"ეპიდსიტუაცია ძალიან სერიოზული და საყურადღებოა - ჯერჯერობით კლინიკური სექტორი უძლებს" - კვირის პალიტრა

"ეპიდსიტუაცია ძალიან სერიოზული და საყურადღებოა - ჯერჯერობით კლინიკური სექტორი უძლებს"

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური სიტუაცია სერიოზული და საყურადღებოა, თუმცა, შექმნილ ვითარებას, ჯანდაცვის სისტემა უძლებს.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, იმისთვის, რომ სახელმწიფომ კიდევ უფრო უკეთ მართოს პროცესი, მოსახლეობამ აუცილებელი რეკომენდაციები უნდა დაიცვას.

"ეპიდსიტუაცია ძალიან სერიოზული და საყურადღებოა, მაგრამ ჯერ არ არის საგანგაშო. იმის თქმის უფლებას, რომ საგანგაშო არ არის, გვაძლევს მხოლოდ ერთი ფაქტი, ჯერჯერობით, კლინიკური სექტორი უძლებს ამ დიდ გამოწვევას, რომლის წინაშეც არის. ძალიან სერიოზული დატვირთვაა და ჯერ პაციენტების კლინიკურ მომსახურებაში არ შექმნილა არანაირი პრობლემა და კრიზისი ისეთი, რომელიც გვაფიქრებინებდა იმას, რომ ჯანდაცვის სამინისტრო და კლინიკური ჯგუფი ვეღარ მართავს სიტუაციას. მიუხედავად პაციენტების ასეთი დიდი რაოდენობისა, კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ციფრია, რომელსაც ყურადღება არ ექცევა, ეს არის აქტიური კოვიდ ავადმყოფების რიცხვი. ესენი არიან კოვიდ ავადმყოფები, რომელსაც დიაგნოზი დაუდგინათ და ჯერ განკურნებულები არ არიან, ასეთი არის 31 500 დღეისთვის. პრაქტიკულად, მაქსიმალური რიცხვი, რაც საქართველოს როდესმე ჰქონია. ნოემბერ-დეკემბერში იყო 32 ათასი. ანუ, პრაქტიკულად ნოემბერ-დეკემბრის მაჩვენებელს გავუსწორდით და დიდი ალბათობით, კიდევ გაიზრდება", - განაცხადა ცერცვაძემ.

მისი შეფასებით, კორონავირუსის წინა ტალღებისგან განსხვავებით, ამჟამად სახელმწიფო და ჰოსპიტალური სექტორი გაცილებით უკეთ მართავს ეპიდსიტუაციას.

"მოდით, ნუ გამოვეკიდებით ცალკეულ შემთხვევებს, რომ სადღაც სასწრაფომ 20 წუთით ან ნახევარი საათით დააგვიანა. ასე, კოვიდამდეც იგვიანებდა სადღაც სასწრაფო ერთ და ორ შემთხვევაში. პაციენტთა უპრეცედენტოდ დიდი, პრაქტიკულად სარეკორდო ნაკადი იმართება წარმატებით, გართულებების გარეშე. ჩვენთან მკურნალობის ხარისხი ყოველთვის კარგი იყო, მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო და დღესაც კარგი რჩება. ზოგს ჰქონია, რომ ძალიან იოლია იმის გაკეთება, რაც გაკეთებულია. ერთი მადლობის სიტყვა არ წამოცდებათ, პირიქით ამბობენ, თითქოს გამადლიან, როგორ, ჩვენ არ ვართ პასუხისმგებელი კოვიდის გავრცელებაზე ან მის მართვაზე პასუხისმგებელი?! პასუხისმგებელი თქვენ ხართ და როგორც გინდათ ისე უნდა მიხედეთ და მოუარეთო.მართალია, სახელმწიფოა პასუხისმგებელი, სახელმწიფომ უნდა მართოს, მაგრამ მოსახლეობამ თუ არ დაუჯერა სახელმწიფოს რეკომენდაციებს, მითითებებს და მას არ დაეხმარა, მაშინ სიტუაციის მართვა შეუძლებელი გახდება",-განაცხადა ცერცვაძემ.