"ძალიან ბევრს დაადუმებენ ჯაშუშის იარლიყის მიკერების შიშით!.." - კვირის პალიტრა

"ძალიან ბევრს დაადუმებენ ჯაშუშის იარლიყის მიკერების შიშით!.."

2007 წელს კანონპროექტი "ლუსტრაციის შესახებ" პარლამენტში განსახილველად კახა კუკავამ შეიტანა, მაგრამ მას მხარი არ დაუჭირეს იმ მიზეზით, რომ ამის საჭიროება არ იდგა. 2009 წლის 1-ელ სექტემბერს ლუსტრაციის კანონის მიღების ინიციატივა ხელახლა წამოაყენა დეპუტატმა გია თორთლაძემ. რამდენიმე დღის წინ კი მესამე მოსმენით პარლამენტმა კანონპროექტი კანონად აქცია სხვა, უფრო შთამბეჭდავი სახელით - "თავისუფლების ქარტია".

თათული თოდუა, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია: - ყველაზე დიდი პრობლემა ის არის, რომ კომისია, რომელიც პასუხისმგებელი უნდა იყოს ლუსტრაციაზე, შინაგან საქმეთა სამინისტროში იქმნება. შინაგან საქმეთა მინისტრი განსაზღვრავს კომისიის საქმიანობის წესს, გადაწყვეტილების მიღების პროცედურას, გადაწყვეტილების სახეს, კომისიის შემადგენლობას და მათ შორის - კომისიის წევრთა რაოდენობასაც.

- კანონში ხომ წერია, რომ პარლამენტის ფრაქციებს ექნებათ კომისიაში თითო წევრის წარდგენის უფლება?

- ფრაქციებს თითო პირის წარდგენის უფლება ექნებათ, მაგრამ ეს არ არის იმის გარანტია, რომ მოხვდებიან კომისიაში. რომც მოხვდნენ, არ ვიცით, ექნება თუ არა მათ ხმას წონა, რადგან შინაგან საქმეთა მინისტრის გადაწყვეტილებით კომისიის წევრთა რაოდენობა შეიძლება ისე განისაზღვროს, როგორც მინისტრს მოუნდება. კანონი იმასაც კი არ ადგენს, რამდენი კაცისგან უნდა შედგეს კომისია. არადა, კანონპროექტის შესწავლისას აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების გამოცდილებით, ევროსაბჭოს რეკომენდაციებით მნიშვნელოვანია, უზრუნველყოფილ იქნეს იმ ორგანოს დამოუკიდებლობა და მიუკერძოებლობა, რომელიც პასუხისმგებელი იქნება ლუსტრაციაზე.

იმ პირებს, რომელთაც საბჭოთა კავშირის დროს ეჭირათ თანამდებობები, თანამშრომლობდნენ სპეცსამსახურებთან, ეკრძალებათ მაღალი თანამდებობების დაკავება. ასეთივე შეზღუდვა უწესდებათ იმ პირებს, რომლებსაც 1991 წლის 9 აპრილის შემდეგ ფარული კავშირი ჰქონდათ უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებთან. ეს ჩანაწერი ძალიან გაუგებარია. სისხლის სამართლის კოდექსში პირდაპირ წერია, რომ უცხო ქვეყნის სპეცსამსახურთან თანამშრომლობა ისჯება სისხლის სამართლის წესით, ამ დროს კი გაუგებარია, რატომ უნდა ვრცელდებოდეს ლუსტრაცია იმ პირებზე, რომლებიც სისხლის სამართლის დანაშაულებს სჩადიან.

- შეიძლება თუ არა კომისია იქცეს პოლიტიკური ზეწოლის მექანიზმად პოლიტიკურ ოპონენტებზე?

- არის საფრთხე, რომ სწორედ ასე მოხდეს. შინაგან საქმეთა მინისტრს დაქვემდებარებული კომისია დამოუკიდებელი ვერ იქნება.

გია ცაგარეიშვილი, იურისტი, პარლამენტარი: - თუ ლუსტრაციის კანონის მიღება გვინდოდა, ეს გასული საუკუნის 90-იან წლებში უნდა გაგვეკეთებინა. მაშინ ეს ხელისუფლებამ ვერ მოახერხა, ორი ათეული წელი დავკარგეთ და ახლა ამ კანონის მიღებას რა აზრი ჰქონდა? როცა აგენტურის გამოვლენაზეა საქმე, ხელში შესაბამისი დოკუმენტებიც უნდა გეჭიროს. საყოველთაოდ ცნობილია, რომ 1991-92 წლებში სამოქალაქო დაპირისპირებისას არქივი რუსეთში გაიტანეს.

თუკი არქივი აღარ არსებობს და მასალებზე ხელი არ მიგვიწვდება, მაშინ პირთა ლუსტრირება როგორ უნდა მოხერხდეს? რომელ ლუსტრაციაზეა ლაპარაკი, როცა ინფორმაცია და აგენტების სია არა გაქვს.

ვფიქრობ, ლუსტრაციის კანონი პოლიტიკურ ოპონენტებზე ზეწოლისთვის მიიღეს. ეს იქცევა კიდევ ერთ მძლავრ იარაღად ივანე მერაბიშვილის ხელში.

ფრაქციებს მხოლოდ კანდიდატების წარდგენის უფლება დაუტოვეს. თუ მერაბიშვილს რომელიმე არ მოეწონება, არ მიიღებს კომისიაში და მორჩა. დაწერს კომისიის დებულებას, გამართავს დახურულ სხდომებს და მიიღებს გადაწყვეტილებებს!

- კანონში მითითებულია ისიც, რომ ცრუინფორმაციის გავრცელებისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრება ცრუინფორმაციის გამავრცელებელს.

- ეს ჩანაწერი ფარსია. მერაბიშვილს ვინ დააკისრებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას, გია თორთლაძე? იმ პირმა, რომელსაც აგენტობაში ამხელენ, თავად უნდა დაამტკიცოს სასამართლოში, რომ აგენტი არ არის, რადგან კანონში არსად წერია, კომისიას ევალება, დაუმტკიცოს პირს აგენტობაო. წარმოიდგინეთ პოლიტიკოსი, რომელიც კენჭს იყრის. ამ დროს გამოდის მერაბიშვილის კონტროლირებადი კომისია და აცხადებს, რომ ეს პირი აგენტია. ხომ დამთავრდა მისი პოლიტიკური კარიერა?

- ხომ შეუძლია იჩივლოს?

- ქართული სასამართლო რაც არის, ხომ მოგეხსენებათ? ამიტომ ყველა ინსტანციის გავლის შემდგომ, რომელსაც აუცილებლად წააგებს, უნდა იჩივლოს სტრასბურგში, სადაც ასე ათი წლის მერე შეიძლება დაამტკიცოს, რომ თურმე აგენტი არ ყოფილა. ათი წლის მერე მის სიმართლეს ფასი ექნება? ძალიან კარგი კანონია პოლიტიკური ოპონენტების გზიდან ჩამოსაცილებლად.

გაძლევთ პირობას, ეს კანონი ძალიან დაამძიმებს ისედაც უმძიმეს მდგომარეობას. ხელისუფლებისათვის არასასურველი პირები შეიძლება პოლიტიკური შანტაჟის მსხვერპლი გახდნენ. ძალიან ბევრს დაადუმებენ ჯაშუშის იარლიყის მიკერების შიშით!..

P.S. ჩვენ ორი დღე ვცდილობდით დეპუტატ გია თორთლაძესთან დაკავშირებას, მაგრამ ამაოდ.

ფრაგმენტები თავისუფლების  ქარტიიდან

...სახელმწიფოს წინააღმდეგ დანაშაულებების პრევენციის მიზნით, ქვეყნის უსაფრთხოების და დემოკრატიული განვითარების უზრუნველსაყოფად, ყოფილი სსრკ-ის სპეციალური სამსახურების  საიდუმლო თანამშრომლების, ამ კანონით დადგენილი თანამდებობის პირების რეგისტრაციის, ნებაყოფლობითი აღიარებისა და რეესტრის წარმოების, ასევე საბჭოთა და ფაშისტური იდეოლოგიისა და პროპაგანდის აკრძალვის მიზნით და ამ კანონით განსაზღვრული სხვა მიზნებისათვის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში იქმნება კომისია. კომისიაში თითო წევრის წარდგენის უფლება აქვთ საქართველოს პარლამენტის ფრაქციებს.

კომისიის შემადგენლობა (გარდა საქართველოს პარლამენტის ფრაქციების მიერ წარდგენილი წევრებისა) და საქმიანობის წესი განისაზღვრება დებულებით, რომელსაც შეიმუშავებს და ამტკიცებს შინაგან საქმეთა სამინისტრო.

...კომისია საჯაროდ აცხადებს მხოლოდ იმ პირთა ვინაობას და მონაცემებს, რომლებიც საიდუმლოდ თანამშრომლობდნენ ან ფარულ კავშირში იყვნენ უცხო ქვეყნების სპეცსამსახურებთან, უკავიათ ამ კანონით აკრძალული თანამდებობა და ნებაყოფლობით არ განაცხადებენ უარს თანამდებობაზე კანონით დადგენილ  ვადაში. კომისია  გადაწყვეტილებებს იღებს დახურულ სხდომაზე, რომელზეც "ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით" დადგენილი წესით მოწვეული უნდა იყოს პირი, რომლის შესახებაც მიიღება გადაწყვეტილება.

...თანამდებობების დაკავების პრეტენდენტის შესახებ ინფორმაციის მისაღებად, თანამდებობის პირი ან ორგანო, რომელიც ახორციელებს დანიშვნას ამ კანონით დადგენილ თანამდებობებზე, ვალდებულია მიმართოს კომისიას და შეამოწმოს იმ პირთა მონაცემები, რომლებიც შეიძლება დაინიშნონ ამ კანონით დადგენილ თანამდებობებზე. თუ კომისია აცნობებს, რომ კანდიდატი არის პირი, რომელზეც ვრცელდება თანამდებობრივი შეზღუდვა, თანამდებობის პირი ან ორგანო უარს ამბობს ამ პირის თანამდებობაზე დანიშვნაზე. საარჩევნო ადმინისტრაცია ვალდებულია მიმართოს კომისიას და შეამოწმოს იმ პირთა მონაცემები, რომლებიც საარჩევნო კოდექსით დადგენილი წესით მიმართავენ მას კანდიდატად რეგისტრაციის მოთხოვნით.

თუ სახელმწიფო კომისია დაადგენს, რომ კანდიდატი არის პირი, რომელიც თანამშრომლობდა ყოფილი სსრკ-ის სპეცსამსახურებთან და წარმოადგენს სპეციალური სამსახურის საიდუმლო თანამშრომელს, საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ კანდიდატის რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემდგომ და მხოლოდ კანდიდატის მიერ კანდიდატურის არმოხსნის შემთხვევაში, კომისია აქვეყნებს კანდიდატზე არსებულ საიდუმლო მონაცემებს".