"საქართველოს ყველა მეგობრისთვის 5 ივლისის მოვლენები აბსოლუტურად შოკისმომგვრელი იყო" - კვირის პალიტრა

"საქართველოს ყველა მეგობრისთვის 5 ივლისის მოვლენები აბსოლუტურად შოკისმომგვრელი იყო"

ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, რან გიდორი, "ინტერპრესნიუსს" ექსკლუზიურ ინტერვიუში საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ და სოციალურ მოვლენებზე ესაუბრა. ასევე, ის შეეხო ისრაელისა და საქართველოს ბრძოლას კორონავირუსთან და სხვა ორი ქვეყნის ურთიერთთანამშრომლობას.

- ბატონო ელჩო, უპირველეს ყოვლისა, დავიწყოთ პოლიტიკური ნაწილით - "ქართულმა ოცნებამ" 19 აპრილის ხელშეკრულების ანულირება გადაწყვიტა. როგორ შეაფასებდით ამ გადაწყვეტილებას რამდენიმეთვიანი მოლაპარაკებებისა და პოლიტიკური კრიზისის, შემდეგ კი მიღწეული შეთანხმების შემდეგ?

- უპირველეს ყოვლისა, უნდა ვთქვა, რომ საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევას თუ რომელიმე პოლიტიკოსის კრიტიკას ჩემს საქმედ არ ვთვლი. საქართველომ გასული წლის ოქტომბრიდან, არჩევნების შემდეგ, ძალიან მშფოთვარე პერიოდი გაიარა. ბუნებრივია, რომ ადამიანებს შფოთვის განცდა აქვთ და ქვეყნის მომავალზე წუხან. თუმცა, საქართველოში, როგორც ელჩის მოადგილე, პირველად 1990 -იან წლებში გამომაგზავნეს, და ის უზარმაზარი პოლიტიკური გამოწვევები მახსოვს, რომელსაც ქვეყანა მაშინ აწყდებოდა. ქართველი ხალხი გამოირჩევა სიმტკიცითა და გამძლეობით, მთელი ისტორიის განმავლობაში მათ ყოველთვის უწევთ სხვადასხვა სახის კრიზისთან გამკლავება, ამას თავს ყოველ ჯერზე კარგად ართმევდნენ და ეჭვი არ მეპარება, რომ ამჯერადაც, საქართველო რეპუტაციას შეინარჩუნებს და ამ კრიზისს გადალახავს.

ამის ფონზე, ისრაელს, ისევე, როგორც საქართველოს ყველა სხვა მეგობარს, აქ სტაბილურობის დანახვა სურს, ისეთი სტაბილურობის, რომელიც დაეხმარება საქართველოს, დაძლიოს პანდემიით გამოწვეული კრიზისი და მიაღწიოს იმ კეთილდღეობას, რასაც ქართველი ხალხი იმსახურებს. ბოლოდროინდელი მოვლენები, რა თქმა უნდა, სტაბილურობას ხელს არ უწყობს და უნდა ვთქვა, რომ სამწუხაროდ, ბოლო თვეებში დავინახეთ ისრაელის ინვესტორებისა და ბიზნეს საზოგადოების სამართლიანი უკმაყოფილების მოცულობის მკვეთრი ზრდა, რაც საქართველოში ბიზნესის წარმოებას უფრო და უფრო აძნელებს. მოუთმენლად ველი საქართველოს ხელისუფლებასთან ერთად ამ სიტუაციის გამოსასწორებლად მუშაობას, რადგან მსურს, ისრაელიდან მეტი ბიზნესი და ინვესტიცია მოვიზიდო. არ ვისურვებდი ისეთი მდგომარეობა დადგეს, სადაც სხვა არჩევანი არ დამრჩება, გარდა იმისა, რომ ისრაელელი ინვესტორები გავაფრთხილო ამ ქვეყანაში ფულის დაბანდების რისკის შესახებ.

- ბოლო დროს საქართველოში განსაკუთრებული აგრესიაა ჟურნალისტების მიმართ. როგორ ფიქრობთ, რატომ ხდება ეს, როგორ უნდა ვებრძოლოთ ამას და თუ შეგიძლიათ, გაგვიზიაროთ ისრაელის გამოცდილება - როგორია საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფებისა და სახელმწიფოს ურთიერთობა მედიასთან?

- პრესის, ჟურნალისტიკის თავისუფლება ნებისმიერი დემოკრატიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ქვაკუთხედია. ამიტომ წარმოუდგენელია, რომ ჟურნალისტებს თავს ესხმოდნენ, ხელს უშლიდნენ ან აფერხებდნენ თავიანთი სამუშაოს შესრულებაში, ეს უბრალოდ, წარმოუდგენელია. საქართველოს ყველა მეგობრისთვის 5 ივლისის მოვლენები აბსოლუტურად შოკისმომგვრელი იყო. ამის ფონზე, უნდა გვახსოვდეს, რომ საქართველოს ძალიან აქტიური მედია და პრესის გარემო აქვს, გაცილებით აქტიური, ვიდრე ბევრ სხვა, უფრო ძველ დემოკრატიას.

სხვათა შორის, თავისუფლების ისეთი დონე, რომლითაც მედია საქართველოში სარგებლობს, მსოფლიოს ამ მონაკვეთში ბევრი სხვა ქვეყნისთვის შესაშურია. ამიტომაც, ეს ის აქტივია, რომელიც საქართველომ უნდა შეინარჩუნოს, რათა იმ თავისუფლებების სიმბოლო და საყრდენი გახდეს, რომლისკენაც სხვა ქვეყნებიც უნდა ისწრაფოდნენ. ისრაელის შესახებ მკითხეთ - ისრაელშიც ძალიან მძიმე, მშფოთვარე პოლიტიკური კრიზისი გავიარეთ, ბოლო ორი წლის განმავლობაში ორი არჩევნები ჩავატარეთ, რამაც საზოგადოებაში ბევრი უთანხმოება და მათ შორის, მისი პოლარიზებაც გამოიწვია. ისრაელში, ისევე, როგორც საქართველოსა და სხვა ქვეყნებში, საზოგადოებაში არიან ის ძალები, განსაკუთრებით უკიდურესი მემარჯვენეები, რომლებიც პრესას აკრიტიკებენ და ზოგჯერ ცდილობენ, მათ სამუშაოს შესრულებაში ხელი შეუშალონ.

ვფიქრობ, საბოლოო ჯამში, ისრაელში, ისევე, როგორც საქართველოსა და მსოფლიოს ნებისმიერ სხვა ქვეყანაში, ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, უპირველეს ყოვლისა ის, რომ უზრუნველყოს ჟურნალისტების დაცვა, მისცეს საშუალება, მათ თავიანთი საქმე აკეთონ, და მეორე, ხელისუფლებაზეა ასევე დამოკიდებული, აწარმოოს გამოძიება და დასაჯოს არა მხოლოდ ის აგრესორები, რომლებიც ჟურნალისტებს ფიზიკურად ესხმიან თავს, არამედ ადამიანები, რომლებიც ძალადობას ახალისებენ. ეს ჩვენი, როგორც დემოკრატიული საზოგადოების პასუხისმგებლობაა.

- როგორც ვიცით, ისრაელი არის ერთ-ერთი ქვეყანა, სადაც ლგბტქ თემის უფლებები ყველაზე მეტად არის დაცული. როგორ მიაღწიეთ ამ შედეგს, რა სარგებელი მოაქვს საზოგადოებისთვის ასეთ თანასწორობასა და ტოლერანტობას და რა მიდგომას ურჩევდით საქართველოს მთავრობას პრობლემასთან დაკავშირებით?

- მინდა ყველას შევახსენო, რომ თანასწორობის უფლება, ყველა სახის თანასწორობა და მრავალფეროვნება საქართველოს კონსტიტუციითაა განმტკიცებული. საქართველოსთვის არავის დაუძალებია, კონსტიტუცია შეეცვალა და დაცვის ეს გარანტია დაენერგა - ეს ქართველი ხალხის არჩევანი იყო და ამის გამო ძალიან ბედნიერები ვართ, რადგან ეს ნიშნავს, რომ საქართველო განათლებული ერების ოჯახის ნაწილია.

ისრაელშიც ეს ცვლილება, რაც თქვენ აღნიშნეთ, ანუ ის ფაქტი, რომ ლგბტქ ფართოდ არის მიღებული, ერთ ღამეში არ მომხდარა - ეს ხანგრძლივი პროცესი იყო, რომელიც 20 წელზე მეტი ხნის განმავლობაში გრძელდებოდა. დღესაც, ისრაელის საზოგადოების გარკვეულ ნაწილში, სეგმენტებში არიან მოსახლეობის ის წარმომადგენლები, რომელთაც ძალიან უჭირთ ლგბტ პირების ამგვარი თანასწორობის მიღება. ასე რომ, მშვენივრად მესმის, თუ მაინც რატომაა ეს რთული საქართველოსთვის, ახალგაზრდა ქვეყნისთვის, რომელმაც მხოლოდ 30 წლის წინ მოიპოვა დამოუკიდებლობა და რომელიც ასეთი რელიგიური და ტრადიციულია, რის გამოც ამ თანასწორობის მიღება ბევრს უჭირს.

თუმცა, უნდა გვახსოვდეს, რომ ადამიანის უფლებები უნივერსალურია და არ არის დაკავშირებული ადგილმდებარეობასთან თუ გეოგრაფიასთან - არ შეიძლება ითქვას, რომ მსოფლიოს ზოგიერთ ნაწილში ხალხი თანასწორია, ხოლო მსოფლიოს სხვა ნაწილებში ისინი თანასწორები არ არიან, რადგან ტრადიციები განსხვავებულია. საყოველთაო უფლებები და ადამიანის უფლებები ერთმანეთს უტოლდება. ისევე, როგორც ისრაელში ამ ცვლილებამდე მისვლას გარკვეული დრო დასჭირდა, მჯერა, რომ საქართველოშიც გარკვეული დრო დასჭირდება.

მკითხეთ, როგორ მივაღწიეთ ამას - ნაწილობრივ ამას საზოგადოებრივი ინფორმირებისა და საჯარო განათლების საშუალებით მივაღწიეთ - ამიტომაცაა "პრაიდი" ასე მნიშვნელოვანი; იმიტომ, რომ თუ ლგბტქ ადამიანებს შეუძლიათ, თავიანთი პრეფერენციები და ორიენტაცია მხოლოდ პირადად და ფარულად გამოხატონ, მაშინ ეს სრული თანასწორობა არ გამოდის. "პრაიდის" მთელი აზრი გარეთ გასვლა, სიამაყისა და თანასწორობის დემონსტრირება, საზოგადოებრივი აზრის განათლებაა - ასე მოხდა ისრაელში და გარკვეული პერიოდის შემდეგ, საზოგადოებრივი აზრი ამას შეეგუა. ახლა ჩვენ გვყავს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, რომელიც ღიად გეია, გვყავს ჯანდაცვის მინისტრი, რომელიც ღიად გეია, გვყავს ასეთი არმიის გენერლები და ელჩებიც კი. ისტორიის ეს მსვლელობა შეუქცევადია და დარწმუნებული ვარ, აქამდე ქართველი საზოგადოებაც ადრე თუ გვიან მივა. გააგრძელეთ კითხვა

იხილეთ ინტერვიუ: