაბუთებული უნდა იყოს ისიც, თუ ვის რა ბრალეულობა მიუძღვის რუსეთის მეხუთე კოლონის ფორმირებაში. განცხადებები, რომ საქართველო სიყვარულის სახელმწიფო უნდა იყოს და ქართველმა ქართველზე ხელი როგორ აღმართაო, ინფანტილიზმია.

გარეშე ძალების მიერ ქართული სახელმწიფო ისეთ რეჟიმშია ჩაყენებული, რომ თავის გადარჩენისთვის უნდა იბრძოლოს. დრო,  როდესაც ასეთი რეჟიმიდან გამოვალთ, ახლოს არის, მაგრამ ჯერჯერობით მეზობელი ქვეყანა ოკუპირებული ტერიტორიებითა და თბილისში რაღაც რაზმების ფორმირებით სიურპრიზებს გვიწყობს და ამასთან ბრძოლას გადარჩენისთვის ბრძოლას ვუწოდებ.

- ხელისუფლებისთვის არაფერს ნიშნავდა აქციის დარბევიდან მოკლე დროში მრავალრიცხოვანი მანიფესტაცია, სადაც ქართველმა საზოგადოებამ უარყოფითად შეაფასა მომხდარი?

-  როდესაც ვინმე ძალადობის წინააღმდეგ პროტესტს გამოთქვამს, გასაგებია მორალურად და ემოციურადაც, მაგრამ მეტი დაფიქრება გვმართებს იმაზე, რა არის აუცილებელი და გასაკეთებელი ეროვნული უსაფრთხოებისათვის. ძალადობის მეხოტბე არავინ არის არც ხელისუფლებაში და არც ოპოზიციის დიდ ნაწილში, მაგრამ, სამწუხაროდ, არიან ჯგუფები, რომლებიც ოპოზიციის საფარველით იბრძვიან და საფრთხეს უქმნიან სახელმწიფოებრიობას.

მარი ზანდუკელი