”ეს იყო ბარბაროსობა, ჩაქოლვა, წამება, ჩაქვესკნელება” - კვირის პალიტრა

”ეს იყო ბარბაროსობა, ჩაქოლვა, წამება, ჩაქვესკნელება”

"ქართველი ხალხი შეიძლება მოატყუო, მაგრამ მისი დამონება შეუძლებელია. Aასეთი დარბევის მერე ხალხი დამონებული მაინც არ არის", - გვითხრა მსახიობმა ზაზა პაპუაშვილმა:

- რაც 26 მაისს რუსთაველზე ხდებოდა, იყო ბარბაროსობა, ჩაქოლვა, ჩამიწება და ჩაქვესკნელება. რაგინდ უკანონო იყოს მიტინგი, დავიჯერო, ისე მწირი გონება აქვს ხელისუფლებას, არ იცის, როგორ დაშალოს ისე, რომ ამდენი მსხვერპლი არ იყოს? მტერი შენი მიზეზით შემოგესია, ჯარი მიატოვე, გაიქეცი და ამ დამშეულ, უიარაღო ხალხს გამეტებით სცემე. ნურავინ იტყვის, იქ ვინმე შეიარაღებული იყოო. მე ქოლგა მეჭირა, რადგან  წვიმდა... Aარც ქვა ამიღია და არც ჯოხი, მაგრამ განა იმიტომ, რომ კარგი ბიჭი ვარ. ამ ხელისუფლებასთან საბრძოლველად ჯოხიც უნდა აიღო და ის, რაც ხელში მოგხვდება, მაგრამ ჩემი შინაგანი მდგომარეობა ვიღაცის გასანადგურებლად არ იყო მომართული. იქ ვიყავი, რადგან სხვანაირად არ შემეძლო. ტელევიზორში რომ მეყურებინა იმისთვის, რაც რუსთაველზე ხდებოდა, გული გამისკდებოდა.

მე მხოლოდ ერთი ტყვია მომხვდა ბეჭში. სპეცრაზმი გვერეკებოდა. ერთმანეთს ვეჯახებოდით, ჭყლეტა დაიწყო, ხალხი ვეღარ სუნთქავდა. მე და ჩემი ძმაკაცი ხელით ვიჭერდით ერთმანეთს, თორემ ღმერთმა იცის, სად გვისროდნენ. ამ დროს კინოთეატრ "რუსთაველის" მინა ჩაიმსხვრა. იცით, როგორი ცდუნება იყო, იქ შევსულიყავი? მაგრამ გონებამ მიკარნახა, იქაურობას უნდა გავცლოდი. მუზეუმისკენ წავედით,  მაგრამ იქიდან გამოგვდევნეს და ხალხის ტალღამ გაგვიტაცა. ისევ მუზეუმთან ვცადეთ ჩასვლა, მაგრამ გზები ავტობუსებით იყო ჩახერგილი, ფარიანები არ გვიშვებდნენ, ვიღაცები ქვემოდან ძვრებოდნენ, შორიახლოს კივილი ისმოდა, ალბათ, ხალხს ხოცავდნენ. სიკვდილი მომდევდა და ღმერთი გზას მინათებდა, სხვა ახსნა ჩემს გადარჩენას არა აქვს. Aარ მეგონა, თუ ჩემს ქვეყანაში ვიყავი. მეგონა, მტერი შემოგვესია, მაგრამ მტერი გასაქცევს მაინც დაგიტოვებს.

ქართველ ხალხს ბედნიერი ცხოვრება უნდა. რა გახდა ერთი კარგი, ადამიანური არჩევნები. არჩევნები ჩემთვის ის კულტურაა, საიდანაც იწყება სახელმწიფოს მშენებლობა და კანონიერება, მაგრამ ბოლო 22 წელიწადია სულ ოცნებით და იმედით ვიცხოვრეთ და ასი ნაბიჯით უკან წავედით.

ბოლშევიზმს გავურბოდით და პირდაპირ გამძვინვარებულ ბოლშევიზმში ვდურთეთ თავი. Aიმის ძახილი, ფასადები იღებება, ბათუმში პიაცა გვაქვს და გზები დავაგეო, არარაობაა, ვისთვის აშენებ, შენი ჯიში თუ გაწყვიტე, შე ოჯახქორო! ახალდაგებულ გზებზე დაყარე ბიჭები და დედა უტირე, დაამცირე და ყველაფერი აკადრე.

რა უნდოდათ ადამიანებს მუხათგვერდის სასაფლაოზე? რა უნდოდათ დახოცილ ადამიანებს სახურავებზე? ის, რაც ამ ხელისუფლებამ ჩაიდინა, შიშისაგან იყო. დღიდან ამათი მოსვლისა, ფაშისტურ რეჟიმს სულ აპროტესტებს ხალხი სიტყვით, კლიპით, ლექსით, მიტინგით, დარბევის ატანით, სისხლის დაღვრით. დიახ, ქართველებმა სისხლიც კი დავღვარეთ, ოღონდ გარეშე მტერთან კი არა, ამ პირსისხლიან, დაავადებულ ხელისუფლებასთან ბრძოლაში. ქვეყანას ორმა ომმა და ამდენი ახალგაზრდის დახოცვამ დაღი დაასვა. ამიტომ მოვიდნენ ეს ვირთხები, ეს ვითომ კაცები ქვეყნის სამართავად. ამიტომ ქრება ყველაფრის რწმენა, ყველაფერი ადამიანური,  ზნეობრივი.

- "სახალხო კრების" აქციისადმი მთელი ოპოზიცია არ ყოფილა სოლიდარული და, ალბათ, ამიტომ დადგა ასეთი შედეგი.

-  პოლიტიკოსებმა უნდა იცოდნენ, რომ ერთიანობის გარეშე ხელისუფლებას ვერ შეცვლიან. ხალხიც ამბობდა, გაერთიანდითო, მაგრამ ის კი არ უგულისხმია, ხელჩაკიდებულებმა იარეთ და ერთ პარტიაში გაერთიანდითო. ერთ საკითხში მაინც არ შეიძლება გაერთიანება? ეს უბედურება გაისტუმრეთ და მერე აგირჩევთ. ნუთუ  ძნელი გასაგებია ეს? პოლიტიკოსებს არა აქვთ შეგნება და მოსმენის კულტურა. ნუთუ ვერ ხედავენ, რა უბედურება სჭირს ქვეყანას? მაგრამ ისევ ტრადიციული ფორმულა მოქმედებს - ერთმანეთის დამარცხებით გახარება. ჩასაფრება, აი, იმან ახლა მიტინგი დაიწყო და ნახე, ცხვირი როგორ დაარტყას.

აი, ის მოლაპარაკებაზე წავიდა და ნახე, რა მოუვაო. მე, ამომრჩეველი გეკითხებით - რატომ ვერ მოიფიქრეთ ისეთი რამ, რაც გაგვაერთიანებს და ამ ბოროტებას ბოლოს მოუღებს? თუ თავგანწირვის უნარი არა გაქვს, პოლიტიკაში რა გინდა? ვინ არის ეს ხელისუფლება, გასაგებია, მაგრამ ჩვენ რა უნდა გავაკეთოთ, რომ უკეთესი მომავალი ვშვათ, როგორ მოვიპოვოთ ეს მომავალი? ამ კითხვებზე მინდა პასუხი და არ მაინტერესებს ეს გათახსირებული და ჯიბიდან გავარდნილი ადამიანები.

- აქციის დაშლიდან რამდენიმე საათში აღლუმზე ხელოვანები იდგნენ, რომელთაც პრეზიდენტის ბრწყინვალების ორდენი მიიღეს.

- ეს ჩვეულებრივი კონფორმიზმია.

ადრე ცეკასა და ტეკაში რომ მიძვრებოდა ზოგიერთი, ახლა ისევე იქცევიან Mმათი შვილები. ვინც ამბობდა, ალალი ლუკმა მირჩევნია ამათთან ქლესაობასო, მე მათი შთამომავალი ვარ. ან რა ამღერებდათ იმ აღლუმზე? ან რა ორდენია ასეთი, რომ მისი მიღებისთვის სინდისთან წახვიდე კომპრომისზე?

ეს ორდენი ხომ რაღაც ნაკეთობაა, რომელიც ერთ მშვენიერ დღეს კანალიზაციის მილში ჩავარდება? ღმერთმა ხელი მოგიმართოთ, მაგრამ არ დარჩებით ასე.

არ ვიცი, რატომ არის მსოფლიოსგან ასე წახალისებული, მხარდაჭერილი #1 ნაძირალა მმართველი, რომელმაც გაავერანა ქვეყანა, მაგრამ ვერ დააჩოქა.

საქართველო და ყრუ მსოფლიო - აი, ასეთია რეალობა. რით ვერ გავაგონეთ ვერავის ჩვენი ხმა. ქართველი კაცი იბრძვის და კიდევ იბრძოლებს. ამისთვის მე გულზე ვკოცნი ქართველ კაცს.

- ამბობთ, ქართველი ხალხი კიდევ იბრძAოლებსო, მაგრამ კახა ბენდუქიძემ განაცხადა, ის ხალხი, ვინც ამ აქციაზე იყო, მეორედ ასეთ რამეში მონაწილეობას აღარ მიიღებსო.

- დრო მოვა, ბენდუქიძეს ისე გალახავენ, პატრონი ვერ იცნობს. კიდევ ბევრს გალახავენ სამაგალითოდ, რადგან ძალიან გაამწარეს ხალხი. ასე რომ აღარ გაგრძელდეს, უნდა შედგეს ისეთი ერთობა, რომელსაც ერისა და ბერის ერთობა დაერქმევა. სოლიდარობის დარბაზი ან რაიმე სხვა მექანიზმი უნდა შევქმნათ, სადაც ქვეყნის ბედზე ზრუნვით გავერთიანდებით. ქვეყანას შველა უნდა და უნდა ვუშველოთ.