"ომით კი არა შრომით უნდა გავაკეთოთ ის, რასაც ვანგრევდით ჩხუბით, გინებით და ერთმანეთთან დაპირისპირებით" - კვირის პალიტრა

"ომით კი არა შრომით უნდა გავაკეთოთ ის, რასაც ვანგრევდით ჩხუბით, გინებით და ერთმანეთთან დაპირისპირებით"

ომით კი არა, შრომით უნდა გავაკეთოთ ის, რასაც ვანგრევდით ჩხუბით, გინებით და ერთმანეთთან დაპირისპირებით, - ამის შესახებ პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარემ გიორგი გახარიამ ხობში მოსახლეობასთან შეხვედრაზე განაცხადა, სადაც პარტიის წევრებთან ერთად რეგიონული ორგანიზაცია გახსნა და მოსახლეობას შეხვდა.

როგორც გიორგი გახარია აღნიშნავს, სახელმწიფო სახელწიფოს არ ჰგავს.

"პარტიას არ ვაკეთებთ იმისთვის, რომ ვინმეს ვებრძოლოთ, არავის წინააღმდეგ ამას არ ვაკეთებთ, ჩვენ ამას ვაკეთებთ მხოლოდ და მხოლოდ ამ ქვეყნის და ამ კუთხის წინ წასაწევად. ერთი რამ უნდა გვესმოდეს ყველას, ჩვენ თუ ძლიერი სახელმწიფო არ ავაშენეთ არაფერი არ გამოგვივა, ვერც ეკონომიკას ვერ განვავითარებთ, ვერც ჩვენს ტრადიციებს ვერ დავიცავთ და ვერაფერს ვერ გავაკეთებთ - ახლა სამწუხაროდ, რაც ხდება ერთმანეთის ლანძღვა-გინება, ეს ქაოსი, ეს ჩვეულებრივი ცირკი, სახელმწიფო სახელწიფოს არ ჰგავს - ეს ყველას გვაზიანებს და აზიანებს, რაც მთავარია ჩვენს ქვეყანას, ამიტომ წყნარად, მშვიდად, ყველანაირი ჩხუბის, დავი-დარაბის გარეშე, როგორც ჩვენ შეგვეფერება, როგორც ქართველებს შეგვეფერება, როგორც ამ კუთხის შვილებს შეგვეფერება - დასახულ მიზნამდე უნდა მივიდეთ ისე, რომ ჩვენი ეროვნულობა გვახსოვდეს ყოველთვის, გვახსოვდეს საიდან მოვდივართ, გვახსოვდეს საქართველომ დამოუკიდებლობა როდის მოიპოვა, რანაირად დაიბრუნა, ვინ იყო მაშინ ამ საქმის სათავეში, როგორ დაიწყო მაშინ ძლიერი სახელმწიფოს მშენებლობა და რა მოხდა. ერთხელ შეცდომა დავუშვით არჩეული პრეზიდენტი ჩამოვაგდეთ და მერე 30 წელი გავიდა და ვერ შევძელით ნორმალური ქვეყნის აშენება. უნდა მივხვდეთ და ომით კი არა, შრომით უნდა გავაკეთოთ, ის რასაც ვანგრევდით ჩხუბით, გინებით და ერთმანეთთან დაპირისპირებით",- აღნიშნა გახარიამ.

პარტიის ლიდერმა მოსახლეობასთან შეხვედრაზე აღნიშნა, რომ წყნარად, მშვიდად, ღირსებით, კეთილსინდისიერებით და პროფესიონალიზმით უნდა გაძლიერდეს ხობის მუნიციპალიტეტი, სამეგრელო და მთლიანად ქვეყანა.

" ჩვენ არსად გვეჩქარება. ვინც რა არ უნდა გვეძახოს და როგორც არ უნდა გაგვლანძღოს, ჩვენ იმხელა მიზანი გვაქვს, რომ ეს მიზანი ღირს ყველაფრად და ყველაფრის მოთმენა შეიძლება. ამას ყველაფერს მოვითმენთ. გზას მივცემთ ახალგაზრდებს, რომლებიც არიან რაც მთავარია ღირსებით, კეთილსინდისიერებით და პროფესიონალიზმით. არ შეიძლება ქვეყნის და სახელმწიფოს მშენებლობა უღირსი საქციელით. არ შეიძლება, რომ ქვეყანას და სახელწიფოს აშენებდნენ კორუფციონერები. არ შეიძლება, რომ ქვეყანას და სახელმწიფოს აშენებდნენ არაპროფესიონალები",- აღნიშნავს გახარია.