მოგზაურობა დროში, ანუ ამერიკიდან დანახული 26 მაისი - კვირის პალიტრა

მოგზაურობა დროში, ანუ ამერიკიდან დანახული 26 მაისი

26 მაისს ქართველი ჟურნალისტების ერთი ჯგუფი სასწავლო-გაცვლითი პროგრამის ფარგლებში ამერიკაში იმყოფებოდა. ერთ-ერთი მათგანი თავადაც გახლდით. ეს იყო მოგზაურობა არა მხოლოდ ქვეყნიდან ქვეყანაში, არამედ დროშიც, ამგვარი განცხადების მიზეზი საქართველოში განვითარებული მოვლენები, 26 მაისის სისხლიანი ღამე და ის საოცარი კონტრასტია, რაც ამერიკაში იგრძნობა.

"თქვენთვის, ე. ი. სახელმწიფო დეპარტამენტის მხარდაჭერით განხორციელებული პროგრამების მონაწილეთათვის, გვაქვს სპეციალური საიტი, სადაც შეგიძლიათ გამოაქვეყნოთ ნებისმიერი სახის ინფორმაცია, თუნდაც ჩვენი ლანძღვა-გინება", - გვითხრეს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში. ის იყო, თავისუფლებისა და ნანატრი დემოკრატიის სიომ დაგვიბერა, რომ საქართველოში დატრიალებულმა ამბებმა თავზარი დაგვცა! ხალხის დარბევა-დაღუპვამ და ჟურნალისტებზე ძალადობამ მოლოდინს გადააჭარბა.

არადა, ცოდვა გამხელილი სჯობს, წინადღეს ქართველმა ჟურნალისტებმა "ჰუმან რაითს ვოთჩის" ოფისში ჩვენი ქვეყანა უფრო  დემოკრატიული წარმოვაჩინეთ, ვიდრე სინამდვილეშია, ეტყობა, ქართულმა პატივმოყვარეობამ გვძლია და კითხვებს, უშლიან თუ არა ხელს ჟურნალისტებს მუშაობაში, გვაქვს თუ არა ფიზიკური ანგარიშსწორების ან თუნდაც სიცოცხლის ხელყოფის შიში, ოპტიმიზმით ვუპასუხეთ. არ გვიხსენებია, რომ საქართველოში მოხშირებულ აქციებზე ჟურნალისტისთვის ფიზიკური თუ სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენება უჩვეულო მოვლენა არ არის. ამ შეხვედრიდან რამდენიმე საათში თბილისში  აქციის დაშლა-დარბევის ამბავიც შევიტყვეთ და ისიც, რომ საინფორმაციო სააგენტო "ინტერპრესნიუსის" დაკარგულ ჟურნალისტს, მალხაზ ჭკადუას  ეძებდნენ.

27 მაისს "ნიუ-იორკ თაიმსის" რედაქციას ვეწვიეთ. გაზეთში უკვე გამოქვეყნებული იყო საქართველოს შესახებ სტატია, რომელიც რამდენიმემილიონიან მკითხველს როგორც ქართველ მოქალაქეთა დაღუპვას, ასევე ქართველ ჟურნალისტებზე ძალადობის ფაქტებს აცნობდა.

ვესტუმრეთ "ბლუმბერგ ნიუსის" ოფისსაც, სადაც ყოველ საათში სხვადასხვა ქვეყანაში არსებული საინვესტიციო გარემოს შესახებ ახალი ინფორმაცია ქვეყნდება. მათივე საიტზე საქართველოს შესახებ ინფორმაციის გახსნა მოვითხოვეთ და გავოცდით, როცა მხოლოდ ასეთი ნიუსი წავიკითხეთ: "გადადგეს პრეზიდენტი სააკაშვილი!"  - ითხოვენ აქციის მონაწილეები". ე. ი. იმ დროისთვის,  საქართველოში საინვესტიციო გარემოზე ცნობების მიწოდებაზე უფრო აქტუალური პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნა იყო.

KvirisPalitra.Geმ დაძაბულ წუთებში, როცა თავად არ ვიყავით მოვლენების ეპიცენტრში, ნამდვილად საინტერესო იყო გაეროში საქართველოს ელჩთან, კახა ლომაიასთან შეხვედრა.

მით უფრო, რომ ყველას ერთი კითხვა გვქონდა, - რას ფიქრობდა საქართველოში განვითარებულ მოვლენებზე. თუმც ბატონ კახას აშკარად ერჩივნა ჩვენთვის გაეროს მუშაობის სპეციფიკა გაეცნო. "ეს რა, ინტერვიუა? მგონი, არ გვჭირდება  ინტერვიუს ფორმატი", - შენიშნა საუბრის დასაწყისშივე, თუმცა ჟურნალისტებიც კერკეტი კაკლები აღმოვჩნდით.

ბატონი კახა გვესაუბრა გაეროს საქმიანობაზე, იმაზე, თუ  რა მნიშვნელობა აქვს საქართველოში ეკვადორის კულტურის დღეების ჩატარებას და გაეროს, როგორც პლატფორმის, გამოყენებას იმისთვის, რომ სხვადასხვა ქვეყანასთან დავამყაროთ ურთიერთობა, რათა ისინი "ჩრდილოელ მეგობარს" არ აჰყვნენ და აფხაზეთის დამოუკიდებლობა არ აღიარონ. ლომაიას საუბარი ქართველი მაღალჩინოსნების რიტორიკისგან ოდნავ განსხვავდებოდა, რუსეთის ხსენებას თითქოს ერიდებოდა კიდეც. "ალბათ, გაეროში რუსეთის ძაგება მაინცდამაინც კარგ ტონად არ ითვლება", - გავიფიქრე წამიერად. ელჩის მსუბუქი ირონიის მიუხედავად, ტერმინი "ჩრდილოელი მეზობლის" "ჩრდილოელი მეგობრით" ჩანაცვლებაც ყურს აშკარად მოხვდა.

შეხვედრას ჩვენი მასპინძლები, ჟურნალისტიკის საერთაშორისო ცენტრის თანამშრომლებიც ესწრებოდნენ. დიდი მცდელობის მიუხედავად, კახა ლომაიამ 26 მაისის მოვლენის შეფასებას გვერდი ვერ აუარა. იმითაც დავინტერესდით, მოჰყვებოდა თუ არა მომხდარს გაეროს უარყოფითი შეფასება არა მგონია... რამდენიმე კვირაა მადრიდში მიმდინარეობს ასეთივე აქციები, საბერძნეთშიც იყო შეტაკებები პოლიციელებსა და დემონსტრანტებს შორის, ბევრ  სხვა ქვეყანაშიც,  რასაც არ გამოუწვევია პოზიციების შეცვლა გაეროში...  ძალის გადამეტება არის კონკრეტული კვალიფიკაცია, არა მგონია, მე ან თქვენ გვქონდეს საშუალება, რამე დავადასტუროთ.

სხვის აზრს პატივი უნდა ვცეთ, მაგრამ არ უნდა მივიღოთ როგორც აქსიომა. მეც ვნახე კადრები, შეიძლება ზოგიერთ მომენტში რაღაც ეჭვი შეგეპაროს, ზოგიერთში - არა. ყველა სტანდარტი დაცული უნდა იყოს. ეს საჭიროა იმისთვის, რომ ადამიანს თუ ადამიანთა ჯგუფს მისცე გამოხატვის უფლება. აქციის ორგანიზატორებს ქალაქის ხელისუფლებამ შესთავაზა ალტერნატიული ადგილი, დრო, რაც იგნორირებულ იქნა. ორგანიზატორების მიზანი იყო ძალადობის პროვოცირება, რომლის თავიდან აცილებაც შეუძლებელი გახდა, - სამართალდამცავებს არჩევანი არ ჰქონდათ.

ვფიქრობ, ეს სერიოზული მსჯელობის საგანი  უნდა გახდეს. თუ კონკრეტული შემთხვევები იყო (ძალის გადამეტებას გულისხმობს. - ავტ.),  ესეც უნდა იქნეს განხილული. ამ შემთხვევაში აქციის ორგანიზატორებს მეტი პასუხისმგებლობა ეკისრებათ. მე არ ვამბობ, რომ რაც მოხდა, მიზანმიმართული იყო, მაგრამ ამ ყველაფერს მოჰყვა ადამიანის მსხვერპლი (ბატონ კახას არ უთქვამს ადამიანების მსხვერპლიო. - ავტ.). პოლიციასაც წინააღმდეგობა გაუწიეს. თქვენ გინახავთ ანალოგიური სურათი ბევრ სხვა ქვეყანაში. არ ვამბობ, იქ თუ მოხდა, ამიტომ ჩვენთანაც უნდა მოხდეს-მეთქი, მაგრამ როდესაც პოლიციელს დაარტყამ ჯოხს ან სხვაგვარად გაუწევ წინააღმდეგობას, არ უნდა ელოდე, რომ ხისტ პასუხს არ გაგცემს.

- გვახსოვს საფრანგეთის აქციები, სადაც მომიტინგეები მართლაც ძალიან აგრესიულები იყვნენ. მათ ხელკეტებით იგერიებდნენ პოლიციელები, მაგრამ არა ასე გამეტებით. ყოველ შემთხვევაში, სისხლის გუბეებში ჩამსხდარი ადამიანები არ გვინახავს, წაქცეულს არ სცემდნენ, გაქცეულს არ მისდევდნენ.

- ხელკეტის ჩარტყმას იმ პირისთვის, ვინც პოლიციელს წინააღმდეგობას უწევს, ყოველთვის დაინახავთ.

- რა შეფასებას აძლევთ იმას, რომ ჟურნალისტებიც აღმოჩნდნენ ძალადობის მსხვერპლი?

- გეთანხმებით, ჟურნალისტებთან ურთიერთობისას აუცილებლად უნდა იყოს დაცული საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტები. თუ არა და, საჭიროა ასეთი ფაქტების გამოძIიება. მაგრამ, საზოგადოდ, საზოგადოების სიმპათია უნდა იყოს მათ მხარეს, ვინც წესრიგი დაიცვა და არა იმათკენ, ვინც შეგნებულად მიტინგი კონფრონტაციისკენ წაიყვანა. არავის აქვს უფლება, ჩაშალოს ეროვნული დღისადმი მიძღვნილი აღლუმი.

"საერთაშორისო სამართლის მოთხოვნათა შესაბამისად, ძალის გამოყენება აუცილებელ მინიმუმამდე უნდა იქნეს დაყვანილი და შეესაბამებოდეს პროპორციულობის პრინციპს", - განაცხადა გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის სამმართველოს პრესსამსახურის ხელმძღვანელმა რუპერ კოლვილმა მოგვიანებით. გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისარიატის წარმომადგენელმა საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა, უზრუნველყოს დაკავებულებისათვის ადვოკატი და სამედიცინო დახმარების უფლება.

დასასრულ, მართალია, არავინ მიესალმება საქართველოში ძალადობრივი გზით ხელისუფლების ცვლილებას, მაგრამ ბევრ კითხვას ბადებს არჩევნების გზით ხელისუფლების შეცვლა. შეიძლება ითქვას, ეს არის ქართულ პოლიტიკაში ყველაზე სუსტი წერტილი. ამგვარი კითხვა, როგორც ჩანს, არაერთ საერთაშორისო ორგანიზაციასაც აქვს. ალბათ, Aამიტომაც იყო, რომ 27 მაისს "ფრიდომ ჰაუსის" ოფისში გვკითხეს:

"შეიძლება თუ არა საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ  მიხეილ სააკაშვილი გახდეს ქვეყნის პრემიერ-მინისტრი?" - სამწუხაროდ, იმ არცთუ მცირერიცხოვან ჟურნალისტთა შორის აღმოვჩნდი, რომელთაც თანხმობის ნიშნად ხელი ასწიეს. როგორც ჩანს, ამგვარი პროგნოზის მიზეზი "ფრიდომ ჰაუსისთვისაც" გასაგები იყო და განმარტება, რატომ ვფიქრობდით ასე, აღარავის უთხოვია.

(გაგრძელება შემდეგ ნომერში)