"ლიახვმა წამართვა თამარი" - კვირის პალიტრა

"ლიახვმა წამართვა თამარი"

"ამ ომმა არა მხოლოდ ცოცხლები, არამედ გარდაცვლილებიც დევნილებად აქცია"

2008 წლის 9 აგვისტოს თამარაშენში დარჩენილმა ოციოდე გლეხმა ღამე ბანკის შენობის სარდაფში გაატარა. დაბომბვის დროს ეს ყველაზე უსაფრთხო ადგილი იყო, თუმცა, მეორე დილით მტერმა სამალავს მიაგნო და ხალხი სარდაფიდან იარაღის მუქარით ამოიყვანა. ივანე მაჩაბლის მუზეუმის დირექტორს, ცხინვალის თეატრის ყოფილ მსახიობს და ანსამბლ "ლიახვის" სოლისტ, ელგუჯა გაგნიძეს, გულმა ავი უგრძნო, თუმცა ცდილობდა   მეუღლეს და დას შიში არ შეემჩნიათ.

ტყვეები ერთრიგად დააყენეს და დარაჯად ერთი ოსი ბოევიკი და  ჩეჩენი "მოხალისე" დაუტოვეს; დანარჩენები მანქანით სადღაც წავიდნენ. ოსი დარაჯი ტყვეებს ლანძღავდა და ჰპირდებოდა, რომ მათ დამალულ შვილებსაც მისწვდებოდნენ. ჩეჩენი ჯერ მდუმარედ იდგა, შემდეგ, მოულოდნელად მოტრიალდა   და კისერში ელვის სისწრაფით ჩაარტყა კონდახი. ოსი მკვდარივით დაეცა.

KvirisPalitra.Ge- წადით, ესენი ნამდვილად დაგხოცავენ! გაიქეცით! დანარჩენზე მე ვარ პასუხისმგებელი, კარგა ხანს მდევარი არ გეყოლებათ!.. - უყვირა ჩეჩენმა ტყვეებს.

ირგვლივ ბომბები სკდებოდა, რუსული ბომბდამშენები ძერასავით დასდევდნენ სამალავებიდან გამოსულ ადამიანებს, ამიტომ დევნილებმა შემოვლით გზაზე გასვლა გადაიფიქრეს და ლიახვის ნაპირზე გაფანტულ სიმინდის ყანებს შეერივნენ, მერე კი მდინარეს თავქვე დაუყვნენ...

რამდენიმედღიანი წვალების შემდეგ ყოფილმა ტყვეებმა სამშვიდობოს გამოსვლა შეძლეს. მათ შორის მხოლოდ ერთი არ იყო - ელგუჯა გაგნიძის მეუღლე, სოფელ ქურთის საჯარო სკოლის პედაგოგი თამარ ზაბახიძე. ქალი მდინარემ წაიღო. ქმარი ამაოდ ცდილობდა მის შველას...

ელგუჯა გაგნიძე ახლა თბილისის ონკოლოგიური საავადმყოფოს პალიატიურ განყოფილებაში მკურნალობს. მას ხორხის სიმსივნე აქვს. ელგუჯა გაგნიძეს ხმა არც ოპერაციის შემდეგ დაუბრუნდა, ამიტომ შვილები მხოლოდ მისი ტუჩების მოძრაობით ხვდებიან ნათქვამს ან მამა ფურცელზე წერს სათქმელს. ელგუჯა გაგნიძემ მეც ასე წვალებით მიამბო, რაც იმ ტრაგიკულ დღეს მოხდა:

"როდესაც ტყვეობიდან გამოვიქეცით, თამარი ცუდად იყო. სუნთქვა  უჭირდა და ქოშინებდა. ვამხნევებდი, თამარ, მდინარეს დავყვებით და ღმერთი გვიხსნის-მეთქი. ცურვაც არ იცოდა. წყალში რომ გავრბოდი, ფეხი ამიცდა, დავეცი... როცა ადგომა შევძელი, თამარი აღარსად ჩანდა. მიუხედავად ამისა, მაინც მქონდა იმედი, რომ სადღაც გასვლა შეძლო.

ამაოდ, მოლოდინი მოლოდინად დამრჩა. არ მახსოვს, როგორ ვიარე, როგორ გავედი სამშვიდობოს. თუმცა, რაღა სამშვიდობოს, ყოველ ფეხის ნაბიჯზე ბომბები ცვიოდა, ტყვიის ჯერი წვიმასავით მოდიოდა."

ია გაგნიძე, ელგუჯა გაგნიძის უფროსი ქალიშვილი: "მამამ დეიდაჩემთან დარეკვა მოახერხა, ითხოვდა, მომეშველეთო. ვერაფერს გავხდით.M ჩემი ძმა მაინც წავიდა, მაგრამ კარალეთთან რუსული ტანკები შენიშნა და სამშვიდობოს გამოსვლა სვენეთის მხრიდან ხნულებზე გადმოსვლით მოახერხა. მამამ წვალებით, ისევ თვითონ შეძლო თბილისამდე ჩამოსვლა. ხმა დაკარგული ჰქონდა.

დედაჩემის ცხედრის ძებნა დავიწყეთ და  როდესაც იმედი  გადაგვეწურა, ცხინვალიდან  ნაცნობმა დაურეკა მამას, შენი მეუღლის ცხედარი ვიპოვეთ და ვუპატრონეთო."

ელგუჯა გაგნიძე: - "ისევ ჩეჩნები მოგვევლინნენ მშველელად. თამარის ცხედარი მათ უნახავთ და ერთი ოსის ბაღში დაუკრძალავთ. მერე ხეითში დარჩენილ ქართველებთან მისულან და უთქვამთ, ქართველი ქალის ცხედარი ვნახეთ, იქნებ ვინმე ეძებდეს, უთხარით მისი გვამის ადგილსამყოფელიო. სანამ არ დამირეკეს, ვერ ვიჯერებდი, რომ მართლა წამართვა ლიახვმა თამარი.

მას შემდეგ ხშირად ვფიქრობ, რომ  დიდი ცოდვის გამო დავისაჯე. 1968 წელს საბჭოთა ჯარში, გერმანიის ტერიტორიაზე ვმსახურობდი. როდესაც რუსეთმა ჩეხოსლოვაკიის ოკუპაცია დაიწყო, ჩვენი შენაერთი პრაღაში გადაისროლეს. დღემდე მახსოვს გამწარებული ადამიანები, რომელთაც არ სურდათ, შეჰგუებოდნენ მტრის რეჟიმს. რამდენიმე ათეული წლის შემდეგ მათი ბედი გავიზიარე, თანაც, უფრო მძიმედ. ისინი საკუთარ მიწაზე მაინც იყვნენ, მე კი დავკარგე იმედი, რომ იქ, სადაც დავიბადე და სადაც უნდა დავმარხულიყავი, ოდესმე ჩავალ. მე ვეღარ მოვესწრები ამას, მაგრამ იმედი მაქვს, რომ ჩემი შვილები მაინც დაბრუნდებიან."

თამარ ზაბახიძის ნეშტი მიმდინარე წლის 11 აპრილს გადმოასვენეს ცხინვალიდან. დნმ-ის ანალიზის მონაცემები სრულად დაემთხვა ერთმანეთს. ახლა მისი ოჯახის წევრები ამბობენ, რომ ამ ომმა არა მხოლოდ ცოცხლები, გარდაცვლილებიც დევნილებად აქცია.

ია გაგნიძე: "მიუხედავად იმისა, რომ ცხინვალიდან გვატყობინებდნენ, ჩვენი ოჯახის წევრივით ვუვლით თამარის საფლავსო, ვერ ვისვენებდით. ამიტომ ხშირად ვაწუხებდით წითელ ჯვარს, გაეროს, შსს-ს, საპატრიარქოს, ერგნეთშიც კი, თუ ოთხმხრივი და სხვა სახის შეხვედრა იმართებოდა, ჩემი ძმა მიდიოდა და დახმარებას ითხოვდა. სამწუხაროდ, თამარაშენში დაბრუნების იმედი არ გვაქვს, თორემ დავტოვებდით დედას ცხინვალში და მერე სოფელში გადავასვენებდით. ეს უიმედობა მხოლოდ ამ ომის და თამარაშენის მიწასთან გასწორების შედეგი არ არის. ოსების დიდ ნაწილს ვძულდით და აგრესიულად გვექცეოდა.

ომამდე ცოტა ხნით ადრე ცხინვალში ხილის გასაყიდად ჩასულ მოხუც კაცს ერთი ოსი მიუახლოვდა და ჰკითხა, აქ რატომ ხარო? ვაშლს ვყიდიო, მშვიდად უთქვამს კაცს. იმას აუღია ყუთი და მთელი ძალით ძირს დაუხეთქებია. ვაშლი რომ დაბნეულა, ნიშნის მოგებით უთქვამს, ახლაც გაყიდეო და სიცილით გასცლია. სამწუხაროდ, ასეთი რამ იშვიათად არ ხდებოდა. ბაზარში ქართულად ვერ დაილაპარაკებდი, აუცილებლად გამოჩნდებოდა ისეთი, ზიზღით რომ შემოგხედავდა და გეტყოდა, ეს ჩვენი ქალაქია და ჩვენს ენაზე ილაპარაკეო. თუმცა, ვერც იმათ დავუკარგავ სიკეთეს, შუღლი რომ არ სურდათ. დედაჩემის საფლავზეც ხომ ოსი ტიროდა, როდესაც ჩვენი ცრემლი ვერ სწვდებოდა ცხინვალს."