"გახარია რომ ართმევს "ქართულ ოცნებას" ხმებს, ეს რეალობაა, მაგრამ ის ართმევს, ასევე, ოპოზიციასაც ხმებს, რადგან საზოგადოების დიდ ნაწილს აგრესია მობეზრდა" - კვირის პალიტრა

"გახარია რომ ართმევს "ქართულ ოცნებას" ხმებს, ეს რეალობაა, მაგრამ ის ართმევს, ასევე, ოპოზიციასაც ხმებს, რადგან საზოგადოების დიდ ნაწილს აგრესია მობეზრდა"

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის IRI-ის კვლევის შედეგები 2 აგვისტოს გამოქვეყნდა და ამ კვლევით, დღეს რომ არჩევნები იყოს, ყველაზე მეტი მხარდამჭერი სამ პარტიას ექნებოდა. პარტიების რეიტინგები ასეთია: "ქართული ოცნება" - 26%; "ნაციონალური მოძრაობა" - 14%; "საქართველოსთვის" (გიორგი გახარიას პარტია) - 9%; ლეიბორისტული პარტია - 3%; დანარჩენი პარტიების უმრავლესობას 2 და 1 პროცენტი აქვს.

ასევე, გამოქვეყნდა პიროვნებების რეიტინგები და კვლევის თანახმად, როგორც ყოველთვის, გამოკითხულთა უმრავლესობას, 88 პროცენტს საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს. მოწონების რეიტინგით მეორე ადგილს, 58 პროცენტით იკავებს თბილისის მერი კახა კალაძე, ხოლო მესამე ადგილს იკავებს ყოფილი პრემიერი გიორგი გახარია, პარტია "საქართველოსთვის" ლიდერი. გახარიას გამოკითხული რესპონდენტების 56 პროცენტი უჭერს მხარს. მომდევნო, მეოთხე ადგილზეა მოქმედი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, რომელიც გამოკითხული რესპონდენტების 40 პროცენტს მოსწონს. მეხუთე ადგილზეა 39 პროცენტით "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, ნიკა მელია. ამ კვლევებზე უკვე გააკეთეს შეფასებები პოლიტიკოსებმა და როგორც მმართველი გუნდის ლიდერები, ასევე, ოპოზიციონერი ლიდერები ამბობენ, რომ გამოქვეყნებულ კვლევებს არ ენდობიან. ამ საკითხზე შეფასებები ვთხოვეთ ექსპერტებსაც.

მამუკა არეშიძე:

- ქართულ პოლიტიკაში ასეა, როცა რეიტინგები ქვეყნდება, ვისაც აწყობს ეს შედეგები, ისინი ამბობენ, რომ ეს არის რეალობა, ვისაც არ აწყობს, ამბობს, რომ ხელოვნურად შექმნილი რეიტინგებია. ჩვენ გვქონდა, ასევე, არაერთი შემთხვევა ჩვენი პოლიტიკის უახლეს ისტორიაში, როცა "აირაის" და, საერთოდ, ნებისმიერი ასეთი ტიპის ორგანიზაციების კვლევა რეალობას აცდენილი იყო. რაც შეხება ახალი კვლევის შედეგებს, ეს სამი პოლიტიკური ძალა რომ ლიდერობს, ვფიქრობ, ამას თავისი გამართლება აქვს. ასე ვთქვათ, დღეს საზოგადოება გზის გასაყარზეა. ერთი მხრივ, კრიტიკულად უყურებს ხელისუფლების ნაბიჯებს, მეორე მხრივ კი, მძიმე დამოკიდებულება აქვს ოპოზიციის, კერძოდ, "ნაციონალური მოძრაობის" მიმართ და გარკვეული იმედები გაუჩნდა გიორგი გახარიას პოლიტიკური ძალის მიმართ, თუმცა ეს იმედებიც ორჭოფულია. ერთი შეხედვით, მართლა შეიძლება გამოხატავდეს ეს შედეგები საზოგადოების დამოკიდებულებას და ლოგიკურად ასე იყოს. ჩვენც გვაქვს საშუალება გარკვეული კვლევები ჩავატაროთ და ისიც ვიცით, რომ საზოგადოების უზარმაზარი ნაწილი ზოგადად პოლიტიკის მიმართ ნიჰილისტურადაა განწყობილი. ოპოზიციურ ძალებში მე ვერ ვხედავ, ასეთი განსხვავება იყოს პირველ ოპოზიციურ ძალასა და მეორე ოპოზიციურ ძალას შორის. ყველანაირ კვლევაში "ნაციონალური მოძრაობა" დგას მეორე ადგილზე და დანარჩენი ოპოზიცია - ძალიან უკან. ჩემთვის ეს ციფრებია არარეალისტური.

- ცნობილია, 2 ოქტომბერს იქნება არჩევნები და ამ შედეგებიდან გამომდინარე, რას იტყვით, ვის აქვს შანსები და როგორ უნდა იბრძოლოს? - ოპოზიციის დიდმა ნაწილმა თავისი რესურსი ამოწურა იმიტომ, რომ მოქმედების არასწორი გზა აირჩია. არასწორი გზა, რომელიც აბსოლუტურად მიუღებელი და გამაღიზიანებელი იყო საზოგადოების დიდი ნაწილისთვის. მათი დიდი ნაწილისთვისაც კი მიუღებელია ოპოზიციის ტაქტიკა, ვინც აბსოლუტურად დაკავებულია "ქართული ოცნების" კრიტიკით. მუდმივი დაძაბულობის შექმნა, ქვეყანაში სტრესული ვითარების ხელშეწყობა და მუდმივი აგრესიაა. აგრესია პოლიტიკაში ყოველთვის მოიტანს უკუ შედეგს და ეს უკუ შედეგი მოიტანა ოპოზიციური ძალების მიმართ. განსაკუთრებით მათ მიმართ, ვინც მოქცეულია "ნაცმოძრაობის" ფრთის ქვეშ. ბევრი ოპოზიციური ძალა, რომელიც დისტანცირებას ცდილობდა "ნაცმოძრაობიდან", დღეს იძულებულია, მაინც "ნაციონალების" დღის წესრიგით იმოქმედოს. ვინ როგორ უნდა მოიქცეს, ეს თვითონ უნდა გადაწყვიტონ. გახარია რომ ართმევს "ქართულ ოცნებას" ხმებს, ეს რეალობაა, მაგრამ გახარია ართმევს, ასევე, ოპოზიციასაც ხმებს, იმიტომ, რომ საზოგადოების დიდ ნაწილს აგრესია მობეზრდა.

- გახარია თუ დაასახელებს კანდიდატს, აქვს შანსები ამ არჩევნებში? - გადამწყვეტი შანსები იმის, რომ არჩევნებში გაიმარჯვოს, არა აქვს. გახარიას მთავარი მინუსი მდგომარეობს მის გარკვეულ ნაბიჯებში, რომელიც ამ დროის განმავლობაში გადადგა. არ მინდა ამაზე ვისაუბრო. გარდა ამისა, მას არა აქვს განსხვავებული პოლიტიკური ნარატივი, ანუ ისეთი ტიპის მიდგომა, რომელიც აბსოლუტურად განსხვავებული იქნება იმისგან, რაც გაუგია აქამდე პოლიტელიტას და ამომრჩეველს.

ვახტანგ ძაბირაძე: - ჩემთვის მაინცდამაინც მოულოდნელი არ იყო ეს შედეგები. ჯერ საარჩევნო კამპანია დაწყებული არ არის და, როგორც წესი, როცა ამ პერიოდში ტარდება კვლევები, ყოველთვის დაახლოებით ასეთია რეიტინგი, დაახლოებით 15-25 პროცენტში თამაშობს. სიახლე ეს არ ყოფილა. მე ველოდები საარჩევნო კამპანიის შემდეგ, რომ ეს პროცენტები შეიცვლება სადღაც 20-25 პროცენტის ფარგლებში. ისევ აიწევს "ნაციონალური მოძრაობის" რეიტინგი და ქვეყნის მასშტაბით, ალბათ, იქნება 20-25 პროცენტი, დაახლოებით, 40 პროცენტის ფარგლებში იქნება "ქართული ოცნება". რაც ჩემთვის მოულოდნელი იყო და საინტერესო, ეს არის გახარიას პარტიის რეიტინგი. მის რეიტინგს 5 პროცენტის ფარგლებში ველოდი, ძალიან კარგია, რომ 9 პროცენტია, მისი პროცენტული მაჩვენებელი, ალბათ, კიდევ მოიმატებს და ეს ნიშნავს იმას, რომ სწორი მუშაობის შედეგად შეიძლება გაჩნდეს რაღაც ბაზა იმისა, რომ პოლიტიკურ ველზე ალტერნატიული ჯგუფი ჩამოყალიბდეს. რაც შეეხება პირად რეიტინგებს, პატრიარქზე არ ვლაპარაკობ, მას წლებია, ყველაზე მაღალი რეიტინგი უჭირავს, როგორც ერის მწყემსი, ყოველთვის ყველაზე რეიტინგულია, ახლა შეიცვალა ვითარება და თუ ადრე გახარია იყო მეორე ადგილზე, ახლა ის კალაძემ ჩაანაცვლა.

- დიდია გიორგი გახარიას რეიტინგი. ჩვენთან ინტერვიუში არაერთხელ გითქვამთ, რომ ის "ქართული ოცნების" ამომრჩევლის ხმებს წაიღებს. როგორ ფიქრობთ, ის ჩამოყალიბდება, როგორც მესამე ძალა? - ეს ჯერ სათუოა. ვხედავთ, მისი პერსონლური რეიტინგი არის 56 პროცენტი. დიდი შუალედია პარტიის რეიტინგთან. პარტიული რეიტინგი სხვაა და პირადი სხვა. უბრალოდ, მას რომ აქვს რეიტინგი, ეს ნიშნავს აქვს პოტენციალი, ოღონდ ამ პოტენციალს სწორი გამოყენება უნდა. გამოკითხულთა საკმაოდ დიდი, 70 პროცენტი ამბობს, რომ მიესალმებოდა მესამე ძალის გამოჩენას, ამის მოლოდინი არის საზოგადოებაში, მაგრამ რამდენად არის ეს მიბმული გახარიასთან და რამდენად შეძლებს ამ მოლოდინში საკუთარი პერსპექტივა წარმოაჩინოს, ეს ცოტა პრობლემატურია. მახსოვს მისი განცხადებები. მას აქვს ასეთი განცდა, რომ "ქართულ ოცნებას" ტოვებენ ბიუროკრატიის წარმომადგენლები და ამბობს, ისინი აპირებენ ჩვენთან შეერთებასო. თუ გახარია ამ მიმართულებით ცდილობს პარტიის რეიტინგი გაზარდოს, მაშინ, რა თქმა უნდა, არანაირ მესამე ძალის შექმნაზე არ იქნება ლაპარაკი. ჩვენი რეალობიდან გამომდინარე, სახელმწიფო სტრუქტურები მშვენივრად გადადიან ერთიდან მეორეში და მეორედან მესამეში. ადამიანები კარგავენ თანამდებობას და ეძებენ ახალ შესაძლებლობს ახალი თანამდებობის დასაკავებლად. სამწუხაროდ, ეს დიდი პოტენციალი ნამდვილად არ არის. მუშაობა უნდა ელექტორალურ მხარეს და არა - გადმობირებას "ქართული ოცნებიდან" ნებისმიერი ჩინოვნიკის.

- შეფასებებიც მოვისმინეთ. ყველა ამბობს, რომ არ ემხრობიან ამ რეიტინგს...

- ზუსტად რამდენად სწორად არის პროცენტები დაწერილი, ამაზე ვერ ვისაუბრებ. მე ვუყურებ იმ ტენდენციებს, რამდენად სწორად ასახავს, რაც არის რეალურად ქვეყანაში. დიახ, სწორად ასახავს ამ ტენდენციებს. ჩემი ანალიზით, შუა პარტიების რეიტინგი დაცემულია იმის გამო, რაც გააკეთეს. მესამე ძალის მოლოდინი რომ არის, ამაზეც არაერთხელ გვილაპარაკია. ისიც ფაქტია, "ქართულ ოცნებას" და "ნაციონალებს" შორის ასეთი შუალედი მუდმივად არის. მესამე ადგილზე პრეტენზია ჰქონდა "ევროპულ საქართველოს" და საკმაოდ წარმატებული იყო, მაგრამ იმდენი შეცდომა დაუშვეს, რომ ვხედავთ, საერთოდ არ აქვთ რეიტინგი. "ევროპული საქართველო" ლამის რადარებიდან გამქრალია დღეს, ეს არის რეალობა. "ნაციონალებს" მუდმივად აქვთ მეორე ადგილი. 5 პროცენტი რომ ჰქონდათ და ერთ პროცენტამდე დაუვიდათ, იმ წვრილ პარტიებს ისინი ამას ვინმეს თუ აბრალებენ, ჩათვალეთ, რომ საერთოდ გაქრებიან პოლიტიკური სივრციდან. ფაქტია, შეცდომები დაუშვეს და ამიტომ ამომრჩეველი დაკარგეს. მათი ამომრჩეველი, ძირითადად, ის იყო, ვისაც არც "ქართული ოცნება" უნდოდა და არც "ნაციონალური მოძრაობა". ამომრჩეველს არ ევალება ყველა ნიუანსში ერკვეოდეს. ცხადია ნახეს, რომ ესენი არიან ერთად, ერთად გეგმავენ რაღაცას, "ნაციონალურ მოძრაობასთან" ერთად ატარებენ ბრიფინგს. გავიგე, რომ სურდათ ბოიკოტის რეჟიმში ყოფილიყვნენ, მაგრამ ხომ შეიძლებოდა, ცალკე დაფიქსირებულიყვნენ და არა - "ნაცმოძრაობასთან", ცალკე ვერ დაფიქსირდნენ და, შესაბამისად, დაკარგეს ამომრჩეველი.

რაც შეეხება კალაძის რეიტინგს. თვით "ნაცმოძრობასაც" კი, სანამ მელიას საკითხი იდგა, კითხვის ნიშნის ქვეშ არ დაუყენებია მისი რეიტინგი. ყველაზე დიდი შეცდომა იყო მელიას დასახელება მერობის კანდიდატად, რადგან ყველაზე რეიტინგული ლიდერი მიაბეს დედაქალაქს. "ნაციონალებს" უჭირდათ იმის თქმა, რომ კალაძე არ არის ფავორიტი, კალაძე ფავორიტი იყო და დარჩა. გახარია თუ შემოვა თავისი კანდიდატით, ყველაზე დიდი, შეიძლება გადაიყვანოს მეორე ტურში, თუმცა არ მგონია, გახარიას ფლანგზე ისეთი ვინმე გამოჩნდეს, რომელიც მელიას მოუგებს ამ არჩევნებზე. ვფიქრობ, მეორე ტური იქნება მელიასა და კალაძეს შორის და გაიმარჯვებს კალაძე. გამარჯვებით ვერ გაიმარჯვებს გახარიას კანდიდატი. გახარიას ამოცანა უნდა იყოს, იბრძოლოს იმისთვის, რომ 2-ციფრიანი პროცენტი დააფიქსიროს არჩევნებზე და ელექტორალული ბაზა შექმნას, რომ 2024 წლის არჩევნებისთვის იყოს კარგი პარტია.

(სპეციალურად საიტისთვის)