"თუ კადაფი ხარ, თქვი, შე უბედურო!" - კვირის პალიტრა

"თუ კადაფი ხარ, თქვი, შე უბედურო!"

"ტარიელისთვის მიშას რომ არ მიეცა ბრწყინვალების ორდენი, უფრო ბრწყინვალე იქნებოდა"

საშინელი ამბავი მოხდა. ხალხს ცემით ამოხადეს სული, ხელებშებორკილი მიცვალებულები დაყარეს სახურავებზე, ზოგიც ცოცხალ-მკვდარი სასაფლაოზე დააგდეს, - გვითხრა თბილისში დატრიალებული უბედურებით შეძრწუნებულმა ბატონმა ჯანსუღ ჩარკვიანმა: - დღეს ამ ქვეყანაში არავის არაფრის უფლება არ აქვს და არც სიტყვის თავისუფლება არსებობს. თუ კადაფი ხარ, თქვი, შე უბედურო! მაგრამ როდესაც სიტყვის თავისუფლებასა და დემოკრატიაზე დებ თავს, სად არის აქ დემოკრატია?!

წაკითხული მაქვს ჰიტლერის ნაწერები, სადაც აღნიშნავს, - ბედნიერად ვთვლი თავს, რომ ნაციონალური პარტიის წევრი ვარო. ესენი რომ ნაციონალურ პარტიას ქმნიდნენ, არ იცოდნენ, რომ ასეთივე ნაციონალური პარტია ჰქონდა ჰიტლერს და თვითონაც ფაშიზმამდე მივიდოდნენ? თავშეკავება ხომ უნდა ჰქონდეთ, მაგრამ ამათ ფეხებზე ჰკიდიათ ყველაფერი. ამ დარბევას ჩემი მეგობარი შალვა კვინტრაძე გადაჰყვა. შვილის სიკვდილის შესახებ რომ გაიგო, გული გაუსკდა. შალვა კვინტრაძის ოჯახში ნანახი მაქვს გოგი ოჩიაურის დაბადების დღეზე გადაღებული სურათი, რომელზეც ერთად არიან მიშა სააკაშვილი და შალვა კვინტრაძე.

თუ კაცი ხარ, ახლობელს შვილი არ უნდა მოუკლა და მერე მამაც არ უნდა გაასაღო... შალვა რაიკომის მდივანი იყო, არასოდეს ყოფილა დახვეწილი კომუნისტი. ქალაქის კოლორიტი, ვაჟკაცი კაცი, განათლებული და საყვარელი ადამიანი იყო. ბევრი მეგობარი ჰყავდა. მიშას უნდოდა, მისი მეგობარი ყოფილიყო და შალვასაც უარი არ უთქვამს. როგორ იფიქრებდა, რომ შვილს მოუკლავდა.

შალვას დაკრძალვისთვის რომ ჩამომესწრო და ამ ღირსეული კაცისთვის პატივი მიმეგო, ერთი დღით ადრე წამოვედი ისრაელიდან, სადაც მიწვეული ვიყავი.

საშინელი ამბები დამხვდა. რა ამბავია ამდენი დაკარგული? ეს ფაშიზმი, საშინელება და უბედურებაა. ამის ჩამდენს საკადრისი მიეზღვება. წარმოუდგენლად ცუდი ამბები, საშინელება ხდება ჩვენს ქვეყანაში.

ხალხი ვერ გამთლიანდა. გული მტკივა, რომ ქართველი კაცი მეთავისე გამოდგა. ოღონდ თვითონ ცუდი არაფერი მოუვიდეს და არის ჩუმად საწყალი. შვილი თუ მოუკვდა, მხოლოდ მაშინ მწარდება, სხვისი მკვდარი არ აღელვებს. რა არის ერის ასეთი დანაწევრება? ეს ჩვენი უბედურებაა და აღარ შემიძლია ასეთი რამის ყურება. ჩვენში ქართველი დაიკარგა და ეს კარგად იცის ამ ხელისუფლებამ.

- ითქვა, სპეცრაზმელებს აქციის დაშლაში 1.000-ლარიანი პრემიები დაურიგესო.

- მაგდენი არ ვიცი, მაგრამ 100-100 ლარიც რომ მიეცათ, გგონიათ, არ იზამდნენ იმას, რაც ქნეს?

- თქვენი ნათლულის, ნინო ბურჯანაძის საქციელზე რას იტყვით?

- ყოველთვის ვფიქრობდი, რომ ნინო ნიჭიერი და ჭკვიანი გოგო იყო, მაგრამ რა უნდოდა ამ ხელისუფლებასთან, ან რატომ არ წამოვიდა დროზე!A არ ვამბობ, რომ ნინო შეუმცდარი ქალია.

"სახალხო კრება" რომ შეიქმნა, გამიხარდებოდა, ნინო რომ განზე დამდგარიყო, მაშინ კრება მართლა სახალხო და  აპოლიტიკური იქნებოდა. რადგან ნინო ჩაერთო, როგორც ლიდერი, ამით სააკაშვილმა მოიგო. ესაა ნინოს დანაშაული, თორემ ხალხთან დანაშაული არ მიუძღვის.

ხალხი დაღუპვის პირასაა მისული. ერი უკვე გადაგვარდა და ამის გამო უნდა გამოსულიყო "სახალხო კრება". ასეთ კრებას ვენაცვალე ჯიგარში. მსოფლიოში ყველა ქვეყანა კარგადაა. ყველამ საერთო ენა გამონახა ერთმანეთთან,  რუსეთთან, ევროპასთან. ერთი ჩვენ ვართ რუსეთთან სამკვდრო-სასიცოცხლოდ გადაკიდებული. იმიტომ, რომ შემძრომები აღმოვჩნდით.

- ხალხის დარბევიდან რამდენიმე საათში პოეტმა ტარიელ ჭანტურიამ პრეზიდენტის ბრწყინვალების ორდენი მიიღო.

- მიშამ იცის, ვის რა მისცეს. ტარიელ ჭანტურია კარგი პოეტი და ნიჭიერი კაცია. როცა პრეზიდენტი ჯილდოს გაძლევს, არ გინდა უარი თქვა? ამაზე უარის თქმას მარტო გამბედაობა არ უნდა. ტარიელს შვილები ჰყავს და იფიქრა, არაფერი უბედურება მოსწიონო და გადაწყვიტა, - მივიღებ ამ ორდენსო.

თორემ რად სჭირდებოდა პრეზიდენტის ბრწყინვალების ორდენი, როდესაც რუსთაველის პრემიის ლაურეატია. სიმართლე გითხრათ, არ დამირეკავს და არ მიმილოცია, რადგან არაფერია მისალოცი მაგ საქმეში. ტარიელისთვის მიშას რომ არ მიეცა ბრწყინვალების ორდენი, უფრო ბრწყინვალე იქნებოდა, მაგრამ ხდება - კაცი უარს ვერ ამბობს რაღაცაზე. მე მიხარია, რომ არ მაქვს პრეზიდენტის ბრწყინვალების ორდენი, არ მგონია, ტარიელ ჭანტურიას უხაროდეს, ეს ორდენი რომ მისცეს.