"აქციის მონაწილემ მითხრა, 26 მაისის ღამეს მტკვარში გადაყრით გვემუქრებოდნენო" - კვირის პალიტრა

"აქციის მონაწილემ მითხრა, 26 მაისის ღამეს მტკვარში გადაყრით გვემუქრებოდნენო"

"26 მაისს სისასტიკე ხალხის დასაშინებლად ჩაიდინეს"

"შიშის დათესვამ ნაყოფი გამოიღო, ხალხს უფრო გაუმძაფრდა უიმედობის განცდა"

26 მაისის სისხლიანი ღამის შემდგომ საზოგადოების აღშფოთება არ ცხრება, თუმცა ხალხის დიდი ნაწილი დაშინებულია, ამასთან, ადამიანის უფლებათა შემლახავ ძალიან ბევრ ფაქტზე დაზუსტებული ინფორმაცია არ ვრცელდება. ჯერ ისევ არ ვიცით, 26 მაისს გაუჩინარებულ მოქალაქეთაგან ყველა ცოცხალია თუ არა, რამდენი დაუბრუნდა ოჯახს და ა.შ. ინფორმაციის მოპოვებას ცდილობს ერთ-ერთი უფლებადამცველი, დაჩი ცაგურიაც, რომელიც "კვირის პალიტრას" ესაუბრა:

- 26 მაისს სისასტიკე ხალხის დასაშინებლად ჩაიდინეს, თორემ აქციის დაშლა წყლის ჭავლითაც შეიძლებოდა.

შიშის დათესვამ ნაყოფი ნამდვილად გამოიღო, ხალხს უფრო გაუმძაფრდა უიმედობის განცდა.

დიდი ზეწოლაა აქციის გარდაცვლილი მონაწილეების ოჯახების წევრებზე, რომლებიც შიშით ხმას ვერ იღებენ. არნახული სისასტიკე და ცინიზმი გამოიჩინეს ნიკა კვინტრაძის ოჯახთან. ხელფეხშეკრული ნიკა კვინტრაძე, რომელიც დაკავებული ჰყავდათ (რაც ფოტოზეც არის ასახული), როგორ აღმოჩნდა სახურავზე? ცინიზმია იმაზე ლაპარაკი, რომ თითქოს დენმა დაარტყა.

ნიკას შვილი პატიმარია. პირველად მას აცნობეს მამის გარდაცვალება და ოჯახში დაარეკვინეს. ეს ხომ არაადამიანური საქციელია?!

არაერთი აქციის მონაწილე, რომლებიც დაკავებული იყვნენ, შემდეგ სასაფლაოზე დაგდებული იპოვეს.

- როგორც ვიცი, ცდილობთ დაკარგულთა შესახებ ინფორმაციის მოპოვებას.

- ლაპარაკია 46 კაცზე. დარბევის შემდეგ ისინი შინ არ დაბრუნებულან. სად არ ეძებენ მათ ახლობლები. არ არსებობს სრულყოფილი მონაცემები და შესაძლებელია მათგან არაერთი დაღუპულიც არის.

ახლახან მტკვარში დამხრჩვალი კაცი იპოვეს, როგორც ამბობენ, აქციის მონაწილე იყო. თუმცა, ეს დასაზუსტებელია. სხვათა შორის, ერთ-ერთმა დაზარალებულმა (რომელიც სამმართველოში მიიყვანეს, 400 ლარით დააჯარიმეს და გამოუშვეს) მიამბო, ავტობუსი, სადაც ხელბორკილდადებულები ვისხედით, მტკვართან მიაყენეს, დაკავებულები გადმოგვიყვანეს და გვცემეს, თან უშვერად გვაგინებდნენ და გვემუქრებოდნენ, მტკვარში გადაგყრითო. როგორც ამბობენ, მცხეთაშიც უპოვიათ გვამი.

ძალზე საგანგაშო ინფორმაციას ვიღებთ სასწრაფო დახმარების ექიმებისგან, პროზექტურებიდან (ჩვენი წყაროების ვინაობას ვერ დავასახელებთ). ვვარაუდობ, რომ გარდაცვლილთა რაოდენობა ბევრად აღემატება ოფიციალურად გამოცხადებულს.

თუმცა ადამიანების გაუჩინარებაც არ არის ჩვენთვის სიახლე. შემიძლია საზოგადოებას გავახსენო 2008 წლის აგვისტოში გაუჩინარებული ცინდელიანი და ქარდავა. ისინი სწორედ მაშინ დაიკარგნენ, როდესაც საბრალო როინ შავაძე მოკლეს და მისი ცხედარი გზის პირას დააგდეს. ცინდელიანი მეტყევე იყო, ქარდავა - ჯარისკაცი. მათი ოჯახები შიშით ხმას ვერ იღებენ.

მოპოვებულ ინფორმაციას ყველა უფლებადამცველ საერთაშორისო ორგანიზაციას გავაცნობ, რათა 26 მაისის მოვლენები შეფასდეს როგორც ტერორისტული აქტი.

"საბოლოოდ ის იმარჯვებს, ვინც სისხლის ღვრის გარეშე იმარჯვებს"

კალდენორი