"რაღაცის შენებას დავიწყებთ, მოვა ახალი - დაანგრევს, ასე არ გამოვა - ცირკში როდის იყო ვინმეს რამე აუშენებია, ვერ ააშენებ"
04-08-2021
"რაღაცის შენებას დავიწყებთ, მოვა ახალი - დაანგრევს, ასე არ გამოვა - ცირკში როდის იყო ვინმეს რამე აუშენებია, ვერ ააშენებ"
"30 წელი ერთ წრეზე დავდივართ. რაღაცის შენებას დავიწყებთ, მოვა ახალი - დაანგრევს, რაღაცის შენებას დავიწყებთ, მოვა კიდევ ვიღაც სხვა - დაანგრევს, ასე არ გამოვა", - ამის შესახებ პარტია "საქართველოსთვის" ლიდერმა გიორგი გახარიამ წალენჯიხაში მხარდამჭერებთან შეხვედრისას განაცხადა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" პარტიიდან აცნობეს, გიორგი გახარია რეგიონებში ოფისების გახსნას და მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს. დღეს გახარიამ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ქალაქ ჯვარშიც გახსნა რეგიონული ორგანიზაცია და მხარდამჭერებს შეხვდა.

"ჩვენ ისეთ დღეში ვართ, ქვეყანას, როგორც სახელმწიფოს, მხარდაჭერა და
გაძლიერება სჭირდება. ჩვენ, ახლა რასაც ვუყურებთ, თუ დროზე საქმეს ხელი არ მოვკიდეთ და ამ ქვეყნიდან ძლიერი სახელმწიფო არ შევქმენით... 30 წელი ერთ წრეზე დავდივართ. რაღაც შენებას დავიწყებთ, მოვა ახალი - დაანგრევს, რაღაცის შენებას დავიწყებთ, მოვა კიდევ ვიღაცა სხვა - დაანგრევს, არ გამოვა, ასე. ასე, უბრალოდ,
ჩვენს თავს ვიზიანებთ და ჩვენი ბავშვების მომავალს ვაზიანებთ", - მიმართა გახარიამ მხარდამჭერებს.

გიორგი გახარიამ ხაზი გაუსვა, რომ ხელისუფლების ანგარიშვალდებულებისთვის და ეფექტურობისთვის თავად მოსახლეობის მხრიდან მოთხოვნა აუცილებელია.

"ღირსება, კეთილსინდისიერება და პროფესიონალიზმი - ამის იქით სხვა არჩევანი და სხვა გამოსავალი არ არის. ასე ვგეგმავთ და ამ გზას მივუყვებით. ყოველთვის, აქამდე რაც გვითქვამს, ის გაგვიკეთებია წყნარად, მშვიდად - ჯერ მუნიციპალური არჩევნები, მერე საპარლამენტო არჩევნები და საბოლოოდ თავი უნდა დავადგათ ამ ქვეყნისგან ნორმალური სახელმწიფოს შექმნას, ეს არის ჩვენი მიზანი. ვისაც ჩვენი სჯერა და ვინც გვენდობა, ისინი გვერდით დაგვიდგებიან, ვინც არა, ისინი თავის გზას დაადგებიან. არავის არ ვაძალებთ, უბრალოდ, ყველას უნდა გვესმოდეს, რა არის პასუხისმგებლობა ამ ქვეყანაში. პასუხისმგებლობა თითოეული ჩვენგანის არის", - ამბობს გახარია.

მისი თქმით, ახალი პარტია ორიენტირებულია არა დაპირებების გაცემაზე, არამედ მათ შესრულებაზე და მის გუნდს საქმის კეთების გამოცდილება აქვს.

"ამ ქვეყანაში თუ ვინმე პოლიტიკაში ყოფილა ხალხს უკვე ყველა დაპირება მისცა და ყველაფერი უკვე დაპირებულია. ჩვენ საქმის ხალხი ვართ, საქმე მიკეთებია ყოველთვის. პირველ რიგში, რაც უნდა გავაკეთოთ - ძლიერი სახელმწიფო უნდა შევქმნათ, რომელმაც მერე უნდა იზრუნოს გლეხზეც, კულტურაზეც, აფხაზეთზეც უნდა იზრუნოს და ყველაფერზე. ეს არის ჩვენი მიზანი. ამის გაკეთება გვინდა და ვაკეთებთ ისე, რომ ერთმანეთი კი არ ვლანძღოთ და ცირკი კი არ მოვაწყოთ, ახლა რაც ხდება, არამედ, ღირსეულად, კეთილსინდისიერად და პროფესიონალების მხარდაჭერით სადღაც მივიდეთ."- ამბობს გახარია.

პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარემ პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან წასვლის მიზეზზეც ისაუბრა.

"ბევრს ლეგიტიმური კითხვა ექნება, რომ იქ არ იყავიო და გაგეკეთებინაო... რაც შესაძლებელი იყო და სადამდეც შესაძლებელი იყო, მანამდე ვაკეთებდი, სადაც შეუძლებელი გახდა, კი წამოვედი," - ამბობს გახარია.

"პატარაა ეს ქვეყანა და შესაძლებელია ეს ყველაფერი. უბრალოდ ამას სჭირდება ღირსება, კეთილსინდისიერება და პროფესიონალიზმი და არა ომი, ჩხუბი და ლანძღვა - შრომა სჭირდება. ამ ცირკში როდის იყო ვინმეს რამე აუშენებია, ვერ ააშენებ. ამიტომ, ჩვენ მოწოდებული ვარ ახლა მაქსიმალურად მოვახდინოთ ძალების მობილიზება ჯერ მუნიციპალურ არჩევნებში, შემდგომ საპარლამენტო არჩევნებში. და უბრალოდ ვანახოთ ყველას რას ნიშნავს კეთილსინდისიერად ემსახურო ქვეყანას, ხალხს და სახელმწიფოს და ეს ჩვენ გაგვიკეთებია და შეგვიძლია და გავაკეთებთ კიდევაც", - განაცხადა გახარიამ.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
მიდიხართ თუ არა 2 ოქტომბერს არჩევნებზე?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
მიდიხართ თუ არა 2 ოქტომბერს არჩევნებზე?
თვის კითხვადი სტატიები